მაღაზია, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ, თბილისში, ბამბის რიგში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 30 კვადრატულ მეტრს შეადგენს. სივრცის დიზაინ პროექტზე ანუკა თავართქილაძემ იმუშავა.
“ამ პროექტის მთავარი გამოწვევა იყო ის, რომ ობიექტი ისტორიულ შენობაში მდებარეობს. ისტორიულ შენობებზე მუშაობისას ყოველთვის ვცდილობ, რომ ინტერიერმა გარკვეულწილად ასახოს შენობის თავდაპირველი ხასიათი,” – ანუკა თავართქილაძე
როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, მან დამკვეთისგან მიიღო დავალება, რომლის მიხედვით, მაღაზიის ინტერიერი ბრენდის სტილის გათვალისწინებით უნდა შექმნილიყო.
“ეს ყოველთვის საინტერესო პროცესია, ვინაიდან დიზაინერს საკუთარი ხელწერის გარდა, კიდევ სხვა სტილის გათვალისწინება უწევს და შედეგად, ერთგვარ ნაზავს ვიღებთ. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ არცერთი სტილი ზედმეტად არ დომინირებდეს და მათ შორის ბალანსი იყოს დაცული,” – გვიამბობს პროექტის ავტორი
ბრენდის სტილის გასაცნობად ანუკამ, პირველ რიგში, შეისწავლა დამკვეთი ორგანიზაციის ბრენდბუქი და მათი კოლექციები. სწორედ ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მაღაზიაში დომინანტი ფერი ე.წ. “ჭუჭყიანი ვარდისფერი” (Dusty Rose) ყოფილიყო. სივრცის ვიზუალურად გაზრდის მიზნით, დიზაინერმა ჭერის სიმაღლე შეინარჩუნა, ხოლო სასაწყობე და გასახდელების სივრცის გამყოფი კედელი სარკით გამოყო.
როგორც ანუკა გვიამბობს, სარემონტო სამუშაოების დაწყების შემდეგ, იატაკის დემონტაჟის პროცესში, აღმოჩნდა, რომ სივრცის თავდაპირველ ვარიანტში იატაკი ტერაცოსაგან იყო დამზადებული. იმის გათვალისწინებით, რომ ტერაცო დღეს განსაკუთრებით აქტუალურია, პროექტის ავტორმა მისი შენარჩუნება გადაწყვიტა. ამ გადაწყვეტილებას ის გარემოებაც ამყარებდა, რომ “აღმოჩენილი იატაკი” ფერითა და ტექსტურით ძალიან შეესაბამებოდა ახლად შექმნილ დიზაინს.
რაც შეეხება ავეჯს, ბრენდის მიერ წარმოებული სამკაულებისათვის სპეციალურად დამზადდა კონსოლი და ინტერიერში ასევე გამოყენებულია ანუკა თავართქილაძის მიერ შექმნილი გეომეტრიული სარკეების სერიიდან ერთ-ერთი მოდელი.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ პროექტის ავტორმა ყველა დასახულ მიზანს წარმატებით მიაღწია და მოახერხა შეექმნა მინიმალისტური, ფუნქციური და ნათელი სივრცე, რომელიც ბრენდის ფილოსოფიასთან არის თანხვედრაში.
პროექტის ავტორი: ანუკა თავართქილაძე
ფოტოგრაფი: მიხეილ ფიტიურიშვილი
რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი