in

სადა ბინა ორიგინალური აქცენტებით ფალიაშვილის ქუჩაზე – ნინო მშველიძის ნამუშევარი

ნინო მშველიძე პროფესიით არქიტექტორია. მისი ამ სფეროსთან კავშირი ადრეული წლებიდან იწყება – ნინო არქიტექტორებისა და მშენებლების გარემოცვაში გაიზარდა. მამა კონსტრუქტორი იყო და როგორც თავად გვიამბობს, ბავშვობის პერიოდის დიდი ნაწილი საქალაქმშენპროექტში გაატარა, რამაც ბუნებრივად, გავლენა იქონია მისი მომავალი  პროფესიის არჩევაზე. დღესდღეობით ნინო ინტერიერის დიზაინის განხრით მუშაობს და მისი გამოცდილება ამ მხრივ უკვე 18 წელს აღემატება.

არქიტექტორის განათლება მეხმარება, რომ არქიტექტურული პროექტი შევისწავლო კარგად და ამან განაპირობოს შემდგომში სწორი სივრცის შერჩევა. ეს ყველაფერი ასევე მეხმარება  მასშტაბის აღქმაში, არქიტექტურული პროექტის სრულყოფილად შექმნაში, შიდა გეგმარებიდან დაწყებული, მის სრულ დასრულებამდე მიყვანაში. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი გეგმარება, სწორი პროექტირება და განლაგება, სხვადასხვა სივრცის კარგად და ფუნქციურად გადანაწილება, რაც, ჩემი აზრით, არის საწყისი კომფორტული გარემოს  შექმნისა. ამის შემდეგ კი უკვე მარტივია საინტერესო და ორიგინალური ინტერიერის მიღება,” – ნინო მშველიძე

ბინა, რომელზეც დღეს გიამბობთ, ნინომ სულ რამდენიმე წლის წინ შეიძინა. არჩევანის გაკეთებისას მისთვის ერთ-ერთ უმთავრეს კრიტერიუმს ადგილმდებარეობა წარმოადგენდა.

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სიახლოვე ვაკის პარკთან და ქალაქის ცენტრთან, თუმცა, ამავდროულად ვეძებდი წყნარ ადგილს, რაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია ვაკის ტერიტორიაზე. აღმოჩნდა, რომ მუხაძის ქუჩას ჯერ კიდევ აქვს შენარჩუნებული სიმშვიდე და სწორედ ამ ფაქტორმა  გადამაწყვეტინა ეს ლოკაცია. აივანი გადის მუხაძის მშვიდ ქუჩაზე, სადაც სრულიად მოწყვეტილი ხარ ქუჩის  ხმაურს. ხოლო ფალიაშვილის ქუჩა (საიდანაც არის სახლში შემოსასვლელი) საკმაოდ მარტივია მისადგომად და შესაბამისად, კომფორტულიც.”

შეიძლება ითქვას, რომ ნინომ ამ სივრცეზე მუშაობა “სუფთა ფურცლიდან” დაიწყო. როგორც ჩვენი რესპონდენტისგან ვიგებთ, მან შენაძენი მაშინ გააკეთა, როდესაც ჯერ კიდევ შენობის საძირკველი კეთდებოდა. აქედან გამომდინარე, ნინოს სრული თავისუფლება ჰქონდა, რომ შეეცვალა გეგმარება და სივრცე საკუთარი სურვილების მიხედვით გაენაწილებინა. შემდგომ დაიწყო სარემონტო სამუშაოების ეტაპი. იმის გათვალისწინებით, რომ ნინოს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს რემონტის კუთხით, ეს პროცესი მისთვის შედარებით მარტივად წარიმართა, ეს ყველაფერი კი იმის გათვალისწინებით, რომ ნინო ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და პროექტის ზედამხედველობა დისტანციურად უწევდა.

ბინის საერთო ფართობი 146 კვადრატულ მეტრს შეადგენს და თავდაპირველი გეგმარების თანახმად, მას 2 საძინებელი ოთახი გააჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ მოხერხებული წყობა იყო პატარა ოჯახისთვის, ნინომ სივრცე საკუთარი საჭიროებების მიხედვით გადააკეთა.

