იაპონური დიზაინის პრინციპებით შთაგონებული Japan House მდებარეობს სიდნეის ჩრდილოეთ სანაპიროზე. ეს არის დახვეწილი სტრუქტურა, რომელიც ბუნებრივ მასალებს, შუქს და ლანდშაფტს ოსტატურად აერთიანებს.
კლიენტებმა მიმართეს Sandbox Studio-ს, რადგან მათ სურდათ გაეზარდათ საკუთარი საცხოვრებლის მასშტაბები და კეთილმოწყობა. იმავდროულად, ისინი სახლის გასათბობად და გასაგრილებლად პასიური დიზაინის პრინციპებს ეყრდნობოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ აშკარა გამოსავალი მეორე სართულის დაშენება იყო, Sandbox Studio-მ ჩათვალა, რომ უმჯობესი იქნებოდა უკანა სივრცის გაფართოება.
სახლის მფლობელების ძლიერი კავშირი იაპონიასთან გახდა მამოძრავებელი გავლენა დიზაინზე, რომელიც ტრადიციულ იაპონურ პრინციპებს თანამედროვე ხელით გარდაქმნის. დანამატი სივრცე ძველ სახლთან დაკავშირებულია პატარა შიდა აუზის და გენკანის საშუალებით. მოხდენილი პროპორციები ახალ არქიტექტურას საშუალებას აძლევს, რომ ქუჩის პეიზაჟს ვიზუალურად ჩამოშორდეს, რაც ახალგაზრდა ოჯახისთვის განცალკევებული სივრცის შექმნას უწყობს ხელს.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი სამზარეულო, სასადილო ოთახი, კაბინეტი, აბაზანა და ტატამის ოთახი მოკრძალებულ მოცულობებს იკავებს, უხილავი და გამტარი ზედაპირები სართულის გეგმას მოქნილობას ანიჭებს და მასშტაბის შეგრძნებას აძლიერებს. ტატამის ოთახის იაპონური სრიალა კარები საშუალებას იძლევა, რომ მათი დახურვის შემთხვევაში მივიღოთ კერძო მოსასვენებელი სივრცე ან სასტუმრო ოთახი, ხოლო კარების გაღებისას საცხოვრებელი სივრცე გაფართოვდეს.
მდგრადი დიზაინის ძირითადი დებულებების შესაბამისად, Japan House ეფექტურად ამცირებს ნახშირბადის გამოყოფას. დახრილი სახურავი სახლს ჩრდილოეთის მზის შუქით ავსებს. დახრილი ჭერი, ხარისხიანი იზოლაცია, ორმაგი მინის ფანჯრები და კარები ქმნის ეფექტურ თერმულ დაცვას, ხოლო დიდი ფანჯრები და ჭერის ვენტილატორი ცხელ ამინდში გაგრილების საშუალებას წარმოადგენს. სახლის ცენტრში არსებული პატარა აუზი ფუნქციონალური ფანჯრებით, ბუნებრივ ვენტილაციას უზრუნველყოფს და სახლს ჯვარედინი ნიავის საშუალებით აგრილებს.
მოპირკეთებისთვის გამოყენებულ კედარს სითბოს შეგრძნება შემოაქვს და შავი ფოლადის ჩარჩოებთან შესანიშნავ კონტრასტს ქმნის.
მშენებელი, რომელიც კლიენტების იაპონურ ტრადიციებს იზიარებს, დეტალებზე საგულდაგულოდ იყო ორიენტირებული და სწორედ ამის შედეგია ავთენტური, მაღალი ხარისხის დიზაინი. Japan House, რომელიც ჰარმონიულად აბალანსებს ბუნებრივ შუქს, ვენტილაციას და იდენტობაზე ორიენტირებული დიზაინის მგრძნობელობას, მზარდი ოჯახის კეთილდღეობას ამაღლებს. ეს არის სივრცე, რომელიც მაცხოვრებლებს ერთმანეთთან აკავშირებს და მათ განტვირთვისთვის საჭირო ატმოსფეროთი უზრუნველყოფს.
რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”