in

როგორ გავხადოთ პატარა მისაღები ოთახი უფრო დიდი და კომფორტული

ინტერიერში მნიშვნელოვანია არა კვადრატული მეტრების რაოდენობა, არამედ არსებული სივრცის სწორად განკარგვა. პატარა მისაღები ოთახიც კი კომფორტული, პრაქტიკული და ლამაზი იქნება, თუ არსებულ სივრცეს მაქსიმალურად გამოიყენებთ.

  1. უარი თქვით დივანზე

ჩვენ შეჩვეულები ვართ, რომ დივანი მისაღები ოთახის მთავარი გმირი და სიმძიმის ცენტრია, მაგრამ პრაქტიკაში ეს ყოველთვის და ყველასთვის საჭირო არ არის. ხანდახან პატარა მისაღები ოთახის დიდი ზომის ავეჯით გადატვირთვის ნაცვლად, უფრო კომპაქტური ალტერნატივების გამოყენება სჯობს: მაგალითად, კომფორტული პატარა სავარძლების წყვილი ან დივანი ორი ადამიანისთვის. ოთახი კვლავინდებურად მყუდრო იქნება, მაგრამ გაცილებით მეტი თავისუფალი სივრცე გექნებათ. პატარა მაგიდა ფინჯანი ყავისთვის ან ჟურნალისთვის, ასევე, სანათი მთლიანი სურათის შევსებაში დაგეხმარებათ.

  1. აქცენტი მაღლა გადაიტანეთ

ერთ-ერთი მარტივი გზა ოთახის იმაზე დიდად გამოსაჩენად, ვიდრე სინამდვილეშია, არის კედლების სიმაღლის გამოყენება. კარნიზები უფრო მაღლა მოათავსეთ – გრძელი, ჭერიდან იატაკამდე დაშვებული ფარდები ოთახის სიმაღლესა და ფანჯრების ზომას ვიზუალურად გაზრდის. პლაკატები, ფოტოები და ნახატები დაკიდეთ თვალების დონეზე მაღლა. იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ კედლის თაროებთან დაკავშირებითაც. ასეთი აქცენტები თვალებს მყისიერად ზევით მიმართავს, რაც ოთახს უფრო დიდსა და ფართოს გამოაჩენს.

  1. დაამატეთ შუქი

განათება ნებისმიერ ინტერიერში დიდ როლს თამაშობს, მაგრამ პატარა სივრცეში ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. ზედმეტად სქელი ფარდებისგან თავის არიდებით ოთახში ბუნებრივი შუქი შემოუშვით და სივრცეში განათების საინტერესო მოწყობილობებიც დაამატეთ. პატარა მისაღებში უმჯობესია გამოიყენოთ სხვადასხვა ტიპის განათება: ჩვეულებრივი ჭაღის გარდა, კუთხეში მაგიდის სანათი ან ტორშერი განათავსეთ, მაგიდის ზემოთ პატარა საკიდი განათება დაამონტაჟეთ. მრავალფეროვანი განათება მისაღებ ოთახს უფრო პრაქტიკულს ხდის – აქ მოსახერხებელი იქნება როგორც საყვარელ ადამიანებთან შეკრება, ასევე, განმარტოება და წიგნის კითხვა. გარდა ამისა, ეს ხერხი ოთახში სიღრმის ეფექტს შექმნის და მას დამატებით კომფორტს შესძენს.

  1. შეარჩიეთ სწორი ხალიჩა

პატარა სივრცეში დიდ ავეჯს უნდა მოერიდოთ, რათა სივრცე არ გადაიტვირთოს, მაგრამ ხალიჩის შემთხვევაში საპირისპირო მიდგომის გამოყენება სჯობს. დიდი ხალიჩა, რომელიც ოთახს ავსებს, ბევრად უფრო ფართო მისაღები ოთახის შთაბეჭდილებას შექმნის, ხოლო პატარა ხალიჩას ინტერიერში „დაკარგვის“ საფრთხე ემუქრება.

  1. გამოიყენეთ მოძრავი ავეჯი

ცვლილებისთვის მზადყოფნა პატარა მისაღები ოთახისთვის დიდი პლუსია. რაც უფრო მოქნილი იქნება ეს სივრცე, მით უფრო მეტი სიამოვნებით და სიხშირით გამოიყენებთ მას. შეარჩიეთ ნივთები, რომლებიც ოთახში მარტივად გადაადგილდება: მაგიდები გორგოლაჭებზე, მსუბუქი სკამები, პატარა პუფები, მოდულური სავარძლები. ასევე, შესანიშნავი იქნება მრავალფუნქციური ნივთების გამოყენება.

  1. აითვისეთ ვერტიკალური სივრცე

პატარა მისაღებ ოთახში თითოეული სანტიმეტრი უნდა დაზოგოთ, კედლების ფართობის ჩათვლით. შეგიძლიათ ნივთების შესანახად ვერტიკალური სივრცე აითვისოთ: მოაწყვეთ თაროები, გამოიყენეთ არასტანდარტული კარადები. ასევე, შეგიძლიათ ტელევიზორი კედელზე დაკიდოთ. პატარა ოთახებში ვერტიკალური სივრცის გამოყენება სივრცეს ათავისუფლებს და ოთახს ვიზუალურად უფრო ფართოს ხდის.

  1. გამოიყენეთ ერთიანი ფერთა გამა

ერთიანი ფერთა გამა, რომელიც პატარა მისაღებ ოთახში კედლებისთვის, ავეჯისთვის და ქსოვილებისთვის გამოიყენება, სივრცეს ვიზუალურად აფართოებს. ამ დროს, კონტრასტის ნაკლებობის გამო ოთახის საზღვრებს ნაკლებად ვაცნობიერებთ. ასეთ შემთხვევაში საუკეთესოა ღია ფერები, ამიტომ კონცენტრირდით თეთრ, კრემისფერ და ნაცრისფერ ტონებზე, რათა სივრცე უფრო მსუბუქი და ჰაეროვანი გახდეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოთახებისთვის, რომლებშიც ბუნებრივი სინათლის ნაკლებობაა.

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

ჭრებალოს მარანი – DODO Designs-ის მიერ გაცოცხლებული ისტორია რაჭაში

ტური საუცხოო კალიფორნიულ სახლში – Kovac Design Studio-ს პროექტი