სანამ მებაღე გახდებოდა, პიტ უდოლფმა მოასწრო მიმტანად და ბარმენად მუშაობა მშობლიურ ჰარლემში, საოჯახო კაფეში, შემდეგ ის ყიდდა თევზს და ფოლადჩამომსხმელ ქარხანაში მუშაკიც კი იყო, სანამ 25 წლის ასაკში მებაღეობის კომპანიაში დასაქმდებოდა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ ბაღების შექმნის ხელოვნება მისი პროფესია იქნებოდა. მან ლანდშაფტის სკოლა დაამთავრა და 1977 წელს მშობლიურ ქალაქში ამ სფეროში მუშაობა დაიწყო.
მაგრამ ყვავილების დიზაინს, რომელსაც, როგორც წესი უკვეთავდნენ, მისთვის დიდი სიხარული არ მიუნიჭებია. 1970-იან წლებში მასობრივი იდეები მშვენიერი ბაღის შესახებ მოჭრილი გაზონებითა და ყვავილების მოწესრიგებული მწკრივებით შემოიფარგლებოდა. ვარდები ბაღის “დედოფლები” იყვნენ, ხოლო მოვლილი გარემო იდეალად ითვლებოდა.
პიტ უდოლფისთვის ასეთი ბაღები არაბუნებრივი ჩანდა. მისთვის ლამაზი კომპოზიცია არსებობდა აქ და ახლა. პიტს სურდა, რომ ბაღი მშვენიერი ყოფილიყო წლის ნებისმიერ დროს და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც კონკრეტული ჯიშის ყვავილი ყვავის. მას სჯეროდა, რომ ბაღი უნდა გამოიყურებოდეს თავისუფლად, ველურად, ბუნებრივად, თითქოს ის ადამიანის ჩარევის გარეშეა შექმნილი.
„მთელი ჩემი ცხოვრებაა ვცდილობ, წარმოვაჩინო ის სპონტანურობა, რაც ბუნებაში მცენარეებს გააჩნია. ჩემი მიზანი არ არის ბუნების კოპირება, მე მინდა ბუნებრიობის გრძნობა გადმოვცე”- ამბობს ის. პიტმა ასეთი ბაღების შექმნის მეთოდების შემუშავება დაიწყო. 1982 წელს იგი მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად დასახლდა ძველ ფერმაში, სოფელ ჰუმელოში, გერმანიის საზღვართან ახლოს. მან აქ ბაღი მოაწყო და ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო.
ოჯახის სარჩენად სანერგე ბაღიც იყო საჭირო, ამიტომ, ის და მისი მეუღლე – ანა გასაყიდად ყვავილებს ზრდიდნენ. უდოლფმა შეისწავლა მცენარეების თვისებები, თუ როგორ იქცევიან ისინი წელიწადის სხვადასხვა დროს და როგორ ერწყმიან ერთმანეთს. იგი დაკავებული იყო ახალი ჯიშების გამოყვანით. პიტს განსაკუთრებით ამერიკული პრერიების ყვავილები და ბალახი აინტერესებდა. მან ამ ჯიშების საკუთარ ტერიტორიაზე მოშენება დაიწყო.
პიტის კონცეფციაში ფერი განსაკუთრებულ როლს არ თამაშობს, მაგრამ ადვილი მისახვედრია, რომ მის ბაღებში იასამნისფერი პალიტრა ჭარბობს. პიტი არასოდეს ჭრის მკვდარ მცენარეებს. მას მიაჩნია, რომ გამხმარ, ყავისფერ ყლორტებს თავისი სილამაზე აქვს, უბრალოდ უნდა შეეგუო და ისწავლო მისი დანახვა. ზამთარში ისინი ლანდშაფტის მთავარ დეკორაციას წარმოადგენს.
