ეკოლოგიურად სუფთა ინტერიერის ტენდენცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. ეს მიდგომა არა მხოლოდ მოდა, არამედ მასალებისა და საგნების გამოყენების განსაკუთრებული ფილოსოფიაა, რომლის დაცვითაც ადამიანი არჩევანს ბუნებისა და მისი რესურსების შენარჩუნების სასარგებლოდ აკეთებს. ეკოლოგიურად სუფთა მასალები და წარმოების ტექნოლოგიები ბუნებას მინიმალურ ზიანს აყენებს, ზოგიერთი მათგანი კი ეკოსისტემებისა და გარემოსთვის სრულიად უვნებელია. ისინი პლასტმასის, ნავთობპროდუქტების და სხვა ტოქსიკური მასალების ალტერნატივად სულ უფრო ხშირად გამოიყენება.
ეკოლოგიურად სუფთა ფილოსოფია ცხოვრების სტილია. ნარჩენების დახარისხება, შეგნებული მოხმარება და გადამუშავება ერთი მთლიანობის ნაწილია – დეტალები, რომლებიც ყველა თვალსაზრისით ჰარმონიულ და თანამედროვე სახლს ქმნის.
მასალები
ბუნებრივი ხის (განსაკუთრებით იშვიათი ჯიშების) გადაჭარბებული გამოყენება მდგრადი განვითარების პრინციპებს ეწინააღმდეგება. ასევე მნიშვნელოვანია მასალის წარმოშობის გათვალისწინება: ხეს უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ ნედლეული ლეგალურია და საკმარისი ბუნებრივი რესურსების მქონე ტყიდან არის მიღებული. უფრო უკეთესია თუ ხე ადგილობრივი წარმოშობისაა – ეს ტრანსპორტირებისას გამონაბოლქვს ამცირებს.
მეორე მნიშვნელოვანი პუნქტია მასალაში ისეთი ტოქსიკური ნივთიერებების არარსებობა, როგორიცაა, მაგალითად, ბენზოლი, ფენოლი, ფორმალდეჰიდები. ადამიანის ორგანიზმზე მუდმივი ზემოქმედებით მათ სასუნთქი სისტემის დაავადებების გამოწვევა შეუძლია.
და ბოლოს, ეკოლოგიურად სუფთა ინტერიერი შეიძლება იყოს არა მხოლოდ უსაფრთხო, არამედ ელეგანტურიც. ინტერიერის დიზაინში კორპი, ეკო ტყავი, როტანგი, ბუნებრივი ქვა, ბუნებრივი საღებავები და ბუნებრივი ქსოვილები (სასურველია სინთეტიკური საღებავების გარეშე) მისასალმებელი მასალებია.
განათება
ბინის და სახლის დაგეგმარებისას ბუნებრივი განათება არ უნდა დაივიწყოთ. რაც უფრო მეტი მზის შუქი იქნება სივრცეში, მით ნაკლები ხელოვნური განათების გამოყენება გახდება საჭირო. ენერგიის დამზოგავი ნათურები აუცილებელი ატრიბუტია. საყოფაცხოვრებო ტექნიკის შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ A+++ მოხმარების კლასის მოწყობილობებს – ისინი ყველაზე ეკოლოგიურად ითვლება. მოძრაობის სენსორებიც კარგი გამოსავალია, ისინი ელექტროენერგიის დაზოგვის საშუალებას მოგცემთ.
ავეჯი
შეეცადეთ შეუკვეთოთ ავეჯი „მწვანე“ ეტიკეტით. ეს არის გარემოსდაცვითი სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს პროდუქციის უსაფრთხოებას. ამ ეტიკეტის მქონე პროდუქტები არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს. უარი თქვით იაფ ავეჯზე, რომელიც დაპრესილი ნახერხისგან დამზადებული დაფებით კეთდება (მასალა, რომელიც ქიმიურ ფისებს შეიცავს) – უმჯობესია ისინი შეცვალოთ არყისა და ფიჭვისგან დამზადებული საგნებით, რომლებიც შედარებით ბიუჯეტური და უსაფრთხოა.
კიდევ ერთი ვარიანტია მეორეული ვინტაჟური ავეჯის გამოყენება. თუ მათი გარეგნობა არ მოგწონთ, შეგიძლიათ ისინი აღადგინოთ, განაახლოთ საღებავით ან მათი რესტავრაცია სპეციალისტებს მიანდოთ.
ხელახალი გამოყენება
თანამედროვე ავეჯის წარმოებაში გადამუშავებული მასალები სულ უფრო ხშირად გამოიყენება. თვით ცნება „ნარჩენი“ ჩვენს დროში უარყოფით მნიშვნელობას კარგავს და ხდება კიდევ ერთი ნედლეული საყოფაცხოვრებო საქონლის წარმოებისთვის. გამოიყენება არა მხოლოდ გადამუშავებული პლასტმასა და ძველი გაზეთები, არამედ სხვა ნარჩენები (მათ შორის, ორგანული წარმოშობის).
მოდური სიტყვა “upcycling” (ხელახალი გამოყენება, რაიმესთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება) არა მხოლოდ მასალის გადამუშავებას, არამედ ძველი ნივთებისთვის ახალი ფუნქციების მინიჭებას გულისხმობს. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, ძველი ჟალუზებისგან დამზადებული კედლის პანელები – ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.
რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი