სარემონტო ჯგუფის დაქირავებისას არსებობს შესაძლებლობა, რომ არაპროფესიონალებს ან თაღლითებსაც კი შეხვდეთ. კატასტროფული შედეგის შანსების შესამცირებლად, ინტერნეტში არსებული მიმოხილვები შეისწავლეთ. თუ იმ კომპანიის შესახებ, რომელიც მოგწონთ, მიმოხილვები თითქმის არ არის, არ დაიზაროთ მცირე “ინტერნეტ გამოძიების” ჩატარება, რომლის მიზანია გაარკვიოთ, შეიცვალა თუ არა კომპანიამ სახელი. ხშირად ეს იმიტომ ხდება, რომ ყოფილმა სახელმა უკვე ცუდი რეპუტაცია მოიპოვა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ კომპანიის ვირტუალური ისტორია სუფთაა, შეგიძლიათ მის წარმომადგენლებთან პირად კომუნიკაციაზე გადახვიდეთ. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ არ დაიბნეთ და კითხვები სწორად ჩამოაყალიბოთ. დღეს კი იმაზე ვისაუბრებთ, თუ რა კითხვები უნდა დაუსვათ სარემონტო ჯგუფს, რათა მის პროფესიონალიზმში დარწმუნდეთ.
შესაძლოა თუ არა შემსრულებლების ობიექტზე ნახვა?
პირველი კითხვა ასე ჟღერს: შესაძლებელია თუ არა გუნდი რემონტის პროცესში ჩემი თვალით ვნახო? იდეალურ შემთხვევაში, თქვენ უნდა მიგიპატიჟონ ისეთ დაწესებულებაში, სადაც სარემონტო სამუშაოები უკვე საბოლოო ეტაპს უახლოვდება. რაც უფრო ახლოს არის რემონტი დასრულებასთან, მით უფრო ობიექტურად შეძლებთ მისი ხარისხის შეფასებას.
შეაფასეთ, რამდენად ფრთხილები არიან მშენებლები, როგორ ეპყრობიან ისინი მოპირკეთების მასალებს, ფარავენ თუ არა ფანჯრებს დამცავი ფირით, ეწევიან თუ არა დაწესებულებაში, როგორ ესაუბრებიან ერთმანეთს, როგორ რეაგირებენ თქვენი დასწრების ფაქტზე — ეს ყველაფერი დაგეხმარებათ დაასკვნათ, თუ რამდენად პროფესიონალები არიან ხელოსნები. თუ სარემონტო სამუშაოებზე დასწრების შესაძლებლობა არ გეძლევათ, ეს უკვე ეჭვის საფუძველია.
საჭიროა თუ არა წინასწარი გადახდა?
თანხის წინასწარ გადახდა სარისკოა. არ არის იშვიათი შემთხვევა, როდესაც ოსტატები, ავადმყოფობის გამო, ხანგრძლივ შვებულებაში გადიან, მოულოდნელად იწყებენ ოჯახური საკითხების მოგვარებას ან მიზეზების ახსნის გარეშე “ქრებიან რადარიდან”.
ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და ცხოვრება ერთმანეთის მდგომარეობის გათვალისწინებას გვასწავლის, მაგრამ როდესაც უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ობიექტი მიტოვებულია, რემონტი გაურკვეველი ვადით ჭიანურდება და თან თანხა წინასწარ არის გადახდილი, ურთიერთგაგება სულ უფრო რთულდება.
თუ თქვენ თანამშრომლობთ არა კერძო ხელოსნებთან, არამედ კომპანიასთან, შეგიძლიათ ახალი გუნდი მოითხოვოთ. მაგრამ თუ მოხვდებით ოფისში, სადაც თანამშრომლებს შექმნილი პრობლემები არ ადარდებთ, შესაძლოა საქმე სასამართლომდე მივიდეს.
უფრო უსაფრთხო და საიმედოა თანამშრომლობა მათთან, ვინც თანახმაა ანაზღაურება სამუშაოს დასრულების შემდეგ მიიღოს. იდეალური ვარიანტი, რომელიც შეიძლება ორივე მხარეს მოერგოს, არის შესრულებული სამუშაოს მიხედვით ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ გადახდა.
რა განაპირობებს ფასს?
თქვენ შესაძლოა, შემოგთავაზონ ერთი კვადრატული მეტრის გარემონტებისთვის გათვალისწინებული ფიქსირებული გადასახადი ან პროექტის ღირებულება მისი ფართობის, სირთულისა და სამუშაოს ტიპების მიხედვით შეაფასონ. მეორე ვარიანტი უფრო ახლოსაა რეალობასთან და ცხადყოფს, კონკრეტულად რაში იხდით ფულს. გახსოვდეთ, თუ ერთი „კვადრატის” ფასი საეჭვოდ დაბალია, სავარაუდოდ, რემონტის პროცესში ღირებულება „გაუთვალისწინებელი” გარემოებების გამო გაიზრდება.
დგინდება თუ არა წინასწარი პროგნოზი?
კლიენტის მოზიდვის მიზნით, სამუშაოების ნაწილი შესაძლოა ხარჯთაღრიცხვაში შეტანილი არ იყოს, შედეგად, პროექტის ღირებულება ხელოვნურად შემცირებული იქნება. როდესაც ყველა დაფარული დეტალი გამოჩნდება, ფასი მიმზიდველობას დაკარგავს.
კარგი ნაბიჯია დაუკავშირდეთ ერთდროულად ორ ან სამ კომპანიას, რათა შემოთავაზებული ვარიანტები შეადაროთ. რაც უფრო ნაკლები ტიპის სამუშაოა მითითებული კომერციულ შეთავაზებაში, მით უფრო მაღალია მოტყუების შანსი. რაც უფრო დეტალურია დოკუმენტი, მით უფრო გამჭვირვალეა თანამშრომლობა.
გააჩნია თუ არა ჯგუფს ყველა საჭირო ინსტრუმენტი?
გამოცდილი გუნდი ყოველთვის აღჭურვილია სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო არსენალით. თუ კომპანია თავს პროფესიონალად ასაღებს, ინსტრუმენტების ნაკრები, ისევე როგორც ვიწრო პროფილის სპეციალისტები, მწირი იქნება. სპოილერი: ე. წ. უნივერსალ პროფესიონალებს, როგორც წესი, „ცოტათი“ ყველაფრის გაკეთება ეხერხებათ.
ვინ ყიდულობს მასალებს და ვინ არის მათზე პასუხისმგებელი?
მოსაპირკეთებელი მასალები შეგიძლიათ თავად შეიძინოთ ან საქმე იმ ხელოსანს გადააბაროთ, რომელიც კონკრეტულად ამ სამუშაოს შესრულებაზეა პასუხისმგებელი, ამით საკუთარ დროსა და ძალისხმევას დაზოგავთ. თუ მეორე ვარიანტს აირჩევთ, დაჟინებით მოითხოვეთ სამშენებლო მასალების მსხვილ ქსელურ მაღაზიებში შეძენა — ამ გზით თქვენ ყოველთვის შეძლებთ ფასების გადამოწმებას. უფრო უკეთესი ვარიანტია, თუ კომპანია უშუალოდ მწარმოებლებთან იმუშავებს.
წარმოების დეფექტები, დაზიანება ტრანსპორტირების დროს და სხვა პრობლემები იშვიათი არ არის. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შეთანხმდეთ იმაზე, თუ ვინ იქნება პასუხისმგებელი მასალების მიღებაზე და ვინ გაუძღვება გამყიდველებთან კომუნიკაციას.
გააჩნია თუ არა კომპანიას პორტფელი?
არაკეთილსინდისიერი კონტრაქტორებისგან თავის დასაცავად ყველაზე საიმედო გზაა, აირჩიოთ გუნდი, რომელმაც უკვე შეასრულა სამუშაო თქვენი ნათესავებისთვის/მეგობრებისთვის/მეზობლებისთვის. შეგიძლიათ მათ ესტუმროთ, მოისმინოთ შეფასებები და სამუშაოს შედეგები საკუთარი თვალებით იხილოთ. თუ ეს შეუძლებელია, აუცილებლად მოითხოვეთ კომპანიის პორტფელი და სასურველია, ის ოფიციალურ ვებგვერდზე იყოს განთავსებული.
გახსოვდეთ, რომ კარგი მიმოხილვები გარანტია არ არის. დარწმუნდით, რომ შეადგინეთ ხელშეკრულება, რომელშიც მხარეების პირობები და პასუხისმგებლობები ნათლად იქნება მითითებული.