ქეთევან ასათიანი და ნუკა კორინთელი ერთმანეთს პირველად ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე შეხვდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა ჯგუფში აღმოჩნდნენ, თავიდანვე დამეგობრდნენ და მას შემდეგ ერთობლივად მუშაობენ პროექტებზე. სწორედ ამ პროცესის შედეგად დააარსეს მათ სტუდია Objects, რომელიც ქართულ დიზაინ სივრცეში ცნობილია გამორჩეული სტილითა და დახვეწილი ნამუშევრებით. სტუდიის ფილოსოფიის გასაცნობად დღეს ჩვენ მის დამფუძნებლებს პირადად გავესაუბრეთ:
– გვიამბეთ თქვენ შესახებ…
ქეთევან ასათიანი: ჩემი ამჟამინდელი პროფესიის არჩევაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა იმ ფაქტმა, რომ ოჯახში ყველა ხელოვანი მყავს. ვიზრდებოდი მხატვრების გარემოცვაში და შესაბამისად, ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა. შემდგომ კი არქიტექტურა ავარჩიე და ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ძირითადი საქმიანობა ინტერიერის დიზაინია, რამდენიმე არქიტექტურული პროექტიც გვაქვს შესრულებული. მახსოვს, პირველი სამსახური Architects.ge-ში დავიწყე, სადაც ძალიან საინტერესო და რთულ პროექტებზე ვმუშაობდით. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, ვინაიდან უდიდესი ტექნიკური გამოცდილება მივიღე.
ნუკა კორინთელი: ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა და მიყვარდა არქიტექტურის სფერო. შესაბამისად, მომავალი პროფესიის არჩევაზე ბევრი არც მიფიქრია, გადაწყვეტილება თავად მივიღე და ამ მხრივ ჩემმა ოჯახმა აბსოლუტური თავისუფლება მომცა. ბავშვობიდან ვაკვირდებოდი ინტერიერებს სხვადასხვა ფილმებში, სხვათა შორის, დღემდე კინოები ინტერიერებით მახსოვს. სულ ახლახან, აგარაკზე აღმოვაჩინე “ჩემი საოცნებო სახლის” გეგმების ესკიზი, რომელიც 12 წლის ასაკში მაქვს დახატული. ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო იმის აღმოჩენა, რომ დღესაც ზუსტად ესეთს დავხატავდი, თუმცა, ცოტა უფრო დახვეწილად.
– საიდან და როდის გაჩნდა “Objects”-ის იდეა? რატომ ეს სახელწოდება?
Objects-ის შექმნის იდეა 2015 წელს გაგვიჩნდა. აღმოვაჩინეთ, რომ თითქმის ყველა ჩვენი მეგობრული შეხვედრა, საბოლოო ჯამში, დიზაინზე საუბარში გადადიოდა. ერთმანეთს ვუზიარებდით სიახლეებს, აღმოჩენებსა თუ პრობლემებს დიზაინის გარშემო. ვინაიდან ჩვენი გემოვნება ხშირად ემთხვეოდა, გაგვიჩნდა სურვილი, შეგვესრულებინა ერთობლივი შეგვესრულებინა. პირველივე გაფიქრებაზე სახელი “Objects” მოგვაფიქრდა, რადგან ჩვენს სამუშაო სივრცეზე ფიქრი ძალიან მრავალფეროვანი საგნებით დავიწყეთ. სიის შედგენისას კი სათაურად ფურცელზე დავწერეთ “OBJECTS…”
– როგორი იყო Objects-ის პირველი ნაბიჯები? რა სირთულეები შეგხვდათ ამ პროცესში?
პირველი ნაბიჯები ახალი პროექტით გადავდგით. ყველაფერი საკმაოდ ორგანულად ვითარდებოდა. ჩვენ ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილნი. ძალიან ბევრი ახალი და ლამაზი რამის გაკეთების სურვილი გვამოძრავებდა და შესაბამისად, თითქმის მთელს ჩვენს დროსა და ენერგიას ამაში ვდებდით, რაც დღემდე გრძელდება – ახლის ძიება და სრულყოფილებისკენ სწრაფვა.
