in

კერძო სახლი შინდისში – ნანუკა მჟავანაძის ინტერიერი

ნანუკა მჟავანაძე პროფესიით იურისტია და მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაშია დასაქმებული, მის ცხოვრებაში ვიზუალურ ხელოვნებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. როგორც თავად გვიამბობს, მხატვრების გარემოცვაში იზრდებოდა, დღეს კი ბევრი მხატვარი, არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი მეგობარი ჰყავს. შესაბამისად, ინტერიერის დიზაინთან ირიბი შეხება ყოველთვის ჰქონდა.

მიყვარს ექსპერიმენტები და მაქვს სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება. საკუთარი ბინის მოწყობა პირველად, დედასთან ერთად, 2000 წელს ვცადე. ამ ექსპერიმენტმა ძალიან გაამართლა და მართლაც ფანტასტიკური სახლი გამოგვივიდა, რამაც გამათამამა და ახლაც საკუთარი ძალებით შევეჭიდე ამ პროექტს,” – გვიამბობს ნანუკა

სახლი, რომლის საერთო ფართობი 350 კვადრატულ მეტრს შეადგენს, შინდისში, ბარნოვის ქუჩაზე მდებარეობს. ნანუკას ოჯახმა აქ მიწის ნაკვეთი 2005 წელს შეიძინა, პანდემიის პირობებში კი ამ ადგილის მნიშვნელობა მათთვის გაორმაგდა და მშენებლობას შეუდგნენ.

ის, რომ თავისუფლების მოედნიდან სულ რაღაც 12 წუთში შეგიძლია იყო მზიან და ჰაერით გაჯერებულ საკუთარ სახლში, ძალიან დიდი ფუფუნებაა. სახლი მთლიანად საკუთარი ძალებით დავაპროექტეთ და ავაშენეთ, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. ყველა დეტალი ჩვენს მოთხოვნებს მოვარგეთ და ასევე, ბოლომდე ვაკონტროლეთ ხარისხი, რაც ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მშენებლობისას.”

გეგმარების პროცესში ნანუკამ, პირველ რიგში, საკუთარი ოჯახის წევრების რაოდენობა გაითვალისწინა და სივრცე ისე გადაანაწილა, რომ ყველას ჰქონოდა საშუალება, ეცხოვრა საკუთარი ცხოვრების წესით ისე, რომ ერთმანეთისათვის ხელი არ შეეშალათ.

პირველი სართულის ერთ ფლიგელში გვხვდება სასადილო ოთახი ბუხრით, სამზარეულო გარე სასადილო სივრცით და სველი წერტილი სტუმრებისათვის. მეორე ფლიგელში განთავსებულია საძინებელი აბაზანით და კაბინეტი, რომელიც პატიოში გადის.

 

მეორე სართულზე დიდი მისაღები ოთახია ტერასით და ასევე 3 საძინებელი საკუთარი სველი წერტილებით.

რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, როგორც ნანუკასგან ვიგებთ, ამ მხრივ მისთვის მთავარი იყო ხარისხი და ფუნქციურობა, ამასთან ერთად კი ყველა დეტალს ესთეტიკური მოთხოვნებიც უნდა დაეკმაყოფილებინა. შესაბამისად, მეპატრონე გულდასმით არჩევდა თითოეულ ნივთს, ფერსა თუ დეტალს.

სახლი ძალიან კომფორტული და ფუნქციურია. რაც შეეხება ინტერიერს, ვერასდროს ჩათვლი, რომ ის დასრულებულია, ვინაიდან ვთვლი, რომ, ეს მუდმივი პროცესია და პიროვნულ ზრდასთან და განვითარებასთან ერთად, ისიც მუდმივ გაუმჯობესებას მოითხოვს,”- ნანუკა მჟავანაძე

ამ ეტაპზე სახლი გასაქირავებლად არის გამოტანილი და მისი ქირაობა დღიურად არის შესაძლებელი Airbnb პლატფორმის საშუალებით.

რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი

რატომ სჭირდება ინტერიერს სახლის ბიბლიოთეკა და როგორ მოვაწყოთ ის?

დომუსს ვენდობი თვალდახუჭული – საცხოვრებელი კომპლექსის კონცეფცია ერთ ვიდეოში