in ,

ძველი თბილისური ამბავი გასტროდუქან “რიგის” ინტერიერში

Banner M2
Banner M2

დედაქალაქს სულ ცოტა ხნის წინ, თანამედროვე გასტრონომიული დუქანი – “რიგი” შეემატა. „რიგი“ სტუმარმასპინძლობის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია “ჯი-ემ-თი“ ჯგუფის მორიგი გასტრონომიული პროექტია, რომელმაც სახაბაზო „პური გულიანის“ მსგავსად, ზაარბრიუკენის მოედანზე დაიდო ბინა. “რიგი” არის ადგილი, სადაც ძველთბილისური რიგები, გემო და გასტრონომია თანამედროვე ხედვით გაცოცხლდა და ყოველდღიური კვების გასტრონომიულ დუქნად მოევლინა ქალაქს.

რესტორნის კონცეფცია ქალაქური გემოებისა და ძველთბილისური ბაზრის იდეას აერთიანებს, სადაც თბილისური გასტონომიული კულტურა და ქალაქური ხასიათი, რიგიანად შეერწყა თანამედროვეობის მოთხოვნებს. “რიგის” ბრენდისა და ინტერიერის კონცეფციის შექმნაზე, „ჯი-ემ-თი“ ჯგუფის დაკვეთით, კვების საკონსულტაციო სააგენტომ – “გასტრონავტმა” იმუშავა.

საიდან გაჩნდა ასეთი კონცეფციის კვების ობიექტის იდეა? 

კიწი სიგუა („ჯი-ემ-თი“ ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი): ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო, როდესაც “ჯი-ემ-თი” ჯგუფში გაჩნდა იდეა ძველ თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე, ახალი გასტრონომიული ობიექტები გაგვეხსნა. პირველი პროექტი, ახლა უკვე ყველასთვის საყვარელი, სახაბაზო „პური გულიანი“ იყო, რომელიც გახსნის დღიდან მუდმივი შეხვედრების და გულთბილი შეკრებების ადგილად იქცა თბილისში. შემდეგი ობიექტი გვსურდა უფრო განსხვავებული, ქართული ტრადიციული გემოების მიმართულებით შეგვექმნა, სადაც თბილისურ და რეგიონალურ სამზარეულოს ახლებულად გავაერთიანებდით. ობიექტის კონცეფციაზე, კვების საკონსულტაციო სააგენტო „გასტრონავტს“ მივმართეთ. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ „რიგი“ ჩვენი თანამშრომლობის, მეორე წარმატებული პროექტია.

ლალი პაპაშვილი (კვების საკონსულტაციო სააგენტო Gastronaut-ის კრეატიული დირექტორი): გასტროდუქანი რიგი არის მეორე პროექტი „ჯი-ემ-თი“ ჯგუფის დაკვეთით, რომელიც სააგენტო “გასტრონავტისა” და “ესმა ხეცურიანი დიზაინის” კოლაბორაციის შედეგია. პირველი პროექტი დედაქალაქში ყველასთვის უკვე ნაცნობი და საყვარელი ადგილი, სახაბაზო “პური გულიანია”. გასტრონავტის ყველა პროექტი გამოირჩევა საინტერესო კონცეფციით, ამბის თხრობით ე.წ. storytelling-ით და ზუსტად ეს განასხვავებს ჩვენს პროექტებს სხვა დანარჩენებისგან. დიდი ხნის განმავლობაში გვსურდა, დუქნის სახით, გაგვეცოცხლებინა ავთენტური თბილისური გასტრონომიული კონცეფცია. შეიძლება ითქვას, რომ დუქანმა კომუნისტების პერიოდში დაკარგა თავისი ნიშა და შესაბამისად ნდობაც. „ჯი-ემ-თი“ ჯგუფის და გასტრონავტის ხედვები ქართული გასტრონომიის განვითარებასთან დაკავშირებით დაემთხვა და „რიგის“ სახით, შეიქმნა ახალი თაობის გასტრონომიული დუქნის კონცეფცია.

© გიორგი მამასახლისი
© გიორგი მამასახლისი

რომ განგვიმარტოთ ზუსტად რას ნიშნავს თანამედროვე გასტრონომიული დუქანი?

კიწი სიგუა: ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია – ჩვენი გასტრონომიული დუქანიც ახალი წამოწყებაა, იმ ღირებულებით რაც დუქანს, როგორც გასტრონომიული გამოცდილებისა და ურთიერთობების ადგილს ძველად ჰქონდა. უფრო კონკრეტულად, „რიგი“ არის ჩვენი დროის დუქანი კარგად განვითარებული გასტრონომიული ბაზრის მიმართულებით, სადაც ქართული გასტრონომიული დელიკატესები და სპეციალურად რიგისთვის, საავტორო რეცეპტით შექმნილი პროდუქტები
(ძეხვი, ყველი, საწებელი, მარინადი), სხვადასხვა რიგებში გაწყობილ დახლებზე იყრის თავს.