რაც შეეხება სირთულეებს, ამ მხრივ მასალებისა და ადგილობრივი რესურსის არარსებობა/ცვალებადობას გამოვყოფდით. ძალიან ბევრი რამის მოფიქრება შეუძლია ადამიანს, მთავარია, ეს ჩანაფიქრი განხორციელებადი იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვცდილობთ, ტექნოლოგიებშიც ვერკვეოდეთ, რომ ვიცოდეთ, თუ რისი რესურსი გვაქვს და შევძლოთ მისი ბოლომდე გამოყენება. ჩვენთვის ყოველი დღე არის სასიამოვნოდ დატვირთული. უფრო მეტი გვინდა ვიფიქროთ პროდუქტის დიზაინზე, რაც ხშირად არ გამოგვდის, ვინაიდან დრო არ გვაქვს და ამაზე გული გვწყდება. ეს საკმაოდ რთული საქმეა, მთელი პასუხისმგებლობა ჩვენ გვეკისრება – პროცესს სრულად ჩვენ ვაკონტროლებთ და ალბათ, ეს არის ყველაზე მთავარი სირთულე, თუმცა არსებული გამოცდილება ძალიან გვეხმარება.
– ვისაუბროთ თქვენს დიზაინ პროექტებზე. მიუხედავად თქვენი ნამუშევრების მრავალფეროვნებისა, პროფესიონალი თვალისთვის აშკარაა, რომ თქვენ გაქვთ სახასიათო სტილი, რომელიც ძალიან გამორჩეულია ქართული დიზაინის სფეროში. თქვენ როგორ დაახასიათებდით თქვენს ხელწერას?
– ჩვენთვის მიღწევაა, თუ ჩვენს პროექტებს ჩვენი ხელწერა ემჩნევა, ამავდროულად ხარისხიანია და დამკვეთიც ბედნიერია. ვცდილობთ, შევქმნათ ისეთი დიზაინი, რომელიც დროს გაუძლებს და სულ აქტუალური იქნება. პირველ რიგში, უპირატესობას ვანიჭებთ ხარისხს.
– როგორია Objects-ის მთავარი ფილოსოფია? რა არის ის უმთავრესი პრინციპები, რომელთა გათვალისწინებით იქმნება თქვენი ნამუშევრები?
ჩვენთვის მთავარია, რომ სივრცე, რომელსაც ვაპროექტებთ, ადამიანს ანიჭებდეს სიამოვნებას, იქნება ეს ფუნქციონალურად თუ ესთეტიკურად. ზოგჯერ შეიძლება ობიექტის მხოლოდ ესთეტიკური სილამაზეც კი იყოს მისი ფუნქცია და ეს ყველაფერი შესრულდეს იმდენად ხარისხიანად, რომ ადამიანს არ გაუჩნდეს არც საჭიროება და არც მოთხოვნილება რამეს ცვლილებისა. ასე ვთქვათ, მდგრადი დიზაინი – ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია.
– გარდა ინტერიერის პროექტებზე მუშაობისა, თქვენ გაგაჩნიათ ავეჯისა და აქსესუარების შოურუმი. გვიამბეთ მის შესახებ.
– საწყის ეტაპზე თბილისში ბევრ საინტერესო ნივთსა თუ ავეჯს ვერ ვშოულობდით და ამიტომ გადავწყვიტეთ, გაგვეხსნა ჩვენი საკუთარი სივრცე, სადაც ყველა სურვილს ავიხდენდით და ჩვენს აღმოჩენებსა თუ საყვარელ ნივთებს ჩვენვე ჩამოვიტანდით და გავუზიარებდით მომხმარებლებს.
– გამოარჩევდით თუ არა რომელიმე თქვენ მიერ შესრულებულ ნამუშევარს?
– ჩვენთვის ყველა ის ნამუშევარი გამორჩეულია, რომელიც ჩანაფიქრის მიხედვით არის შესრულებული. ვფიქრობთ, მივაღწიეთ დამკვეთის ნდობას და ბევრი საინტერესო პროექტი გამოგვივიდა, რაც რა თქმა უნდა, დამკვეთის დამსახურებაც არის და დიდი მადლობა მათ ამისთვის.
– რას გვეტყვით თქვენს სამომავლო გეგმებზე?
ამ ეტაპზე ძალიან ბევრი სამომავლო გეგმა გვაქვს. თუმცა, პირველ რიგში, გვინდა ავეჯისა და სხვა ობიექტების დიზაინის მხრივ ჩვენი დიდი ხნის ჩანაფიქრი განვახორციელოთ და სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ.