თანამედროვე ფერმა ექვსი საძინებლით და შვიდი სველი წერტილით, რომელიც 790 კვადრატულ მეტრზეა გაშლილი, წარმოადგენდა ცარიელ ტილოს, რომელზეც დემი ლოვატო ყოველთვის ოცნებობდა. კიდევ ერთი ბონუსი იყო თეატრი და, რა თქმა უნდა, საცურაო აუზი უკანა ეზოში. “მიყვარს გარე სივრცე. ამ სახლში მომეწონა ისიც, რომ მას ჰქონდა ყველაფერი, რაც მჭირდებოდა – მანამდე ბევრი სახლი ვნახე, რომელიც ლამაზი იყო, მაგრამ ასე არცერთი მათგანი შეესაბამებოდა ჩემს საჭიროებებს. აქ შესანიშნავი ატმოსფეროა და ის დანახვისთანავე შემიყვარდა.“
ამ სახლის დაპროექტება იყო პროცესი, რომელიც ვარსკვლავის პიროვნული მოგზაურობის პარალელურად მიმდინარეობდა. ლოვატოს სურდა, რომ სივრცის ყოველ სანტიმეტრს მისი პიროვნება სრულად განესახიერებინა.
მომღერლის უსაფრთხოების ხელმძღვანელმა იგი Argyle Design-ის დამფუძნებლებთან – კეტ ბელთან და ჯეიმს დრიუსთან დააკავშირა. როგორც კი ტრიო შეიკრიბა, მათ იგრძნეს, რომ იდეალური ტანდემი შეიქმნებოდა.
ბელი ხაზს უსვამს, რომ ლოვატოსთან ნდობის დამყარება უნიკალური და განსაკუთრებული გამოცდილება იყო. ”დემი ნებისმიერისთვის საოცნებო კლიენტი იქნებოდა“ – ამბობს ის.
დემის სურდა, რომ მისი სახლი იმერსიული გამოცდილებით გაფილტრული, სტუმართმოყვარე ენერგიით ყოფილიყო აღსავსე. ის აღფრთოვანებულია იმ ფაქტით, რომ სახლის ირგვლივ მრავლად არის პროვოკაციული დაფარული სახალისო დეტალები, რომლებიც ვარსკვლავის მხიარულ ხასიათს კარგად ასახავს.
ევა სეტა, ლოს-ანჯელესის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის კომუნიკაციების დირექტორი, დაიქირავეს ისეთი დამწყები მხატვრების ნამუშევრების კურირებისთვის, როგორებიც არიან: მონიკა კიმ გარზა, ლილიან მარტინესი, ჰანა ეპშტეინი, იასმინ ნასერ დიასი და ლოლა როუზ ტომპსონი. “მინდოდა, რომ უჩვეულო გარემო შემექმნა”, – განმარტავს დემი.
სახლში შეხვდებით სხვადასხვა გამორჩეულ სივრცეებს, როგორიც არის “Shroom Room”, სადაც ლოვატოს სტუმრებს შეუძლიათ ცისარტყელას ფერებში გაფორმებულ დივანზე მოკალათდნენ. აქ ასევე არის Pierre Paulin-ის წყვილი სკამი – Tongue. ჭერზე კი კიდია რანია პიტის ინტერაქციული ღრუბლის ჭაღი, რომელსაც მთელ ოთახში სიცოცხლე შემოაქვს.
ლავანდისფერი სასადილო ოთახი უფრო წყლის ტონს იძენს, ისეთი მოწყობილობების საშუალებით, როგორიცაა Uchiwa-ს კედლის სანათები და Entler Studio-ს ჭაღი, რომელიც საცეცებს მოგაგონებთ. იმისათვის, რომ სამზარეულოს უფრო მყარი შეგრძნება გამოეწვია, ბელმა და დრიუმ გუჩის Lilies-ის შპალერი ხის მოპირკეთებასა და სპილენძის დეტალებს შეუხამეს. მისაღები ოთახი, Desede DS-600 Nonstop დივნით, ბონსაის ხის ყავის მაგიდითა და ზებრა ონიქსის კრისტალური ნათურებით, უფრო თამამი ჩანს.
სახლის კიდევ ერთი გამორჩეული ნაწილია ხმის ჩამწერი სტუდია. ეს არის კრეატიული გარემო რბილი ტექსტურით. ვინაიდან ვარსკვლავი კრისტალებით იყო შთაგონებული, ბელმა და დრიუმ ჭერისთვის მოლურჯო მურანოს შუშის დისკებით 1960-იანი წლების იტალიის ვინტაჟური ვისტოსის ჭაღი შექმნეს. იგივე ენერგია ტრიალებს ლოვატოს მთავარ საძინებელში, რომელშიც როკ-ენ-როლის სული იგრძნობა.
უკანა ეზო კიდევ ერთი ცალკეული სამყაროა, რომელიც აუზს, ჯაკუზსა, გარე სამზარეულოს და იზოლირებულ ეზოს აერთიანებს. აქვე არის ლოვატოს ძაღლებისთვის შექმნილი სპეციალური სივრცე, რომელიც დაცულია ბადეებით, რათა ლეკვებმა გარეთ უსაფრთხოდ თამაში შეძლონ.
დემი ძალიან კმაყოფილია შედეგით, რადგან მან მიიღო ყველაფერი, რაც უნდოდა: „აქედან წასვლის მიზეზი არ მაქვს, რადგან ეს სახლი ზუსტად ისეთია, როგორიც მსურდა.“