კედლების ლამაზ ფერებში შეღებვა მაღალი ხარისხის საღებავით არის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი გზა ექსპრესიული ინტერიერის შესაქმნელად. ეს არის ასევე ყველაზე მარტივი საშუალება, თუ სივრცე მოსაწყენია და მისი სწრაფად, ამასთან, რადიკალურად განახლება გჭირდებათ. დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ თქვენი ინტერიერისთვის საღებავი.
რა უნდა იცოდეთ საღებავის შეძენამდე?
საღებავები შეიძლება ორ ძირითად ჯგუფად დაიყოს:
- ზეთის ბაზაზე დამზადებული
- წყლის ბაზაზე დამზადებული
პირველი ჯგუფის საღებავები განზავებულია ორგანული გამხსნელით და ძირითადად განკუთვნილია გარე სამუშაოებისთვის: მათი საშუალებით იღებება აგურის, ბეტონის, ხის შენობების, ავტოფარეხების, ღობეების, ფანჯრის ჩარჩოების და სხვა ობიექტების ფასადები. ისინი შეღებილ ზედაპირებს ტენიანობისგან, დაშლისგან, კოროზიისგან და გახუნებისგან იცავს.
ზოგჯერ ასეთი საღებავები შენობაშიც გამოიყენება. მაგრამ უმჯობესია ეს არ გააკეთოთ, რადგან ზეთის ბაზაზე დამზადებულ საღებავს გასაშრობად რამდენიმე დღე სჭირდება, გაშრობის დროს კი მავნე ტოქსინებს და მკვეთრ სუნს გამოყოფს.
მეორე ჯგუფის საღებავები განზავებულია წყლით, ამიტომ მათ თითქმის არ აქვს სუნი, შეიცავს უფრო უსაფრთხო კომპონენტებს და შიდა სამუშაოებისთვის შესაფერისია.
წყლის ბაზაზე დამზადებული ყველა საღებავი ერთი პრინციპით მუშაობს.
- საბაზისო ნივთიერებები,
- საღებავი პიგმენტები;
- კომპონენტები, რომლებიც პასუხისმგებელია სიპრიალის ხარისხზე, აბრაზიისადმი გამძლეობაზე და საღებავის სხვა ხარისხობრივ მახასიათებლებზე.
თუმცა, კარგი საღებავის ასარჩევად შემადგენლობის ქიმიურ დეტალებში ჩაღრმავება აუცილებელი არ არის. საკმარისია აირჩიოთ დანიშნულება, სიპრიალის ხარისხი და ბრენდი. ამის შემდეგ კი გადახედეთ პალიტრას, რათა სასურველი ელფერი შეარჩიოთ.
როგორ შევარჩიოთ საღებავი კედლებისთვის
წყლის ბაზაზე დამზადებული, თუ წყლის დისპერსიული – რა განსხვავებაა?
პირველ შემთხვევაში, შემადგენლობაში გამოიყენება ემულსია, ანუ მიკრონაწილაკები, მეორეში, დისპერსია ან უფრო დიდი ნაწილაკები. არსებობს მოსაზრება, რომ წყალზე დაფუძნებული ემულსიები არასტაბილური და ხანმოკლეა. თუმცა, ეს მითია, ვინაიდან ყველაფერი შემადგენლობასა და ბრენდზეა დამოკიდებული.
მქრქალი თუ პრიალა?
ეს ფაქტორი არა მხოლოდ შეღებილი ზედაპირის იერსახეზე, არამედ მისი მოვლის პრაქტიკულობაზეც ზემოქმედებს.
- ულტრა მქრქალი საღებავი (სიპრიალის დონე 5%-მდე) შესანიშნავად ნიღბავს არასრულყოფილად შელესილ ზედაპირებს და მათ ხავერდოვან იერს სძენს. იმავდროულად, ასეთი საღებავით შეღებილ კედელს, ფაქტობრივად, ნებისმიერი შეხების კვალი ეტყობა, რომლის გაწმენდაც შემდგომში ძალიან რთულია. ულტრა მქრქალი საღებავი მხოლოდ ჭერის შესაღებად არის განკუთვნილი. დღის შუქზე ის არ კაშკაშებს და ჭერს ვიზუალურად ათანაბრებს მაშინაც კი, თუ მის ზედაპირს მცირე ხარვეზები აქვს.
- მქრქალი საღებავი (სიპრიალის დონე 5-15%) კარგი არჩევანია იმ შემთხვევაში, თუ გლუვი, მაგრამ ადვილად მოსავლელი კედლები გსურთ. ასეთი საღებავით შეღებილი ზედაპირის ტექსტურა შეიძლება შევადაროთ კვერცხის ნაჭუჭს – სიპრიალის ინტენსივობა მსგავსი იქნება. ასეთი საღებავით შეგიძლიათ კედლები ზომიერი დატვირთვის მქონე სივრცეებში შეღებოთ (მაგ: მისაღები ოთახი, საძინებელი). მათზე არსებული უბრალო ჭუჭყი შეგიძლიათ სველი ღრუბლით ან სარეცხი საშუალებით გაწმინდოთ.
- ნახევრად მქრქალი საღებავით შეღებილი კედლები (სიპრიალის დონე 16-40%) უფრო ადვილად ირეცხება, ვიდრე მქრქალი, ამიტომ ის შესაფერისია ადვილად დაბინძურებადი ან მაღალი დატვირთვის მქონე სივრცეებისთვის, როგორებიც არის სამზარეულო, სასადილო ოთახი, დერეფანი, საბავშვო ოთახი.
- სველი წერტილებისთვის პრიალა და ნახევრად პრიალა საღებავი (სიპრიალის დონე 40%-ზე მეტი) შეარჩიეთ. ლატექსის მაღალი შემცველობა საღებავს ურღვევსა და ტენიანობის მიმართ გამძლეს ხდის. ასეთი საღებავით შეღებილი კედლების გაწმენდა ადვილია.
ასევე კარგია აქცენტების ხაზგასმა პრიალა და ნახევრად პრიალა საფარის საშუალებით: რელიეფები, ნახევარსვეტები, ინტერიერის საინტერესო ელემენტები. გარდა ამისა, უნდა გახსოვდეთ, რომ რაც უფრო პრიალაა საღებავი, მით უფრო მკაფიოდ ჩანს შეღებილი ზედაპირის უთანასწორობა და ასეთი საღებავი კედელზე უნდა დავიტანოთ არა ლილვაკის ან ფუნჯის, არამედ საღებავის საფრქვევის საშუალებით.
როგორი საღებავი გამოვიყენოთ კედლისთვის?
მხატვრული გაფორმებისთვის ან დეკორატიული ექსპერიმენტებისთვის კარგი ვარიანტია წყლის ბაზაზე დამზადებული მქრქალი აკრილის საღებავი: ის არ გაიშლება ზედაპირზე და მოყვარულის არასრულყოფილ ნამუშევარს დაფარავს.
როგორ გავიგოთ, რომელი საღებავია არაალერგიული და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო?
ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა საღებავიც კი შეიცავს ქიმიურ გამხსნელებს, როგორიც არის ალდეჰიდები, კეტონები და სხვა აქროლადი ორგანული ნაერთები (VOCs ან VOCs). რამდენად უსაფრთხო იქნება პროდუქტი, დამოკიდებულია VOC-ების კონცენტრაციაზე: ევროპული სტანდარტების მიხედვით, მაქსიმალური დასაშვები კონცენტრაცია არის 3%, ანუ არაუმეტეს 30 გრამი 1 ლიტრზე.
იმის დასადგენად, თუ რამდენი აქროლად ორგანულ ნაერთს შეიცავს საღებავი, გადახედეთ ეტიკეტს ან მწარმოებლის ვებგვერდს, სადაც ამ ნივთიერებების შემცველობას იხილავთ. რაც ნაკლებია ასეთი ნივთიერებების კონცენტრაცია, მით უკეთესია.
სასარგებლო იქნება გამყიდველს სთხოვოთ საერთაშორისო სერტიფიკატები, მაგალითად, ISO 9001 (ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი) და მოძებნოთ სპეციალური ეკო-ეტიკეტები. საღებავებისა და ლაქების შემთხვევაში ისინი ასე გამოიყურება:
- “Nordic Swan”
- “Der Blaue Engel”
- “European Eco-Label”
- NF Environment
- “Green Seal”