in

პატარა მყუდრო ლონდონური სახლი ბაღით

Banner M2
Banner M2

ლონდონში მდებარე ეს მშვენიერი ერთოთახიანი ბინა საგულდაგულოდ არის რესტავრირებული, რათა სახლის ულამაზესი პერიოდის მახასიათებლები თვალსაჩინოდ იყოს წარმოჩენილი.

საცხოვრებელი XVIII საუკუნის ბოლოს აშენებული სახლების რიგში მდებარეობს. მისი ფართობი მხოლოდ 54.5მ2-ს შეადგენს, მაგრამ მას უკანა მხარეს შესანიშნავი მწვანე ბაღი აქვს, რომლის თბილ სეზონებზე გამოყენებითაც საცხოვრებელი სივრცის გაფართოებაა შესაძლებელი.

ოთახები მსუბუქი და ჰაეროვანია – გაფორმებულია ღია ნაცრისფერ და თეთრ ფერებში. მხოლოდ სამზარეულოში შეხვდებით ღია ვარდისფერ კედლებს, რომლებიც მუქ ნაცრისფერ კარადებს შესანიშნავად ერწყმის. ფანჯრების ჩარჩოებისთვისაც იგივე ნაცრისფერი ელფერია გამოყენებული.

ღია თაროები სამზარეულოს ხიბლს მატებს და, ასევე, ხელს უწყობს ჰაეროვნების შეგრძნების შექმნას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ოთახი დიდი არ არის და ერთ მხარეს დახრილი ჭერი აქვს.

სამზარეულო და მისაღები ოთახი, რომლებიც ბაღს გადაჰყურებს სახლის უკანა ნაწილშია განთავსებული. მისაღები ოთახის კედლები თეთრ ფერშია შეღებილი, ხოლო ჭერი – რბილ ნაცრისფერში. ამ ოთახში გამოყენებული ნეიტრალური ფერების პალიტრა მშვიდ ატმოსფეროს ქმნის, ხოლო ხის იატაკი სივრცეს სითბოს მატებს.

დიდი ზომის საძინებელი, რომელსაც ხის ფანჯრები აქვს, სახლის წინა ნაწილში მდებარეობს. აქ ბუხრის წინ მყუდრო დასაჯდომი ადგილია მოწყობილი. მარმარილოს ბუხარი ამ ოთახის ცენტრალური ნაწილს წარმოადგენს, რომლის ორივე მხარეს კარადებია ჩაშენებული, ამიტომ ოთახის უფრო მეტი კარადით დატვირთვა საჭირო აღარ არის. საძინებლის კედლებისთვის ნაზი მტრედისფერი ტონია გამოყენებული.

სამზარეულოდან გამავალი მინის პანელიან კარს ამაღლებულ შიდა ეზომდე მივყავართ. მის მიღმა არის კერძო ბაღი სასადილო ზონისკენ მიმავალი ვიწრო ბილიკით. აქ პატარა ბაღის სახლსაც შეხვდებით.

მერლინ მონროს გამორჩეული სახლები

რამდენი ოთახია საჭირო კომფორტული ცხოვრებისთვის ბინაში?