in

ტური ბრაის დალას ჰოვარდის ლოს-ანჯელესურ სახლში

Banner M2
Banner M2

ვეტერანი მსახიობისა და რეჟისორის – ბრაის დალას ჰოვარდის თქმით, მას და მის მეუღლეს – მსახიობ სეთ გაბელს გონებაში ერთი კონკრეტული ადგილი უტრიალებდათ მაშინ, როდესაც წარმოიდგენდნენ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მათი ახალი სახლი. „ჩვენ ერთხელ მია ფეროუსთან სტუმრობის შანსი მოგვეცა და ეს ყველაზე ჯადოსნური ადგილი იყო. მისი სახლი სავსეა ისტორიებითა და ძვირფასი მოგონებებით მისი ლეგენდარული ცხოვრების შესახებ. როდესაც მე და სეთმა ეს ადგილი დავტოვეთ, ვიფიქრეთ, რომ სწორედ ეს არის ის, რისკენაც ჩვენ ვისწრაფვით“ – ამბობს ჰოვარდი ფეროუს ფერმის შესახებ, რომელიც კონექტიკუტში მდებარეობს.

რა თქმა უნდა, ჰოვარდისთვის ასეთი ცხოვრება უცხო არ არის. როგორც აკადემიის ჯილდოს მფლობელი რეჟისორის, რონ ჰოვარდის ქალიშვილს და თავად ბავშვობიდანვე მსახიობს, კარგად ესმის, თუ რა არის ჰოლივუდური ცხოვრება. სწორედ ამიტომ აირჩია მან სახლის დიზაინის დროს უფრო პერსონალური მიდგომა. ამ მისიის შესასრულებლად მან ოჯახის მეგობარს – კლერ თომასს მოუხმო. „ის არის კრეატიული ადამიანი, რომელსაც აქვს იდეები და მათ წარმატებით ახორციელებს“ – ამბობს ჰოვარდი. გარდა ინტერიერის დიზაინერისა, თომასი წარმატებული კომერციული კინორეჟისორი და ლოს-ანჯელესის Sweet Laurel Bakery-ის თანამფლობელია.

„მე და ბრაისი ძველი ჰოლივუდური ამბის თხრობით გატაცებას ვიზიარებთ. ასე რომ, როდესაც ეს პროექტი დავიწყე, სახლის მაცხოვრებლები აღვიქვი პერსონაჟებად გადასაღებ მოედანზე. ვინაიდან მათ დიდი ხანია ვიცნობ, პიროვნებების ინტერპრეტაცია ძალიან სახალისო იყო“ – ამბობს თომასი კინემატოგრაფიით შთაგონებული მიდგომის აღწერისას.

პროექტის შემუშავებისას, ჰოვარდმა და თომასმა ერთობლივად უწოდეს თავიანთ მუშაობის სტილს „ორგანული გლამური“, რაც ძველი ჰოლივუდური გავლენის, ვინტაჟისა და კალიფორნიული ატმოსფეროს მხიარულ ნაზავს წარმოადგენს. „თავიდანვე ვიცოდით, რომ სახლის ძირითადი ფერების პალიტრა ვარდისფერი და მწვანე იქნებოდა. ხუმრობით მუდამ აღვნიშნავ, რომ ინტერიერში ისეთ ფერებს ვიყენებენ, რომლის ფონზეც წითურები კარგად გამოიყურებიან. მეც წითური ვარ, ისევე როგორც ბრაისი, ასე რომ, ამ შემთხვევაში ეს არჩევანი იდეალურად მუშაობს.“

სასადილო ოთახში თომასის გადაწყვეტები შესანიშნავად წარმოაჩენს ჰოვარდისა და გაბელის საერთო ინტერესს კინოსადმი. „ბრაისი მას მიაძაკის ოთახს უწოდებს“ ­– განმარტავს ის და ცნობილ იაპონელ ანიმატორზე – ჰაიაო მიაძაკიზე მიგვითითებს. მინიშნებები ფილმებზე ამით არ მთავრდება. თომასმა დიზაინში ვარსკვლავური ომებისა და ვარსკვლავური გზის ელემენტები ჩართო. ჰოვარდი და გაბელი ამ ფილმების დიდი გულშემატკივრები არიან.

გარდა ამისა, სახლში ბევრი სენტიმენტალური ობიექტი და სიმბოლოა. მაგალითად, ტიტები – წყვილს ერთმანეთი ამსტერდამში შეუყვარდა. ასევე, პატარა ტილო, რომელიც თომასმა ჰოვარდის 40 წლის დაბადების დღის აღსანიშნავად შექმნა. ამ ტილოზე ამოქარგულია წყვილისთვის შვილების მიერ შერქმეული მეტსახელები. „ეს ნამდვილ ძვირფასეულობის ყუთს ჰგავს“ – ხუმრობს ჰოვარდი.

ჩაშენებული თუ ცალკე მდგომი მაცივარი – რომელი ვარიანტი ჯობია?

10 საკულტო სკამი, რომელთა შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