საკულტო დეკორატორმა ბილი ბოლდუინმა ერთხელ თქვა: „მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ოთახი წიგნებით სავსე ოთახია”. მის აზრს იზიარებენ თანამედროვე დიზაინერები, რომლებიც თვლიან, რომ სახლის ბიბლიოთეკა ეს არის ესთეტიკა, რომელიც არ ექვემდებარება მოდას. ინტერიერის განსაკუთრებული მაგია იმაში მდგომარეობს, რომ წიგნები საცხოვრებელ სივრცეს ემოციურად უფრო თბილს ხდის და მას ვიზუალურად ამდიდრებს. დღეს კი სწორედ იმაზე ვისაუბრებთ, თუ როგორ და სად უნდა მოვაწყოთ სახლის ბიბლიოთეკა, თანაც ისე, რომ ის უბრალოდ მტვრიანი წიგნების გროვად არ იქცეს.
რატომ?
ადრე სახლის ბიბლიოთეკები ინტერიერის განუყოფელი ნაწილი იყო. თაროები ლიტერატურული კლასიკის ელეგანტური ტომებით იყო გავსებული, მაგრამ ჩვენი მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში ნებისმიერ ლიტერატურაზე წვდომა ელექტრონული მედიის დახმარებით არის შესაძლებელი.
სამეცნიერო ნაშრომის დასაწერად თაროებზე ენციკლოპედიების ძებნა აღარ გჭირდებათ, ამისთვის უბრალოდ სმარტფონიც საკმარისია. ჩნდება გონივრული კითხვა: რისთვის გვჭირდება სახლის ბიბლიოთეკა თანამედროვე ინტერიერში?
ჩვენ უკვე გავარკვიეთ, რომ თაროებზე განთავსებული წიგნები ლამაზია. მაგრამ მათ დიზაინის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მხოლოდ ვიზუალური კომპონენტი არ აქცევს. თანამედროვე ინტერიერის მიზანია იყოს სახლის მფლობელის ანარეკლი, გადმოსცეს ისტორიები მის შესახებ და რას შეუძლია ამის გაკეთება საყვარელი წიგნების კოლექციაზე უკეთ?
იმისათვის, რომ თანამედროვე სახლის ბიბლიოთეკამ ჭეშმარიტი ფუნქცია შეასრულოს, მან მხოლოდ დეკორატიული როლი არ უნდა იტვირთოს. „სწორი” ბიბლიოთეკა შედგება წიგნებისგან, რომლებიც რეალურად წაიკითხეთ ან წაკითხვას აპირებთ. ანუ წიგნები უნდა აკმაყოფილებდეს თქვენს ინტერესებს და თქვენ შესახებ რაღაცას უნდა ეუბნებოდეს ადამიანს, რომელიც წიგნების თაროს უყურებს.
ცოცხალ, გულწრფელ ბიბლიოთეკაში წიგნების ყდების ერთგვაროვნებას ყურადღება არ ექცევა, მასში ადგილი შეიძლება ყველაზე გაცვეთილმა ეგზემპლარებმაც დაიკავოს — სწორედ ასეთ დეტალებში იმალება სითბო და ემოციური დატვირთვა სასიამოვნო მოგონებებისა და ასოციაციების სახით.
გარდა ამისა, არსებობს კვლევები, რომელთა მიხედვითაც ბავშვები, რომლებიც ქაღალდის წიგნებით აღსავსე გარემოში გაიზარდნენ ინტელექტუალურად უფრო სწრაფად განვითარდნენ, ვიდრე მათი თანატოლები, რომლებსაც სახლში ბიბლიოთეკა არ ჰქონდათ.
როგორ?
თუ სახლის ბიბლიოთეკის გაკეთება გსურთ და იპოვეთ კიდეც მისთვის ადგილი, მთავარია გადაწყვიტოთ, როგორი თაროები გჭირდებათ — დაფარული თუ ღია. ორივე მათგანს თავისი უპირატესობები გააჩნია. დაფარული თაროები წიგნებს მტვრისგან იცავს, ანუ ისინი უფრო პრაქტიკული ვარიანტი ჩანს. მაგრამ წიგნები ღია თაროებზე ფსიქოლოგიურად და ვიზუალურად უფრო ხელმისაწვდომია. არჩევანი დამოკიდებულია თქვენს პრიორიტეტებზე. მაგრამ თუ სახლში პატარა ბავშვები ცხოვრობენ, უმჯობესია ღია თაროებზე უარი თქვათ.
