in

იტალიური დიზაინის გმირი – ალესანდრო მენდინი

არქიტექტორი, დიზაინერი, ისტორიკოსი და დიზაინის თეორეტიკოსი – ალესანდრო მენდინი მილანში, 1931 წლის 16 აგვისტოს დაიბადა. 1959 წელს მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრებისა და არქიტექტორის დიპლომის მიღების შემდეგ, იგი Nizzoli Associati-ს ბიუროში დასაქმდა და გახმაურებული პროექტებით თავი მაშინვე გამოიჩინა. 1970-იანი წლების დასაწყისში, არქიტექტურული საზოგადოების მიერ უკვე აღიარებული მენდინი ჟურნალის Casabella-ს რედაქტორი გახდა – იგი ავანგარდული არქიტექტურისა და დიზაინის შესახებ ავტორიტეტულ გამოცემად აქცია.

სავარძელი Proust, 1993წ.

მენდინის ირგვლივ თანამოაზრეების გუნდი შეიკრიბა – დიზაინერები ფრანკო რაჯი, პაოლო ნავა, გაეტანო პეშე, ეტორე სოტსასი, Archizoom-ის, Superstudio-ს წევრები და სხვები. დღეისათვის ეს სახელები მეოცე საუკუნის დიზაინის ისტორიაში ოქროთია ჩაწერილი. 1973 წელს მენდინი Global Tools ასოციაციის – რადიკალური არქიტექტურისა და „ანტიდიზაინის“ სკოლის – ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა.

ინსტალაცია Furniture for Men, 2011წ.

1960-70-იანი წლების დასასრულის მეამბოხე იდეებმა არქიტექტორებისა და დიზაინერების ახალი თაობა მოიცვა. ახალგაზრდა შემოქმედებს აღარ სურდათ შეექმნათ „ელეგანტური“ ნივთები და ეწინააღმდეგებოდნენ ე.წ. „სამომხმარებლო“ დიზაინს. ანტიდიზაინის მოძრაობის რადიკალურმა ახალგაზრდობამ უკუაგდო დიზაინის კანონები და შეცვალა ისინი ფორმისა და ფერის თამაშით.

მაგიდა-სავარძელი Zabro

1977 წელს ალესანდრო მენდინიმ დააარსა ჟურნალი Modo – პოსტ-რადიკალური დიზაინის გამოფენა. 1980 წელს კი იგი გახდა საკულტო ჟურნალის Domus-ის მთავარი რედაქტორი, რომელიც მოდაზე, თანამედროვე ხელოვნებასა და უახლეს დიზაინზე იყო ფოკუსირებული.

ამერიკელი მხატვრის – პიტერ ჰალისა და ალესანდრო მენდინის ნახატების ერთობლივი ინსტალაცია, რომლებმაც ნიუ-იორკში Mary Boone Gallery-ის სივრცე დააპროექტეს, 2013 წ.

1989 წელს ალესანდრომ ძმასთან – ფრანჩესკოსთან ერთად საკუთარი სტუდია – Atelier Mendini დააარსა. სტუდიის პროექტებს შორისაა გრონინგერის მუზეუმის შენობა ნიდერლანდებში (1989–1994), მემორიალი – „სამოთხის კოშკი“ ჰიროსიმაში (1989), Casa Della Felicita იტალიის ქალაქ ომენიაში (1989). Atelier Mendini-ის ნამუშევრები MoMA-ს მუზეუმებს, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენს, პარიზში პომპიდუს ცენტრს და სხვა ცნობილ დაწესებულებებს ამშვენებს.

გრონინგერის მუზეუმის შენობა ნიდერლანდებში, 1989-1994 წწ. შექმნილია მენდინის მიერ ფილიპ სტარკთან და კუპ ჰიმელბლაუსთან თანამშრომლობით.

მისმა ბოლო ნამუშევარმა დღის შუქი ოსტატის გარდაცვალების შემდეგ იხილა. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მან Cristallo-ს დიზაინის ობიექტების სერია დააპროექტა ესპანურ ბრენდ BD Barcelona-სთვის, რომელთანაც 1980-იანი წლებიდან თანამშრომლობდა.

ბარის კარადები, BD Barcelona

მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში მენდინი უახლესი დიზაინის ეპიცენტრში იყო, მოქმედებდა როგორც იტალიური და საერთაშორისო დიზაინის კულტურის განახლების იდეოლოგი. მისი პროექტები, ავანგარდული სულისკვეთებითა და უკომპრომისობით, მნახველებში დღემდე გაოცებას იწვევს.

ოლიმპიური საცურაო აუზის შენობა ტრიესტში, 2004 წელი.
ქურთუკი სამუშაო ტანსაცმლის კოლექციიდან Supreme-ის ბრენდისთვის, 2016 წ.
ადამიანის სხეულის ფორმის საცობების კოლექცია
Kandissi დივნის პირველი მოდელი, 1978წ.

კარადა Schermo

“მყარი სტრუქტურა სულის გარეშე” – Alexander & CO.-ს პროექტი

როგორ წარმოვაჩინოთ დაბალფასიანი ინტერიერი ძვირადღირებულად