in

ფრეი პოლ ოტო – XX საუკუნის გამორჩეული გერმანელი არქიტექტორი

გერმანელი არქიტექტორი – ფრეი პოლ ოტო 1925 წლის 31 მაისს გერმანიაში, ზიგმარში დაიბადა და ბავშვობა ბერლინში გაატარა. მოქანდაკეების შვილი და შვილიშვილი, ოტო ადრეულ ასაკში სკოლის არდადეგების დროს მამამისთან სტაჟიორ ქვისმთლელად მუშაობდა, მისი ჰობი კი ფრენა და პლანერების დიზაინის შექმნა იყო.

1943 წელს მან არქიტექტურის შესწავლის მიზნით, უნივერსიტეტში ჩასაბარებლად განაცხადი შეიტანა, მაგრამ სანაცვლოდ სამუშაოდ გაგზავნეს. 1943-1945 წლებში სამხედრო სამსახურში ჩაირიცხა და მფრინავის მომზადება გაიარა. მოგვიანებით, 1944 წელს, მისი წვრთნა შეწყდა და ოტომ ქვეითად დაიწყო მსახურობა. 1945 წელს იგი ტყვედ ჩავარდა და საფრანგეთის ომის ტყვეობაში 1947 წლამდე დარჩა. იქ ოტო ბანაკის არქიტექტორად მუშაობდა და სამშენებლო მასალების მიუწვდომლობამ იძულებული გახადა, მინიმალური რესურსებით დროებითი ნაგებობების აშენება ესწავლა.

სახურავი ოლუმპიური სტადიონისთვის, მიუნხენი, 1972წ.

1948 წელს ფრეი ოტო ბერლინში დაბრუნდა და არქიტექტურის შესასწავლად ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. 1950 წელს ის გადავიდა შეერთებულ შტატებში, სადაც, ვირჯინიის უნივერსიტეტში, ქალაქგეგმარებასა და სოციოლოგიას სწავლობდა. იქ მან სხვადასხვა არქიტექტურული ადგილები, ცნობილი არქიტექტორების მიერ შექმნილი სხვადასხვა სტრუქტურები და ღირსშესანიშნაობები მოინახულა. 1952 წელს ოტო ბერლინში დაბრუნდა, საკუთარი არქიტექტურული ფირმა დააარსა და პრაქტიკასთან ერთად დოქტორანტურისთვის მზადება დაიწყო. 1954 წელს მან ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის დოქტორის ხარისხი მიიღო. გადახურვის კონსტრუქციების შესახებ მისი დისერტაცია რამდენიმე ენაზე გამოიცა.

იაპონური პავილიონის სახურავის სტრუქტურა, ჰანოვერი, გერმანია

მან მოღვაწეობა კარვის მსგავსი დიზაინის ტექნიკით განაგრძო და შექმნა რამდენიმე პროექტი, რომელიც ამ მიდგომას უწყობდა ხელს. 1952-1972 წლებში ოტომ, როგორც თავისუფალმა არქიტექტორმა, გამომგონებელმა და დიზაინერმა საკმარისი პოპულარობა მოიპოვა. მან ბერლინში მსუბუქი წონის სტრუქტურების ახალი ტენდენცია დანერგა. ამ სფეროში მისმა მოღვაწეობამ და როლმა განაპირობა 1964 წელს (1990 წლამდე) მისი დანიშვნა გერმანიის შტუტგარტის უნივერსიტეტის მსუბუქი სტრუქტურებისა და კონცეპტუალური დიზაინის ინსტიტუტის დირექტორად.

International & Universal Exposition, 1967წ.

პრაქტიკულ არქიტექტურასთან ერთად, ოტომ დაწერა და დაარედაქტირა რამდენიმე წიგნი და ნამუშევარი გასაჭიმი კონსტრუქციების შესახებ. არქიტექტურის სფეროში შეტანილმა ყველა ამ წვლილმა მას მრავალი ჯილდო მოუტანა. ოტომ არქიტექტურული სამყაროს უმაღლესი ჯილდო, პრიცკერის პრემია აიღო, რის შესახებაც საჯაროდ 2015 წლის 23 მარტს უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ 2015 წლის 9 მარტს მისი გარდაცვალების გამო, კომიტეტმა ეს ამბავი საზოგადოებას მეორე დღეს, ანუ 2015 წლის 10 მარტს ამცნო. პრიზის მოგების შესახებ ფრეი ოტოს აზრი ასეთი იყო:

„არასოდეს არაფერი გამიკეთებია ამ პრიზის მოსაპოვებლად. პრიზების აღება ჩემი ცხოვრების მიზანი არ არის. ვცდილობ დავეხმარო ღარიბ ხალხს, მაგრამ რა უნდა ვთქვა, ძალიან ბედნიერი ვარ.“

Tuwaiq Palace, საუდის არაბეთი, 1985წ.
Multihalle, მანჰეიმი, 1975წ.

ვოლიერი მიუნხენის ზოოპარკში, 1980წ.

როგორ შევარჩიოთ ბალიში – 4 მთავარი კრიტერიუმი

საშემოდგომო ატმოსფერო სააბაზანოში – 5 სასარგებლო რჩევა