სანერგე ბაღში მუშაობისას პიტმა გამოიყვანა 70-ზე მეტი სახეობის ჯიში, რომელიც ამ სტილის ბაღებისთვის არის შესაფერისი. მათ შორისაა Dear Anja – მისი მეუღლის პატივსაცემად და სამკურნალო Hummelo – იმ ადგილისთვის პატივის მისაგებად, სადაც მან ნახევარი სიცოცხლე გაატარა. მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი ავრცელებდა თავის იდეებს: წერდა და აქვეყნებდა წიგნებს ფერადი ფოტოებით, გახსნა საკუთარი ბაღი საზოგადოებისთვის და ხელმძღვანელობდა ტურებს. პიტს მიმდევრებიც ჰყავდა და მის სტილს ეწოდა “ახალი ტალღა მებაღეობაში.“ მაგრამ მსოფლიო პოპულარობა მან მხოლოდ 10 წლის წინ შეიძინა.
2000-იანი წლების დასაწყისში ცნობილმა არქიტექტორმა და პრიცკერის პრემიის ლაურეატმა ფრენკ გერიმ უდოლფი ჩიკაგოს Millenium პარკში Lurie-ს ბაღის გასაშენებლად მიიწვია. გერიმ პარკისთვის რამდენიმე შენობა თავად დააპროექტა. უდოლფმა დაახლოებით ერთ ჰექტარზე 26,000 მცენარე დარგო. ბალახებისა და ყვავილების უწყვეტი ზღვა, რომელიც ცათამბჯენებით არის გარშემორტყმული, სიცოცხლის დადასტურებას ჰგავს.
თითქმის ერთდროულად, პიტ უდოლფი სხვა დიდ პროექტზეც მუშაობდა – ხსოვნის ბაღი Battery პარკში მანჰეტენის სამხრეთ ბოლოში. აქ მან შექმნა მწვანე ჩარჩო ბორდიურისთვის, რომელიც ჰადსონის გასწვრივ მიემართება. ბაღი ხალხის დახმარებით გაშენდა, მერიის წარმომადგენლების მონაწილეობით. აქ ყველას შეეძლო თავისთვის საყვარელი ბუჩქის ან ყვავილის დარგვა.
უდოლფის კიდევ ერთი ცნობილი ნიუ-იორკული პროექტი არის მიტოვებული High Line სარკინიგზო ხაზის გამწვანება, რომელიც დასავლეთ მხარეს, დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე გადის. High Line გახდა პოპულარული ღირსშესანიშნაობა როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, ვიზიტორებისთვის. მებაღემ შექმნა განცდა, რომ ბუნება წინ მიიწევს და თანდათან პოსტინდუსტრიულ ლანდშაფტს იპყრობს.
უდოლფის ბაღების სპონტანურობა, რეალურად, დიდი მუშაობის შედეგია. იგი ყურადღებით ფიქრობს კომპოზიციებზე და მცენარეთა კომბინაციებს ფონის, განათებისა და ლანდშაფტის გათვალისწინებით არჩევს, ხაზავს დიაგრამებს და მცენარეების გაშენების გეგმებს. არ შეიძლება ითქვას, რომ ოდესღაც მის მიერ შექმნილი ბაღები დამოუკიდებელ არსებობას აგრძელებს. მათ მუდმივად აკვირდებიან სპეციალურად მომზადებული თანამშრომლები, ხოლო ავტორი ნამუშევრებს მინიმუმ ორ წელიწადში ერთხელ თავად სტუმრობს, რათა თავდაპირველ გეგმასთან რაიმე შეუსაბამობა გამოასწოროს.
პიტ უდოლფის სტილი თანამედროვე ქალაქებისთვის იდეალური აღმოჩნდა. მის მიერ შექმნილი დიზაინები როგორც თანამედროვე, ასევე, კლასიკური და ინდუსტრიული არქიტექტურის გვერდით მშვენივრად გამოიყურება. „მცენარეების წყალობით არქიტექტურა ადამიანისთვის უფრო პროპორციული ხდება. არქიტექტურის საპირისპიროდ, მცენარეები ყოველდღიურად იცვლება და ცოცხალ ემოციას იწვევს“, – ამბობს უდოლფი და ის უდავოდ მართალია.