ზოგი ადამიანი ინტერიერის მოდას საინტერესო თამაშად თვლის, ზოგს კი ტენდენციების ეშინია მათი დროებითობის გამო და მიდრეკილია, არჩევანი ნეიტრალურ ვარიანტებზე შეაჩეროს, რათა ინტერიერმა აქტუალობა ათწლეულების განმავლობაში შეინარჩუნოს. შესაძლებელია თუ არა ისეთი საცხოვრებელი სივრცის შექმნა, რომელიც მოდისა და დროის კატეგორიებს მიღმა არსებობს და არის თუ არა ნეიტრალიტეტი ნამდვილად ერთადერთი პასუხი ამ კითხვაზე? დღეს სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ.
ბუნებრიობა
ბუნებრივი მასალები გარანტიაა იმისა, რომ ინტერიერი დროის გამოცდას გაუძლებს. ხის მასალები, ბუნებრივი ქვა, სპილენძი, თიხის ხელნაკეთი ჭურჭელი და კერამიკა ყველა დროის დიზაინერების მუდმივი ფავორიტია.
ბუნებრივი მასალები ლამაზად „ძველდება“. ხანგრძლივი პერიოდის შემდეგაც კი ასეთი ავეჯი და სხვადასხვა ნივთი მეტად სავარაუდოა, რომ „ანტიკვარების” კატეგორიაში მოხვდეს, ვიდრე „უსარგებლო“ ნივთების.
რა თქმა უნდა, ბუნებრივი მასალების სამყაროსაც გააჩნია თავისი „ჰიტები“. მწვანე მარმარილო შეიძლება რამდენიმე წლის განმავლობაში აქტუალური ტენდენციების სიაში იყოს, მაგრამ მისი პოპულარობა თეთრ მარმარილოს გასული საუკუნის ფენომენად არ აქცევს. მარტივად რომ ვთქვათ: დიდებული ბუნებრივი მოპირკეთება ყოველთვის ტენდენციაა.
რთული ინდივიდუალობა
გარკვეული მიმართულების მკაცრ ჩარჩოებში მოქცეული ინტერიერი ბევრად სწრაფად გამოვა მოდიდან, ვიდრე სივრცე, რომელიც სხვადასხვა სტილის ელემენტებს აერთიანებს. იმ პირობით, რომ ეს ელემენტები არ არის ნივთების შემთხვევითი კოლექცია, არამედ დიზაინის კონცეფცია, რომელიც თქვენს პიროვნებას ასახავს. ამავდროულად, აუცილებელი არ არის რაიმე ნეიტრალური და “ფრთხილი” შეარჩიოთ.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ სუფთა სტილები აქტუალობისთვის ბრძოლაში მუდამ დამარცხებულია. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი სტილიზებული ინტერიერი უფრო უნიკალური გახადოთ. თუნდაც ლოფტი არ მოგეჩვენებათ მოძველებული, თუ განთქმულ სანათებს შეცვლით და დამახასიათებელ დეკორზე უარს იტყვით.
საყვარელი ელფერები
არასწორი არჩევანის გაკეთების თვალსაზრისით, ყველაზე ხშირად ფერთა პალიტრის შერჩევის ეშინიათ. სწორედ ამის გამო არის ნეიტრალური კრემისფერი, ნაცრისფერი და თეთრი ინტერიერი ასეთი მოთხოვნადი. დიახ, ასეთ ფერთა პალიტრას შეიძლება “მომგებიანი” ეწოდოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნათელი ან მუქი ფერის ელფერები რამდენიმე სეზონის შემდეგ აქტუალობას დაკარგავს.
ფერი არა მოდაზე, არამედ თქვენი მისდამი სიყვარულზეა დამოკიდებული. თუ რომელიმე ელფერი განსაკუთრებით მოგწონთ, მაშინ ის მოძველებული არ გახდება. თავად შეარჩიეთ ინტერიერის ელფერები, ენდეთ საკუთარ გემოვნებას მეტად, ვიდრე ტენდენციებს. მთავარია, არ დაივიწყოთ თავსებადობა.
უკვდავი ხელოვნება
ტექსტილსა და პლაკატებზე ფოთლების პოპულარული გამოსახულება, შესაძლოა, მოდიდან გადავიდეს, მაგრამ ხელოვნების ნიმუშები — არა, ხელოვნება მარადიულია. ფაქტი, რომ გასულ საუკუნეებში დახატული ნახატები კვლავ აქტუალურია თანამედროვე ინტერიერში, ამის დასტურია.
ჩვენ მხოლოდ მსოფლიო შედევრების რეპროდუქციებზე ან აკადემიურ ფერწერაზე არ ვსაუბრობთ. ნახატები, ქანდაკებები და თანამედროვე მხატვრების ნიჭის სხვა გამოვლინებები ასევე სწორი ნაბიჯია სივრცის ინდივიდუალიზაციისა და მისი მოდისგან დამოუკიდებლობისკენ. „ცოცხალი“ ნახატი ყოველთვის უკეთესია, ვიდრე პლაკატი მასობრივი ბაზრიდან.
თუ გეჩვენებათ, რომ ხელოვნების შესახებ არაფერი გესმით, ნიმუში შემდეგი პრინციპით შეარჩიეთ: მე მზად ვარ ამას წლების განმავლობაში ვუყურო.
პრიორიტეტული ფუნქციურობა
იმისთვის, რომ ინტერიერმა დროსთან ბრძოლა არ წააგოს, პრიორიტეტი ობიექტის ფუნქცია უნდა იყოს და არა მისი ფორმა. თუ ავეჯი ფუნქციური, კომფორტული და ლაკონიურია, ის ყოველთვის აქტუალური იქნება. სწორედ ეს თვისებებია გათვალისწინებული მსოფლიო ინდუსტრიული დიზაინის შედევრებში, რომლებიც ისე გამოიყურება, თითქოს ისინი გუშინ შექმნეს, თუმცა ზოგიერთი წარმოებაში საუკუნეზე მეტი ხნის წინ ჩაეშვა.
ავეჯის მოდური ფორმები, მაგალითად, ნახევარმთვარის დივნები, რომლებიც ამჟამად აქტუალურია, მოდიდან გავა და კვლავ დაბრუნდება, ხოლო უნივერსალური ავეჯის ობიექტები ცვლილებებს არ ექვემდებარება.
რომ შევაჯამოთ ზემოაღნიშნული რჩევები შეიძლება დავიყვანოთ შემდეგ თეზისამდე: რაც უფრო მეტად გამოხატავთ საკუთარ თავს ინტერიერში, მით ნაკლებია შანსი, რომ ის რამდენიმე წელიწადში მოძველდეს.
რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი