ოსკარ ნიმეიერი
ოსკარ ნიმეიერი – დიდი არქიტექტურის ოსტატი, მთელი ქალაქის ავტორი (ბრაზილია, ქვეყნის დედაქალაქი) ავეჯსაც აპროექტებდა. იგი ინტერიერს კომპლექსურად ხედავდა და ღიზიანდებოდა, როდესაც ავეჯი მის არქიტექტურულ გადაწყვეტებს ეწინააღმდეგებოდა.
ნიმეიერს არ მოსწონდა სწორი ხაზები და ქმნიდა ავეჯს გამარტივებული ფორმებით. დიზაინერის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი გახდა შეზლონგი Rio (1978 წელი). მისი საფუძველი არის რთული სტრუქტურა, რომელიც მოხრილი ხისგან არის დამზადებული. დასაჯდომი ადგილი ლერწმისგან არის ნაქსოვი და აქვს ტყავის რეგულირებადი ბალიში.
1970-იან წლებში ნიმეიერმა ათზე მეტი მოდელი შექმნა. მისი ქალიშვილი – ანა-მარია კი თანაავტორი იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ ნიმეიერის ნამუშევრებზე საავტორო უფლებები სწორედ მან მოიპოვა.
სერხიო როდრიგესი
სერხიო როდრიგესმა მოღვაწეობა დაიწყო, როგორც ინტერიერის დიზაინერმა. თავისი პროექტებისთვის მან, როგორც ხშირად ხდება, თავად დაიწყო ავეჯის გამოგონება. როდრიგესის მემკვიდრეობა არის ათასზე მეტი ნივთი ინტერიერისთვის, რომელიც მან რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში შექმნა. დიზაინერმა ავეჯის დიზაინი 1950-იან წლებში დაიწყო და 2014 წელს მის გარდაცვალებამდე კოლექციას ახალ ნივთებს რეგულარულად ამატებდა.
როდრიგესი მოხერხებულობას ეყრდნობოდა. მისი ავეჯი მრავალმხრივი და ფუნქციონალურია. 1999 წელს ბრაზილიურმა კომპანიამ – LinBrazil-მა დიზაინერის ავეჯის ხელახლა გამოშვების უფლება მიიღო და მას შემდეგ ლეგენდარულმა სავარძლებმა და დივნებმა ნახევარი მსოფლიო მოიარა.
ხოაკინ ტენრეირო
ხოაკინ ტენრეიროს ავეჯი აუქციონებზე მუდმივად რეკორდებს ამყარებს. ხოაკინი წარმოშობით პორტუგალიიდანაა და იგი ბრაზილიაში 1940-იან წლებში დასახლდა. იგი ავეჯს შეკვეთით ამზადებდა და შეიმუშავა საკუთარი მოდელები, რომელთაგან ბევრი ისტორიაში შევიდა. მაგალითად, ეგზოტიკური ხისგან და მინისგან დამზადებული სასადილო მაგიდა – Organic (1954), რომლის ფორმაც მთის ტბას მოგაგონებს.
დიზაინერი თვლიდა, რომ ავეჯმა სიმსუბუქის შთაბეჭდილება უნდა დატოვოს. ტენრეირო ხის ადგილობრივ ჯიშებს იყენებდა (ჯაკარანდა, იმბუია და სხვა), რადგან მიიჩნევდა, რომ ბრაზილიური ავეჯი ბრაზილიური ხისგან უნდა მზადდებოდეს. დიზაინერის შემოქმედებითი მანიფესტი გახდა სკამი Três Pés, რომელიც ერთდროულად სამი სახის ადგილობრივი ხისგან მზადდებოდა. სიცოცხლის ბოლო წლებში ტენრეირომ ამპლუა შეიცვალა და სამხატვრო სტუდია გახსნა.
ლინა ბო ბარდი
ლინა ბო ბარდი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქალ არქიტექტორთაგან, რომელმაც თავისი ადგილი მამაკაც მოდერნისტებს შორის დაიმკვიდრა. ინტერიერის პირველი მოდელები მან შექმნა სან პაულოში მდებარე საკუთარი სახლისთვის, სადაც ის და მისი მეუღლე 1940-იან წლებში იტალიიდან ემიგრაციის შემდეგ გადავიდნენ. ბო ბარდის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი იყო სავარძელი Bola (1951). მამრობითი სქესის კოლეგების ნამუშევრებთან შედარებით, ის უფრო დეკორატიულია. 2014 წელს Arper-მა ბო ბარდის კიდევ ერთი ცნობილი სავარძლის – Bowl-ის ხელახალი სერია გამოუშვა.
რიკარდო ფასანელო
რიკარდო ფასანელოს, ოქროს ბიჭუნას მდიდარი ოჯახიდან, სურდა მრბოლელი გამხდარიყო. 14 წლის ასაკში ის იახტებს აპროექტებდა, მაგრამ საბოლოოდ ავეჯის დიზაინერი გახდა და საავტომობილო დიზაინის ტექნიკის ავეჯის დიზაინში გამოყენება დაიწყო. ფასანელომ დიდება 1970-იან წლებში მოიპოვა, როდესაც მის მიერ ტყავის რამდენიმე რულონისგან შექმნილმა სავარძელმა მსოფლიოს ყველა გამოფენა შემოიარა და არაერთი ჯილდო დაიმსახურა.
ფასანელოს ყველაზე ცნობილი ნამუშევარია ბურთის ფორმის სავარძელი Esfera. მოდელის კონტურები სარბოლო მანქანას – ბოლიდს მოგაგონებთ. დიზაინერი 1993 წელს გარდაიცვალა, მაგრამ სტუდია Atelier Ricardo Fasanello მისი ორიგინალი მოდელების წარმოებას აგრძელებს.
ხოსე ზანინ კალდასი
ხოზე ზანინ კალდასი – IKEI-ის ბრაზილიური ანალოგის ავტორი, ბიუჯეტურ ავეჯს შრეებიანი ფიცრისგან ამზადებდა. დიზაინერმა ინტერიერის ნივთების ხელმისაწვდომ ფასად მიწოდება გადაწყვიტა. შემდგომში კალდასი ბუნებრივ ხეზე გადავიდა და ხის მორებისგან დაიწყო ავეჯის დამზადება.
თავისი პროდუქციის საზოგადოებისთვის წარდგენით დიზაინერი იმედოვნებდა, რომ საზოგადოების ყურადღებას ტყეების მასიური გაჩეხის პრობლემაზე გაამახვილებდა. ახლა მის პროდუქტებს ლათინური ამერიკის ცნობილ გალერეებში, კერძოდ Mercad Modermo-ში შეხვდებით. კალდასის მოდელების ნახვა პარიზის Chastel-Maréchal გალერეაშიც არის შესაძლებელი.