მე მსურდა სამი საძინებელი და ვფიქრობ, ფართი მაძლევდა ამის საშუალებას, რომ გადამეკეთებინა და მიმეღო სრულყოფილი ოთახები. საძილე ზონის ადგილმდებარეობა უცვლელი დავტოვე, ხოლო სველი წერტილის გადატანის გზით, დავამატე მესამე ოთახი და გამოვიდა სამი საძინებელი, აქედან ერთს საკუთარი გარდერობი და აბაზანა გააჩნია.”

როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, ინტერიერის სტილის მიმართულება სწორედ იმ არქიტექტურულმა ნაგებობამ უკარნახა, სადაც მან ბინის შეძენა გადაწყვიტა.

ვთვლი, რომ თანამედროვე, ბეტონის სწორხაზოვან შენობაში კლასიკური სტილი თავისი ცოტა “გადაპრანჭული” ელემენტებით ზედმეტი და არასწორი იქნებოდა. ამიტომ სტილზე ჩამოყალიბებული ვიყავი – ძირითადი ბინის სახე უნდა ყოფილიყო მარტივი, სადა, ნეიტრალური ფერებით. აუცილებლად მინდოდა, რომ აქცენტები შემეტანა, თუმცა ეს არ უნდა ყოფილიყო ავეჯით ან  მოძრავი ნივთებით, თუნდაც განათებით. თვითონ გეგმარებამ მიკარნახა, სად უნდა ყოფილიყო ფერის გარდატეხა.”

აქცენტის სახით დიზაინერმა გამოიყენა წითელი  ფერის “ლაქა”. საუბარია 2.90 მეტრის სიმაღლის კარებზე, რომელიც დომინანტი ელემენტია სივრცეში და მიყვება მთელი ბინის ხასიათს.

ბინა ორ ნაწილად არის გაყოფილი – საძილე და საერთო ზონები. საერთო სივრცე კი თავის მხრივ, სამი ნაწილისგან შედგება. ეს ყველაფერი კი ისეა მოწყობილი, რომ აქ არანაირი მოძრავი ან სტატიკური ტიხარი არ გვხვდება. სამზარეულო სივრცე გამოყოფილია სამუშაო კუნძულის მაგიდით, რომელზეც მოთავსებულია ქურა და ჭერზე დამონტაჟებული გამწოვი.

სასადილო ზონა, რომელიც იგივე სივრცეშია განლაგებული, მოიცავს შავი ფერის მასიური მუხის მაგიდას, რომელიც ასევე მხოლოდ ვიზუალურად არის გამოყოფილი დანარჩენი ზონებისგან. რაც შეეხება მისაღებ სივრცეს, ის თეთრი ტილოს ტახტით არის გამოყოფილი.

მიუხედავად სამი თითქოს იზოლირებული ადგილისა, სივრცე არ არის  ჩაკეტილი და ამას ხელს უწყობს ასევე  მთელს სამზარეულოს კედელზე განთავსებული სარკეები ჭერიდან სამზარეულოს ზედაპირამდე, რაც ვფიქრობ, სამზარეულოს განსხვავებულ და ორიგინალურ იერს სძენს.

აღსანიშნავია, რომ სარკეების თემა, აქტიურად გვხვდება მთელს ინტერიერში, განსაკუთრებით კი ღია აბაზანაში, სადაც ყველა კედელი სარკით არის მოპირკეთებული. აბაზანა მდებარეობს საძილე ზონაში, რომელიც არანაირი ტიხრით არ არის გამოყოფილი და საძინებელს ერთ მთლიანობად აჩენს, რაც ხელს უწყობს სივრცის ვიზუალურად გაზრდას.

“ჩემი მიზანი იყო, რომ მქონოდა სწორად განაწილებული სივრცეები, სახლი ყოფილიყო   კომფორტული და ინტერიერი – ორიგინალური. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ფუნქციურობასთან ერთად, არ დაიკარგოს სილამაზე და ვფიქრობ, მთლიანობაში, დასახულ მიზანს მივაღწიე. სახლი ფუნქციურია, ნათელი, სადა, გარდამავალი ნეიტრალური ფერებით, ზოგან აქცენტირებული დეტალებით… სტილისტურად სიმარტივე და ფუნქციურობა მინიმალისტურ ინტერიერს ქმნის,” – ნინო მშველიძე

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე 

რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი

ტური დემი ლოვატოს შთამბეჭდავ თანამედროვე ფერმაში

ნარინჯისფერი ინტერიერში – 8 ელეგანტური იდეა