სრული რენოვაციისა და არსებული შენობისთვის ახალი ნაწილის დამატების პროცესი მარტივი ამოცანა არ არის და ეს კიდევ უფრო რთულია, თუ მთელი ამ დროის განმავლობაში კლიენტები შენობაში ცხოვრობენ და მშენებლობის პროცესს ზედამხედველობენ. ეს ზუსტად ის არის, რაც ავსტრალიაში, მელბურნის დასავლეთ გარეუბანში – ბრუნვიკში წყვილმა გააკეთა, რათა თავიანთი იდეალური საოჯახო სახლი გაეცოცხლებინა. კლიენტებმა, რომელთაგან ერთ-ერთი მართავს ადგილობრივ სამშენებლო კომპანიას სახელად Character Built, ითანამშრომლეს DOOD Studio-სთან, რათა მათი ჩაბნელებული სახლი სინათლით აევსოთ.
„ეს იყო ვნებით აღსავსე პროექტი და საბოლოო შედეგი კლიენტების თავდადების გამო ბევრად უფრო მშვენიერია“ – ამბობს DOOD Studio-ს დირექტორი – ენდრიუ სტეპლტონი.
მეპატრონეებმა სახლი 2017 წელს იყიდეს და გეგმავდნენ მასში ცხოვრებას მანამ, სანამ რენოვაციისა და გაფართოების სამუშაოებს ჩაატარებდნენ. ათწლეულების განმავლობაში სტრუქტურა არაერთხელ გადაკეთდა და სტეპლტონი მას აღწერს, როგორც კლასიკური მელბურნის გარეუბნის ნაზავს ხმელთაშუა სტილის დეტალებით.
ხარჯების შესამცირებლად, საცხოვრებლის არსებული ჩონჩხი შენარჩუნდა, თუმცა ინტერიერი თითქმის მთლიანად შეიცვალა: მიუხედავად იმისა, რომ წინა ორ ოთახს პირვანდელი სახე შეუნარჩუნეს, სახლის უკანა ნაწილი მთლიანად გადაკეთდა, რათა მეტი საცხოვრებელი ფართი შექმნილიყო. დიზაინერებმა უკანა ფარდული სასტუმრო სახლად გარდაქმნეს.
ამასთან, შენარჩუნდა რამდენიმე თავდაპირველი დეტალი, როგორიც არის ჭერი და კარნიზები. დიზაინერებმა გამოიყენეს არსებული რეზიდენციის „რეტრო გარეუბნის“ ფერთა პალიტრა. „მინიმალისტური სტილის რეტროსთან შერწყმამ უნიკალური შედეგი მოგვცა. ეს არის ნივთები, რომლებსაც ათწლეულების წინ კუთვნილი ადგილი ეკავა და ახლა მათი ნახვა ბევრ სახლშია შესაძლებელი.“
ხელახალი გამოყენება მასალების პალიტრაშიც გრძელდება. გამოყენებულია უამრავი გადამუშავებული მასალა, რაც სახლის ძველ ნაწილთან დრამატულ კონტრასტს ქმნის.
მფლობელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იყო ბუნებრივი განათების დანერგვა და ვიზუალური კავშირის შექმნა გარე სივრცეებთან. გამოსავალი იყო ჭერის აწევა და ცენტრში შიდა ეზოს დამატება. ეზოში ახალი, ფოლადის კონსტრუქცია შეიქმნა იმისთვის, რომ საბოლოოდ მცოცავ მცენარეებს საშუალება მიეცეს შექმნას ბუნებრივი საფარი, რომელიც ზაფხულის თვეებში ჩრდილოეთისკენ მიმართულ ფანჯრებს სიცხის შეღწევისგან იცავს.
„ფაქტი, რომ მთელი პროცესის მიმდინარეობისას მფლობელები სახლში ცხოვრობდნენ ნამდვილად დამატებითი გამოწვევა იყო, მაგრამ რადგან მესაკუთრე მშენებელია, ჩვენ გამუდმებით ვმუშაობდით დიზაინის გაუმჯობესების გზებზე“ – ამბობს სტეპლტონი.