ყურადღება მიაქციეთ წიგნების წონას! შემჭიდროებული წიგნების თარო დივნის ან საწოლის თავზე პოტენციურად სახიფათოა.
სასურველია, რომ თაროები ზედმეტად დატვირთული არ იყოს. იდეალურ შემთხვევაში, თითოეული წიგნი თავისუფლად უნდა იყოს მოთავსებული ისე, რომ მათი აღება არ გართულდეს და ახალი წიგნებისთვის ავეჯის სტრუქტურის 20-30% ცარიელი დარჩეს.
ბევრს აწუხებს ის ფაქტი, რომ სხვადასხვა ფერის წიგნები ინტერიერში ვიზუალურ ხმაურს გამოიწვევს. პრობლემის გადაჭრა სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი: შეეცადეთ წიგნები ფერთა გრადაციის მიხედვით დააწყოთ, შეუკვეთეთ მათთვის ერთნაირი ყდები ან ისინი კარადის უკანა ნაწილში მოათავსეთ. თუმცა დიზაინერების უმეტესობა ყდების ერთგვაროვნებისა და მათ სრულყოფილი კომბინაციისკენ არ ისწრაფვის, პირიქით — მრავალფეროვნება ბიბლიოთეკას უფრო ცოცხალს და საინტერესოს ხდის. ხშირად ასეთი ვარიანტი ესთეტიკურად უფრო სასიამოვნოდ გამოიყურება, ვიდრე ნამუშევრების მონოქრომული კოლექცია.
კიდევ ერთი სასარგებლო რჩევა: მოარიდეთ წიგნები მზის პირდაპირ სხივებს და ისინი იმ სკამთან ან დივანთან ახლოს მოათავსეთ, სადაც ჩვეულებრივ კითხვით ხართ დაკავებული.
სად?
ყველაზე სანახაობრივი ვარიანტი სახლის ბიბლიოთეკისთვის მთლიან კედელზე მოთავსებული ღია თაროების სისტემაა. ასეთი დიზაინი შეიძლება აღჭურვილი იყოს სპეციალური კიბით ძველი ევროპული ბიბლიოთეკების სულისკვეთებით.
ბიბლიოთეკა შეიძლება უფრო ფართო გახდეს, კარის ღიობის გამოიყენებთ.
საინტერესო ვარიანტი მინიმალიზმის სტილში: უხილავი თაროები, რომლებზეც წიგნები შეიძლება განთავსდეს ჰორიზონტალურად ისე, თითქოს ისინი ჰაერში ლივლივებს.
თუ წიგნებს მთლიან კედელს ვერ დაუთმობთ ადგილს, შეგიძლიათ ბიბლიოთეკა ფანჯრის რაფის ქვეშ ან თქვენი მაგიდის ზემოთ მოაწყოთ. წიგნები კარგად გამოიყურება თუნდაც ბარის თაროებზე ან სამზარეულოს კუნძულზე.
თუ სახლში კიბე გაქვთ, შეგიძლიათ ბიბლიოთეკა მის ქვემოთ მოაწყოთ, რაც ამ სივრცის ათვისებაშიც დაგეხმარებათ.
სახლის ბიბლიოთეკა მხოლოდ ინტერიერის ელემენტი არ არის, ის გონების მდგომარეობაა, მაგრამ მისი მოწყობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ღირს, თუ წიგნები და მათი კითხვა გიყვართ. იმ შემთხვევაში, თუ წიგნებზე უარს იმ მიზეზით ამბობთ, რომ ელექტრონული ვერსიები უფრო ეკოლოგიურად სუფთაა, გახსოვდეთ, აუცილებელი არ არის, რომ წიგნები ახალი იყოს. სახლის ბიბლიოთეკისთვის მათი შეგროვება მეორეული წიგნების მაღაზიებშიც შეიძლება და ეს უკვე ეკოლოგიურად სუფთა სტანდარტია.
რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი