ორი სკამი, ყავის მაგიდა, ლარნაკი ყლორტებით… სკანდინავიური დიზაინი XX საუკუნის მუდმივი კლიშე და მთელი მსოფლიოს ნამდვილი სიყვარულია. სწორედ სკანდინავიელებმა, თავშეკავებულებმა, მაგრამ ბუნების მშვენიერების მიმართ მგრძნობიარეებმა, იციან, როგორ იპოვონ იდეალური ბალანსი სახლისთვის.
2018 წელს სკანდინავიური დიზაინისადმი ინტერესი ალვარ აალტოს იუბილეზე გაიზარდა. იმ დროს მუზეუმები, დიზაინერული საზოგადოებები, ჟურნალები და ნამდვილი მოდის მოყვარულები ცნობილი ფინელი არქიტექტორისა და დიზაინერის 120 წლის იუბილეს აღნიშნავდნენ. ეს იყო გააზრების ტალღა “sisu”-ს კონცეფციისა, რომელიც ფინეთის ეროვნული ხასიათის საფუძვლად ითვლება. „Sisu“ გამბედაობის, გამძლეობისა და ამტანობის ერთობლიობაა: „რაც უნდა გაკეთდეს, ყველაფრის მიუხედავად გაკეთდება“.
სიმყუდროვის იდეა, რომელსაც დანიურად “hygge” ეწოდება, ჩრდილოური დიზაინის მოყვარულთათვის შვედური “lagom”-ით (საკმარისი) – უფრო რაციონალური და პრაგმატული კონცეფციით შეიცვალა. მინიმალიზმი და ახალი მოკრძალებულობა, არავითარი უკიდურესობა და გადაჭარბება, ცხოვრება სიჩქარის გარეშე. ყოველდღიურ ქცევაში lagom მდგომარეობს პარადოქსულ სურვილში, იყოთ ინდივიდუალისტი, სხვებისგან გამოყოფის გარეშე. იგულისხმება საკუთარ თავზე ზრუნვა, მაგრამ ამავე დროს სოციალური პასუხისმგებლობის შენარჩუნება. ეს არის თავისუფლება, რომელიც მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება. შეიძლება ითქვას, რომ lagom ამ შემთხვევაში მთელი ეთიკური სისტემის ნაწილია.
იმავდროულად, ბევრია ნორვეგიული ფილოსოფიის, “friluftsliv”-ის მიმდევარი – თავისუფლება, ბუნება და ცხოვრება. ბუნება არის კომფორტული გარემო, რომელშიც ცხოვრება და ფიქრი ადვილია. და, რა თქმა უნდა, ის ინტერიერში მუდმივად უნდა იყოს.
ზოგადად, სკანდინავიელები აფასებენ მარტივ, გამძლე და ელეგანტურ ნიუანსებს — მსუბუქ ხეს, რბილ, განფენილ შუქს; მუდამ მიესალმებიან ვინტაჟურ ნივთებსა და ქსოვილებს ოცი წლის წინანდელი სტილით. სკანდინავიელები გვასწავლიან პირადი მოგონებების დაფასებას. ისინი შთაგონებულნი არიან პრინციპით „გააკეთე თვითონ“ (DIY, do it yourself). ეს პრინციპები (ისევე როგორც ორმოცდაათი წლის წინ, როდესაც სკანდინავიური დიზაინი ყველას შეუყვარდა) ხალხს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იზიდავს.
სკანდინავიელები დარწმუნებულები არიან, რომ „ჯანმრთელ სხეულში, ჯანსაღი გონებაა”, ისინი პრაქტიკულ და ესთეტიკურ წესრიგს წინა პლანზე აყენებენ. მათ სჯერათ, რომ ვინც ორიენტირებულია არ შეიძინოს ზედმეტი ნივთები, საკუთარ თავში არჩევის უნარს აწრთობს. იდეალური სახლი არის მოწესრიგებული, მაგრამ არა ცარიელი.
პირადი ნივთები, ავთენტური მასალები და ეკონომიური დიზაინი კომფორტის შეგრძნებას წარმოშობს. ძირითადი ქვეყნები, რომლებიც ამ ტიპის დიზაინს გვთავაზობს, არის დანია, შვედეთი და ფინეთი. წამყვან კომპანიებს შორის დანიელები ლიდერობენ: Fritz Hansen, Carl Hansen&Son, Hay, &tradition, Gubi, Fredericia, Muuto, Woud.