რატომ გადაწყდა ეს კონკრეტული ადგილი ძველ თბილისში?

კიწი სიგუა: ვფიქრობთ, ამ ადგილს დიდი პოტენციალი აქვს, როგორც ადგილობრივი სეგმენტისთვის ისე ტურისტული თვალსაზრისით. ლოკაციაც ისტორიულია, მტკვრის მარცხენა სანაპირო, მშრალი ხიდის გასწვრივ, იქ სადაც ნიკალა მტკვრის ტივებიან ნაპირებს ხატავდა, ახლა თანამედროვე გასტრონომიულმა დუქანმა დაიდო ბინა.

© გიორგი მამასახლისი
© გიორგი მამასახლისი

მოგვიყევით თქვენი დიზაინის კონცეფციაზე ამ რესტორნისთვის?

ლალი პაპაშვილი: გასტრონავტის ხედვით ეს უნდა ყოფილიყო სივრცე ყველა თაობისთვის, ყველა სეგმენტის და ინტერესის ჯგუფისთვის. დიზაინის მთავარი ამოცანა იყო, რომ სივრცე არ ყოფილიყო არქაული, ყოფილიყო თანამედროვე, ქართული, ყოველდღიური ვიზიტისთვის. თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ გასტრონავტის ყველა პროექტი კომპლექსტურ მიდგომაზეა დამყარებული და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ჩვენი მთავარი მიმართულება storytelling-ია. შესაბამისად, შეამჩნევდით, რომ ჩვენი
არცერთი პროექტი არ არის აგებული დღევანდელი დიზაინის ტრენდების მიხედვით.

როგორ დაახასიათებდით ინტერიერის ასეთ სტილს?

ესმა ხეცურიანი (ინტერიერის დიზაინერი): მე არ მიყვარს მივაკუთვნო სტილი ჩემს მიერ მოყოლილ ინტერიერს, ის ამბავია და ამ შემთხვევაში ეს რიგია. რიგი, როგორც გასტროდუქანი. ჩემი და გასტრონავტის საერთო ამოცანა იყო დაგვენახებინა, როგორი იქნებოდა დუქნის განვითარება და როგორი სახით მოვიდოდა იგი 21-ე საუკუნემდე საბჭოთა დროის არარსებობის შემთხვევაში.

© გიორგი მამასახლისი
© გიორგი მამასახლისი

რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა რესტორნის ინტერიერზე მუშაობის დროს?

ესმა ხეცურიანი: დიდი გამოწვევაა როდესაც ღებულობ დავალებას რომელიც შედგება: 1 – ობიექტის სახელისგან, 2 – ბრენდიგან, ყველა თავისი შემადგენელი კომპონენტით 3 – არსებული სივრცე თუ სად უნდა გაცოცხლდეს უკვე ერთ პროდუქტად
მოტანილი სიუჟეტი ინტერიერის სახით. სახელიდან გამომდინარე მიხვდებოდით, რომ მთავარი მიმართულება ინტერიერში არის რიგები, როგორც ძველ თბილისში ვხვდებოდით სხვადასხვა რიგში გაწყობილ დუქნებს. ბამბის რიგი, ღვინის რიგი, რკინის რიგი და სხვა.. შევეცადეთ ეს მიმართულება ინტერიერში საინტერესოდ და რაც მთავარია, ფუნქციონალურად გადმოგვეტანა. თითქმის ყველაფერი ინტერიერში ხელნაკეთია და ესკიზებისგან არის შემქნილი. გარკვეული დეტალები, რომელსაც ინტერიერში შეხვდებით, დაშლილი სახლებისგან გვაქვს გაკეთებული.

რამდენად რთული აღმოჩნდა პროექტის ტექნიკურად შესრულება?

ესმა ხეცურიანი: პროექტის ტექნიკური შესრულება არა იყო რთული, რადგან მე და ლალის გვესმის ერთმანეთის და ჩვენ გვიყვარს ის, რასაც ვაკეთებთ, ეს ძალიან აზარტულია აკეთო ის რაც გაძლევს ძალას რომ გადახვიდე შემდეგ პროექტზე. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ გასტროდუქანი „რიგის“ პროექტზე მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო და გამოწვევებით სავსე იყო. ვფიქრობთ, ჩვენს მთავარ მიზანს მივაღწიეთ. რიგებში განლაგებული აგურისფერი კერამიკის ბოძები, განათებები, დარაბები და სხვა ინტერიერში არსებული დეტალები რიგში შემოსვლისთანავე გაგიჩენთ განცდას, რომ ყველაფერი რიგის მიხედვითაა
დალაგებული.

© გიორგი მამასახლისი
© გიორგი მამასახლისი

ფოტოგრაფი: გიორგი მამასახლისი

საზღვაო კონტეინერებისგან შექმნილი მოგზაური სახლები საქართველოდან

მოლდინგის ინტერიერში გამოყენების 5 მიზეზი