in

“შატო მუხრანის” სასახლის განახლებული ინტერიერი – ხუან პაბლო მოლინეოს საუცხოო ნამუშევარი

„შატო მუხრანის“ განახლებული სასახლე ოფიციალურად გაიხსნა. მართალია, მისი აღდგენითი სამუშაოები 2016 წელს დაიწყო, მაგრამ ყველაფერს გაცილებით ადრე ჩაეყარა საფუძველი — კერძოდ, „შატო მუხრანის“ აღდგენის პროექტი ბიზნესმენებმა, ფრედერიკ პოლსენმა და მისმა თანამოაზრეებმა წამოიწყეს 2002 წელს. ამ ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაოს შედეგად კი იდეის ავტორებმა აღადგინეს ღვინის საწარმო, ვენახები, მარნები, საჯინიბო და მუხრანბატონის სასახლე.

აღსანიშნავია, რომ სასახლის ინტერიერის რენოვაციის პროექტი საერთაშორისოდ აღიარებულ დიზაინერს, ხუან პაბლო მოლინეოს ეკუთვნის. იგი მრავალი ცნობილი ნამუშევრის ავტორია. მოლინეოს პორტფოლიო მოიცავს როგორც კერძო რეზიდენციების, ისე საზოგადოებრივი შენობებისა და კლუბების პროექტებს ამერიკაში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. ერთი დეტალი, რაც თითოეულ ინტერიერს გასდევს „ფონად“, მოლინეოსთვის დამახასიათებელი კლასიკური და ტრადიციული სტილია.

ხუან პაბლო მკაფიოდ გამოხატული ხედვით გამოირჩევა, თუმცა, „შატო მუხრანის“ სასახლის აღდგენითი სამუშაოების მსვლელობისას მხოლოდ საკუთარ ფანტაზიასა და სურვილებს ვერ მიენდობოდა… ამის საპირისპიროდ, დიზაინერს მე-19 საუკუნის 70-იანი წლების ქართული ტენდენციები უნდა გაეთვალისწინებინა — ანუ, იმ პერიოდისა, როდესაც შატოს სასახლე აიგო. სწორედ აქედან გამომდინარე, აღნიშნულ პროექტზე მუშაობისას მოლინეო მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან. ამას გარდა, დიზაინერმა პირადად შეისწავლა საქართველოში არსებული სასახლეები. შედეგად, მოლინეოს ინტერიერის დიზაინი მოულოდნელი ხერხებით, ფანტაზიისა და საუკუნოვანი ტექნიკის შერწყმით გვიყვება წარსულზე და ჩვენ თვალწინ აცოცხლებს ისტორიულ ატმოსფეროს.

მთლიანობაში, პროექტი მეტად ამბიციურია და მოიცავს დიდ საპატიო ვესტიბიულს (Grand vestibule d’Honneur), სამეჯლისო დარბაზს, დაახლოებით 80 ადგილიან რესტორანს პროფესიონალური სამზარეულოთი, მთავარ ბარს, ლაუნჯს, ბიბლიოთეკას, შეხვედრების დიდ ოთახს, გალერეას, ოფიციალური ღონისძიებებისა და მიღებებისთვის განკუთვნილ რამდენიმე პრესტიჟულ ოთახს, მდიდრულ ლუქს-ოთახს და სხვ.

Homeis.ge პირადად გაესაუბრა ამ უმშვენიეერესი პროექტის ავტორს და დღეს სწორედ მასთან ინტერვიუს გთავაზობთ, რომლის ფარგლებშიც ხუან პაბლო მოლინეო თავად გვიამბობს იმის შესახებ, თუ რა გზა გაიარა სასახლემ ნანგრევებიდან განახლებულ იერსახემდე. 

ვიდრე უშუალოდ „შატო მუხრანის“ სასახლეზე ვისაუბრებთ, საინტერესოა თქვენი გამოცდილება, პროექტები და მიღწევები — ანუ, ვინ არის ხუან პაბლო მოლინეო, როგორც დიზაინერი?

ყოველთვის რთულია საკუთარ თავს განსაზღვრება მოუძებნო. ჩემს შემოქმედებაზე საუბრისას ხშირად იყენებენ სიტყვას „მაქსიმალისტი“. არ ვიცი, პირველად რომელმა ჟურნალისტმა გამოიყენა ეს ეპითეტი, მაგრამ მისი ეს მიგნება პოპულარული გახდა და როგორღაც ჩემს იარლიყად იქცა. ამ ფორმულაში სიმართლის ელემენტი ნამდვილად არის. თუ ადამიანთა გონებაში „მაქსიმალისტი“ „მინიმალისტის“ საპირისპირო მნიშვნელობისაა, მართლა მაქსიმალისტი ვარ.

ჩემთვის აზრი არ აქვს სამყაროს მრავალფეროვნების, ტრადიციების სიმდიდრის, ხელოვნების და ცივილიზაციების განსხვავებული ფორმების უარყოფას. მწამს, რომ ახლა საყოველთაოდ გავრცელებულ მინიმალიზმს რომ გაემარჯვა, სამყარო ბევრს დაკარგავდა. ჩემთვის მნიშვნელოვანია დავუბრუნდეთ ეკლექტიკას, კულტურათა მრავალფეროვნებას. ჩემი შემოქმედება სამყაროს სიმდიდრის, კულტურის, ისტორიისა და დეკორატიული სტილის ზეიმია, რომელიც სრულყოფილებას მოითხოვს; იმ სრულყოფილებას, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო ოსტატთა უნიკალურ ცოდნაში ვპოულობ.

„სრულყოფილებას საზღვარი არ აქვს“

ჩემი საყვარელი პროექტები ისინი არაა, რომლებიც თქვენ შეიძლება წარმოიდგინოთ. ძალიან ვამაყობ კანადის და კატარის სასახლეებით, მაგრამ ასევე მიყვარს საფრანგეთის, იტალიის, ავსტრიისა და გაერთიანებული სამეფოს ისტორიულ მონუმენტებში გაკეთებული ჩარევები, ის აზარტი, რომელიც ამოცანას მოაქვს.

ასევე, ძალიან ძვირფასია ჩემი საკუთარი სახლები. ყოველი სტუმრობისას ძალიან მხიბლავს ჩემი საერთაშორისო კლიენტებისთვის გაკეთებული მოზრდილი აპარტამენტები ლონდონსა თუ პარიზში, რომელთაც ფრანგები pied-a-terre-ს (ფრანგ.„ფეხი მიწაზე“, პატარა ბინა) უწოდებენ.

ისიც მართალია, რომ ყველაზე მეტად მასშტაბური და ამბიციური საცხოვრებელი პროექტებით მიცნობენ.  ჩემი მთავარი საქმიანობა მართლაც ესაა. სიამოვნებით ვიმუშავე რამდენიმე ინსტიტუციურ და ტურისტულ პროექტზე. პარიზში გავარემონტე ელისეს სასახლესთან ახლოს მდებარე კერძო კლუბის Cercle de l’Union Interalliée დიდი სასადილო ოთახი და მისაღები ოთახები.

სიმართლე გითხრათ, თითოეულ პროექტს თავისი სპეციფიკური ამოცანა აქვს, რომელიც უნდა ამოიხსნას, ამიტომ განზოგადება არ შეგვიძლია. თუ გავბედავ და მოდის სამყაროსთან შედარებას გამოვიყენებ, ჩემი შემოქმედება შეიძლება შევადაროთ Haute couture-ს, მაღალ მოდას და არა prêt-à-porter-ს, მზა ტანსაცმელს.

გვიამბეთ, რა იყო თქვენი შთაგონება სასახლის ინტერიერის კონცეფციის დაგეგმვისას? ალბათ, ყველაფრისადმი ეკლექტური დამოკიდებულების გამო, განსაკუთრებით საინტერესო იყო „შატო მუხრანის“ სასახლის აღდგენა…

როცა ჩარევა საჭიროა ისეთ ადგილებში, რომლებიც დიდ ისტორიას ინახავს, ჩემი განზრახვა არც ისტორიული ინტერიერის რეკონსტრუქციაა და არც დაკარგული არქიტექტურული ინტერიერების რეპროდუქცია. ჩემი ამოცანა უფრო ატმოსფეროს გაცოცხლება, იმ დიდებული და ნატიფი სულის გამოხმობაა, რომელიც ერთ დროს ამ არქიტექტურასა და დიზაინში იყო გამეფებული.

ყოველთვის, რამდენადაც შესაძლებელია, ვცდილობ, ოთახების თავდაპირველი სივრცე/მოცულობა და განაწილების გეგმა აღვადგინო და თან დღევანდელი ცხოვრებისთვის აუცილებელი კომფორტი შევქმნა. არსებული შენობის არქიტექტურა თავად მელაპარაკება და მიბრძანებს. მას საკუთარი, თავისებური ლოგიკა აქვს, რომელიც თითქმის ორგანულია მისთვის. ეს დიდი ქვის წიგნია, რომელიც ინფორმაციას აწვდის იმ ადამიანს, ვისაც უნდა და იცის, როგორ წაიკითხოს.

ათწლეულების გამოცდილება საშუალებას მაძლევს, ვთქვა, რომ პირველი ვიზიტისას ხშირად წარმოვიდგენ, რას გავაკეთებ მთელ შენობაში. ჩემს კრეატიულ პროცესს შთაგონებას თავად სივრცე აძლევს: წარმომადგენინებს ნახაზებს და ვერტიკალურ პროექციებს, მოპირკეთებას, ფერებს და ხასიათს, ყველაფერს ერთბაშად. ვგრძნობ, რომ ეს ყველაფერი ძალიან ცხადია.

რა თქმა უნდა, ძალიან ამაყი ვიყავი და დიდ პატივად მივიჩნიე, როცა ეს პრესტიჟული სარესტავრაციო პროექტი შემომთავაზეს. როცა ასეთ პროექტს ხელმძღვანელობ, თავმდაბლობა გმართებს, რადგან არსებულ შენობასთან მუშაობ და არა მის წინააღმდეგ. ახლა ჩვენი ამოცანა სასახლის სტრუქტურის გამაგრებაა, რომელიც დროის მდინარებამ დააზიანა. გამაგრების სამუშაო მხოლოდ იმ უბნებზე ჩატარდა, სადაც გადაუდებელი აუცილებლობა იყო და ისიც მეტად დაწვრილებითი კვლევების შემდეგ.

პირველი სართულიდან სარდაფში ჩასასვლელად ექსტერიერის მხოლოდ ერთი მოდიფიკაცია გახდა საჭირო. დამატებას გალერეის სახე მივეცით. ის დიდ ნავს სასახლის საპროექციო ნაწილთან აკავშირებს. ამასთან, სასახლის ინტერიერის თავდაპირველი დეკორაციიდან არაფერი იყო დარჩენილი. ყველაფერი თავიდან იქნა გასაკეთებელი. ეს დეკორატორისთვის ნამდვილი ამოცანა და თან მოულოდნელი შანსია. თითქოს, სასახლე თვითონ წარმოგვიდგება სუფთა ფურცლად. რამხელა წნეხია!

სასახლის ინტერიერში რამდენიმე აქცენტია გამოკვეთილი — აქ ერთმანეთს ერწყმის ბერძნული სამყაროს, რენესანსისა და აღმოსავლური დეტალები. მოდით, თავად გვიამბეთ, რომელ სტილსა და ელემენტებს მიაქციეთ ყველაზე დიდი ყურადღება და როგორ მოარგეთ ის მე-19 საუკუნის ქართულ სასახლეს?

პირველ რიგში, იმას აღვნიშნავ, რომ „შატო მუხრანის“ შენობას კოსმოპოლიტური წარმოშობა და არქიტექტურული ლექსიკონი აქვს. სიმართლე გითხრათ, რთული სულაც არ ყოფილა ეკლექტიზმის გამოყენება, რადგან თავად სასახლეს ჰქონდა ეს მრავალფეროვანი სარჩული… უფრო კონკრეტულად, მისი დიზაინი თავად ივანე მუხრანბატონის ფრანგ არქიტექტორებს ეკუთვნით. ამასთან, სასახლის ირგვლივ ბაღებიც ვერსალის მებაღემ გააშენა.

გარდა ამისა, სასახლე ცნობილი იყო მოოქრული იტალიური ავეჯითა და საქართველოში პირველი ევროპული პარკეტით. პირველ სართულზე 150 ადამიანზე გათვლილი ამფითეატრი ჰქონდათ, სხვა სართულებზე კი — მრავალნაირი სალონი. ამ სინთეზმა იმის საშუალება მოგვცა, რომ სწორედ საფრანგეთში და იტალიაში მოგვეძებნა ინსპირაციები. ეს ყველაფერი ქართული კულტურის ნაწილია…

მუხრანის სასახლისა და ბაღების დიზაინის კონცეფცია ნეოკლასიკური სულითაა გაჯერებული. ეს მონუმენტი ევროპულმა კულტურამ შვა, რომელშიც მე-18 და მე-19 საუკუნეების ფრანგული, იტალიური და რუსული ელემენტები ერწყმის ერთმანეთს. ჩემი პროექტი სწორედ ამ ევროპულ ეკლექტიკაზე ავაგე, რომელსაც მე-19 საუკუნეში გავრცელებული ნეოკლასიციზმი აერთიანებს.

რასაკვირველია, ჩემი შთაგონება ღვინის და ვენახების თემიდანაც მოდის. მაგალითად, აქ ბახუსის სურათებს შეხვდებით, რაც პირდაპირ კავშირშია ღვინოსთან — მის გამოსახულებებს კი რენესანსის და ბაროკოს ეპოქაში ძალიან ბევრი მხატვარი იყენებდა კომპოზიციებში. ხოლო ზოგი სალონი, რომელიც აქ გავაწყვეთ, ჩემს წარმოდგენაში არსებული თურქული სალონებივით, იმ ეგზოტიკურ მოდას ასახიერებს, რომელიც მე-19 საუკუნის არისტოკრატთა სახლებში არსებობდა.

ისეთი ძვირფასი მასალების გამოყენებით, როგორებიცაა მარმარილო, ქვა, მაჰოგანის (წითელი ხე) ნაკეთობები, მინა, სტუკო (ხელოვნური მარმარილო) და სხვა, სახლს თავისი დიდებული სული დაუბრუნდა.

საინტერესოა, რა იყო მთავარი გამოწვევა, რომელსაც რესტავრაციის პროცესში წააწყდით?

როდესაც რესტავრაციის ამ პროექტს ჩავუდექი სათავეში, პირველ რიგში მისი მიზნის განსაზღვრა იყო მნიშვნელოვანი. რატომ ვაკეთებდით ამას? მხოლოდ იმიტომ ხომ არა, რომ თანამედროვე სივრცეები შეგვექმნა, არამედ თავის პირვანდელ იდენტობას მორგებულად უნდა განგვეახლებინა და ქართული კულტურა აგვესახა. თავდაპირველად რთული იყო ამის მიღწევა, რადგან ერთგვარი კვლევა მჭირდებოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რას და როგორ აკეთებდნენ იმდროინდელ საქართველოში — ამიტომაც, ქართველმა ხელოვნებათმცოდნეებმა შესაბამისი კვლევა მომაწოდეს, რაც მნიშვნელოვნად დამეხმარა მთელ პროცესში.

რაც შეეხება გამოწვევის გადაწყვეტას, როგორც ზემოთ აღვნიშნე, საქართველო ევროპული ტენდენციებისგან განყენებული ნამდვილად არ ყოფილა. ყველაფერი, რაც ევროპაში ხდებოდა, აქაც ვლინდებოდა, შეიძლება ცოტა გვიან და სხვაგვარად, მაგრამ ეს ქვეყანა მაინც არაფერს ჩამორჩენია კულტურისა და ხელოვნების თვალსაზრისით.

სუბიექტურად, სასახლის რომელიმე ნაწილი თუ გიყვართ გამორჩეულად და რატომ? 

შემოსასვლელი… ვერ ვიტყვი, რომ მასში უფრო დიდი შრომა ჩავდეთ, ვიდრე სასახლის სხვა ნაწილებში. უბრალოდ, მომწონს იდეა, რომლის მიხედვითაც დავაგეგმარეთ ის. რადგანაც სამეჯლისო დარბაზი არც ისე დიდია, ის მაქსიმალურად კომპაქტურად უნდა გამოგვეყენებინა და სივრცე სწორად გადაგვენაწილებინა. ერთიანი დარბაზის ნაცვლად, ვამჯობინეთ, ის ორ ნაწილად გაგვეყო — სურვილის შემთხვევაში, შეიძლება იყოს როგორც ღია, ისე ბახუსის დიდი სურათით შექმნილი ტიხრით გაყოფილი. მარტივად რომ ვთქვა, მომწონს ის ეკლექტიკა, რომელსაც მთლიანად ეს შემოსასვლელი აერთიანებს.

დაბოლოს, რა არის სიტყვა, რომელიც საუკეთესოდ აღწერს ამ სასახლეს?

ფანტასტიკა!

ავტორი: ქეთია ბელქანია

ძველი ბინის სრული ტრანსფორმაცია ვაკეში – ნინო დვალის ინტერიერი

“ეთნონორდიკი” — დეკორი ეთნიკურ სკანდინავიურ სტილში