დაკო ბახტურიძე ახალგაზრდა მკვლევარია, რომელიც ამ ეტაპზე ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიაში მუშაობს. ეს ბინა მან 2019 წელს შეიძინა და მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერის დიზაინთან მანამდე არანაირი შეხება არ ჰქონია, თამამად შეუდგა პროექტის დამოუკიდებლად განხორციელებას.
“ვმუშაობ სახლიდან და ხშირად მიწევს მოგზაურობა, ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. დიზაინთან არანაირი შეხება არ მქონია, თუმცა, როდესაც ეს ბინა შევიძინე, მომიწია ბევრ რამეში გარკვევა, მათ შორის ტექნიკურ საკითხებშიც და არა მხოლოდ დიზაინში, რაც ჩემთვის მანამდე წარმოუდგენელი იყო,” – დაკო ბახტურიძე
ბინა მდებარეობს ნახალოვკაში, ც. დადიანის ქუჩაზე. როგორც ჩვენი რესპონდენტისგან ვიგებთ, უძრავი ქონების შეძენისას მისთვის გადამწყვეტი როლი ადგილმდებარეობას მიენიჭა.
“მე არ მყავს ავტომობილი და მისი შეძენა არც შედიოდა ჩემს გეგმებში, შესაბამისად, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ქალაქის ყველა წერტილთან მეტნაკლებად ახლოს ვყოფილიყავი. ალბათ ამ ბინას არ შევიძენდი, პატარა ბავშვი რომ მყოლოდა, ვინაიდან გარშემო თითქმის არანაირი პარკი არ არის და ამ მხრივ სახარბიელო მდებარეობა არ აქვს. თუმცა, ამ ეტაპზე ჩემთვის მისაღები იყო, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ბინა არ არის ქალაქის ცენტრში, მაინც ადვილად მისაღწევია ყველა მხრიდან.”
დაკომ ბინა ე.წ. “თეთრი კარკასის” მდგომარეობაში შეიძინა და როგორც თავად გვიამბობს, ტიხრები საკუთარი ხედვით დააგეგმარა და ამ პროცესში პროფესიონალი ეხმარებოდა.
“პირველი ეტაპი იყო ტიხრების დაგეგმვა. თუმცა, ამ მხრივ ბევრი შესაძლებლობა არ იყო, რადგან ბინა პატარაა, სულ რაღაც 52 კვადრატული მეტრი მთლიანობაში. შესაბამისად, დიდი არჩევანი არც მქონდა. მაგრამ ერთი რამ, რაც ზუსტად ვიცოდი, იყო ის, რომ მინდოდა გარდერობის ოთახი, რაც ავიხდინე.”
შემდგომი ეტაპი უშუალოდ სარემონტო სამუშაოების წარმოება იყო. ამ მიმართულებით ობიექტზე ხელოსნების ჯგუფი მუშაობდა, თუმცა, პროცესს ამ შემთხვევაშიც სრულად მართავდა ბინის მეპატრონე.
“მე მომიწია ყველა ძირითადი სამუშაოს ხელმძღვანელობა. ვიძიებდი სხვადასხვა საჭირო ინფორმაციას და ვეკითხებოდი რჩევებს ადამიანებს. საკმაოდ ბევრს დავდიოდი მაღაზიებში მასალების სანახავად და ყველაფერი თავად შევარჩიე. საბოლოოდ, სადა ფერებზე შევჩერდი (თეთრი და ხისფერი ტონები), რადგან მინდოდა ფერადი ავეჯი და აქსესუარები, ეს ტონები კი მომცემდა საშუალებას, რომ სახლი ძალიან არ აჭრელებულიყო.”
აღნიშნული პროექტი დაკოსთვის პირველი რემონტის გამოცდილება იყო. შესაბამისად, პროცესის დროს იგი გარკვეულ სირთულეებსაც წააწყდა.
“ტექნიკური თვალსაზრისით, ბევრი გამოწვევა შემხვდა, რაც ჩემი გამოუცდელობით იყო განპირობებული. მინდოდა, რომ შემერჩია, ერთი მხრივ, ხარისხიანი მასალა, და მეორე მხრივ, არც ისე ძვირადღირებული, რაც საბოლოო ჯამში, გამომივიდა. თუმცა, გარკვეული შეცდომები დავუშვი, რასაც ახლა ვხედავ (მაგალითად, კონდიციონერის მდებარეობა), მაგრამ საბედნიეროდ, ისეთი შეცდომა არ მომსვლია, რაც გამოუსწორებელი იქნებოდა ან ცხოვრებას არაკომფორტულს გახდიდა.”
რაც შეეხება დიზაინს, ამ მხრივ დაკოს პროფესიონალის დახმარებით არ უსარგებლია და როგორც თავად აღნიშნავს, არც მეგობარი დიზაინერისთვის მიუმართავს. მიუხედავად იმისა, რომ თავს ამ საქმის პროფესიონალად არ მიიჩნევს, დამოუკიდებლად შეუდგა საკუთარი საცხოვრებლის დიზაინის შექმნას.
“მანამ, სანამ გადავწყვეტდი, თუ როგორი სახლი მინდოდა, პირველ რიგში, ვნახე უამრავი მასალა ინტერნეტში. ზოგადად, მომწონს ფერები. არც ჩემი სახლი და არც ჩემი გარდერობი არ არის ერთფეროვანი, მიყვარს სხვადასხვა ნათელი ფერის შეხამება და ჩემი ბინის დიზაინიც ასე გადაწყდა. თუმცა, საკმაოდ რთული აღმოჩნდა ფერების ბალანსი. ვინაიდან არ ვარ დიზაინერი, არ მინდოდა, ინტერიერი „უაზროდ“ ჭრელი გამოსულიყო, რაც გამაღიზიანებდა, ამიტომ საბოლოო ჯამში, შევჯერდი, რომ წამყვანი ტონები სახლში იქნებოდა ლურჯი და ყვითელი, რომლებიც ძალიან უხდება ერთმანეთს და ვეცადე, დანარჩენი ფერები ნაცრისფერ ტონებში შემერჩია, რათა თავიდან ამერიდებინა სიჭრელე. ასევე სამზარეულოს აქსესუარებში შემოვიტანე წითელი ფერიც. რაც შეეხება საძინებელს, იქ უფრო სადა ფერები შევარჩიე, ნაკლებად “მყვირალა“.
როგორც დაკო გვიამბობს, ინტერიერზე მუშაობისას მისი უმთავრესი მიზანი იყო, რომ შეექმნა სივრცე, რომელიც იქნებოდა კომფორტული ცხოვრებისთვის, პრაქტიკული მოვლის თვალსაზრისით და ამავე დროს ლამაზიც.
“ვფიქრობ, რომ ეს მისია შევასრულე. მიყვარს კერამიკა და შესაბამისად, მაქვს ბევრი ნივთი, თუმცა ვცდილობ, ყველაფერი, რასაც შევიძენ, იყოს როგორც დეკორატიული, ასევე პრაქტიკულიც გამოყენების თვალსაზრისით. ცოტა ნივთი მაქვს სახლში, რომელთაც მხოლოდ დეკორატიული ფუნქცია გააჩნიათ. ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარეობს, რომ არ მსურს, პატარა სივრცე ბევრი საგნით გადავტვირთო,” – დაკო ბახტურიძე
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე
რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი