in

ზღაპრული კოტეჯი ემა აინსკოუს მიერ შექმნილი საიუველირო ყუთის ინტერიერით

Banner M2
Banner M2

ვიკონტმა და ვიკონტესა ნიუპორტებმა შროპშირ-სტაფორდშირის საზღვარზე მდებარე ზღაპრული კოტეჯის გასაფორმებლად ახალგაზრდა ინტერიერის დიზაინერს – ემა აინსკოუს მოუხმეს. წყვილმა ემას შესახებ ინტერნეტის საშუალებით გაიგო და იფიქრა, რომ მისი ფერადი, თანამედროვე სტილი ამ XIX საუკუნის კოტეჯს შესანიშნავად მოერგებოდა.

„მინდოდა, რომ აქ დარჩენის მსურველთათვის მშვენიერი გამოცდილება შემექმნა, მაგრამ, იმავდროულად ჩემი მიზანი იყო, ეს სივრცე გამხდარიყო სახლისგან მოშორებით არსებული მყუდრო თავშესაფარი“ ­– განმარტავს ემა. „გარდა ამისა, ჩვენი სურვილი იყო, რომ ეს სახლი ყოფილიყო სოფლის ცხოვრების სიმძიმისადმი გამძლე და არა რაიმე ძვირფასი.“ თავშესაფარი, რომელიც ორი სართულისგან შედგება, ათწლეულების განმავლობაში გაქირავებული იყო და საჭირო იყო როგორც სრული რენოვაცია, ასევე, სივრცის მოწყობის გადააზრება. „საწყისი ეტაპი საკმაოდ შიშისმომგვრელი იყო, მაგრამ ვიცოდი, რომ ამ სახლს ნამდვილად განსაკუთრებული პოტენციალი ჰქონდა“ – ამბობს ემა.

პირველი ამოცანა იყო სტრუქტურისა და განლაგების სწორად მოწყობა. შეიცვალა ფანჯრები, ასევე გაფუჭებული იატაკი ქვედა სართულზე და მთავარ საძინებელში. ზედა სართულზე განლაგება ძირითადად უცვლელი დარჩა, სამი საძინებელი ოთახით, პირადი სველი წერტილით და საერთო აბაზანით, ხოლო ქვედა სართული გადაკეთდა. „ქვედა სართულზე თითქოს ოთახები ერთმანეთთან კავშირში არ იყო, ამიტომ გვინდოდა მათ შორის რბილი გადასვლის განცდა შეგვექმნა“ – განმარტავს ემა. ახლა სამზარეულოდან შეგიძლიათ სასადილო და მისაღებ ოთახებში მოხვდეთ, ამ ოთახებთან დამაკავშირებელი ღიობების დამატების წყალობით. გარდა ამისა, მისაღებ ოთახში დაემატა წყვილი კარი, რომელიც ბაღისკენ იხსნება და სივრცეს სინათლით ავსებს. ასევე შეიცვალა შესასვლელი, პატარა გარე ვერანდით, რომელსაც სასადილო ოთახამდე მივყავართ.

ამ ყველაფრის შემდეგ დეკორაციის დრო დადგა. „საკუთარ თავს დავუსახე მიზანი, რომ თითოეული ოთახი ფერადი გამეხადა, მაგრამ ასევე უნდა დავრწმუნებულიყავი იმაში, რომ ისინი ერთმანეთს შეესაბამებოდა, განსაკუთრებით ქვედა სართულზე, სადაც ახლა უფრო ღია გეგმარებაა“ – განმარტავს დიზაინერი. „საწყისი წერტილი იყო სასადილო ოთახი და თავიდანვე მინდოდა, რომ ის ზოლიანი ყოფილიყო.“

სამზარეულოში Gretec-ის წითელი და თეთრი ჭადრაკული ფილები შესანიშნავად ერწყმის წითელ ცენტრალურ კუნძულს, რომელიც ემამ დააპროექტა და ადგილობრივად დაამზადა შროპშირში.

ამის საპირისპიროდ, მისაღები ოთახი ერთ-ერთი ყველაზე ნეიტრალური სივრცეა. „სახლში ბევრი პატერნია, ამიტომ ამის უფრო ნეიტრალური პალიტრით კომპენსირება მინდოდა“ – განმარტავს ის.

ზედა სართულზე ფერი და პატერნი წინა პლანზე იწევს. „არ მინდოდა, რომ მთავარი საძინებელი აშკარად გამორჩეული ყოფილიყო, ჩემი მიზანი იყო, მფლობელებისთვის თითოეულ საძინებელს მშვენიერი გამოცდილება შეეთავაზებინა“ – ამბობს ემა.

ლურჯი საძინებელი ალბათ ამ სახლში ყველაზე მხიარული ოთახია. თავდაპირველად ეს გრძელი, ვიწრო სივრცე იყო, ამიტომ ემამ ოთახის გასაყოფად დაამატა კედელი თაღოვანი ღიობით, რის შედეგადაც შექმნა ადგილი საწოლისთვის. „მფლობელებს სურდათ, რომ საწოლები რაც შეიძლება დიდი ყოფილიყო, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ საწოლის კუთხის აქ მოწყობა კარგი იდეა იყო“ – განმარტავს ემა. მან ამ სივრცის ყოველი სანტიმეტრი მაქსიმალურად გამოიყენა, მათ შორის ჭერი, რომელიც ლამაზი თეთრი ქსოვილით გააფორმა. „ჩვენი მიზანი იყო, რომ სახლი მომხიბვლელი და ამაღელვებელი გამოსულიყო“ – ამბობს ემა. დიზაინერმა ამ მიზანს ნამდვილად მიაღწია.

5 აქტუალური ტენდენცია სამზარეულოს დიზაინში

როგორ მოვამზადოთ ბინა გასაყიდად