in

ინდივიდუალური ხედვა და გულწრფელი დიზაინი – ინტერვიუ ნინო ნოზაძესთან

ინტერიერის დიზაინერ ნინო ნოზაძეს ბავშვობიდან ახლო შეხება ჰქონდა ხელოვნებასთან, ამიტომ მისი გზაც შემოქმედებით სფეროს დაუკავშირდა. ახლა თავად ცვლის სხვა ადამიანების გარემოს და მათი ცხოვრების სტილსა და ხასიათზეც ახდენს გავლენას. ინტერიერის შექმნით ცდილობს საკუთარი სათქმელის გამოხატვას, შენობებისა და საგნებისათვის ახალი სიცოცხლის შთაბერვას, ამბის შეთხზვას. ყველაფერი კი პატარა გოგოს ისტორიით დაიწყო, რომელიც აქტიურად იღებდა მონაწილეობას საკუთარი ოთახის მოწყობასა და გადაკეთებაში.

მოგვიყევით იმ გარემოს შესახებ რომელშიც იზრდებოდით

ჩემმა ბავშვობამ ძალიან დიდი გავლენა იქონია შემდეგში უკვე ჩემს პროფესიაზე. დედა და ბებია მხატვრები იყვნენ, მამა და ბაბუა კი არქიტექტორები. დედას მხატვრობასთან ერთად, ყველანაირი ხელსაქმის კეთება ეხერხებოდა, თითოეულ დეტალს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა და მეც მისგან გადმომეცა ცნობისმოყვარეობა ყველაფრის მიმართ და შემოქმედებითი ხედვა სამყაროსადმი…

ისე მოხდა, რომ 6-8 წლამდე ხშირად მოგვიწია საცხოვრებელი სახლის შეცვლა, ამიტომ ადრეული ასაკიდანვე ჩართული ვიყავი ჩემი ოთახის მოწყობასა და სივრცის დაგეგმარებაში. სხვათა შორის, მიუხედავად საცხოვრებელი ადგილის ხშირი ცვლილებისა, კარგად მახსოვს ის სახლი, სადაც გავჩნდი და 4-5 წლამდე ვიზრდებოდი, ახლაც შემიძლია აღვიდგინო ოთახების განლაგება, ავეჯი, ფერები, მასალაც კი.

აღგვიწერეთ ის გზა, რომელმაც აქამდე მოგიყვანათ

სკოლის დამთავრება 90-იან წლებს დაემთხვა. ჩემს მშობლებს უნდოდათ, კარგი განათლება მიმეღო, ამიტომ ვინაიდან სამხატვრო აკადემიაში არაფერი ხდებოდა, უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩავაბარე, სადაც ხუთი წელი ვისწავლე. მაგრამ გული მაინც არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინისკენ მიმიწევდა. სხვადასხვა კურსებს გავდიოდი, ბევრი რამე მაინტერესებდა. ერთ-ერთი ძალიან საინტერესო და შემეცნებითი კურსი ჯიპაში გავიარე, ურბან მენეჯმენტზე. სწორედ ამ პერიოდში მოვხვდი რუსთაველის რეაბილიტაციის პროექტში, პარალელურად ჩვენს სახლსაც ვაკეთებდით და ისე მოხდა, რომ მეგობრებთან ერთად, აქტიურად ჩავერთე ამ სფეროში.

ინტერიერის დიზაინზე დისტანციური კურსი ავიღე ლონდონის ერთ-ერთ სკოლაში – Rhodec International, სადაც ერთი წელი ვისწავლე. შემდეგ კი ამერიკაში გადავედი საცხოვრებლად და ნიუ-იორკში ვსწავლობდი ორ წლიან კურსზე Parsons The New School of Design-ში, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით. დასრულების შემდეგ, სტაჟირება გავიარე ერთ-ერთ ცნობილ არქიტექტორულ და დიზაინ კომპანიაში – MR Architecture and Decor. ბოლოს თბილისში დავბრუნდი და საქართველოში დავიწყე დამოუკიდებელ დიზაინერად მუშაობა. ამ პერიოდში მე და ჩემმა მეგობრებმა გავხსენით კაფე „ო, მოდა, მოდა“, სადაც საინტერესო კონცეფცია და დიზაინი შევქმენით. ეს პროექტი ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან ამ ნამუშევრით ჩემი ხედვა და  ცხოვრების სტილი კარგად გამოვხატე. შეიძლება ითქვას,  კარიერის დასაწყისი კაფეს უკავშირდება. ბევრი ადამიანი იყრიდა აქ თავს, მოსწონდათ გარემო.

კაფე “ო, მოდა, მოდა”; ფოტოგრაფი – Alexander Kochashvili; 2012წ.

პირველი დამკვეთი ნათია ბუკია იყო, Project ArtBeat-ის თანადამფუძნებელი, შემდეგ შეკვეთების რაოდენობამაც იმატა და ახლა საკმაოდ დატვირთული რეჟიმი მაქვს.

რა გაძლევთ შთაგონებას და როგორ დაახასიათებდით თქვენს შემოქმედებას?

შთაგონებას ყველაფრიდან ვიღებ – მოდიდან, ხელოვნებიდან, არქიტექტურიდან, სხვისი სახლებიდანაც, იმ დეტალებიდან რაც მომწონს ან რის შეცვლასაც ვისურვებდი. ქუჩიდან, ადამიანებისგან, შეიძლება შემთხვევითი გამვლელის ჩაცმულობა მომეწონოს, ტანსაცმლის კომბინაციამ მომცეს ინსპირაცია და ინტერიერის დიზაინი შთამაგონოს. ზოგადად, ცხოვრებისგან, ყველა დეტალისგან ვიღებ შთაგონებას.

ჩემს შემოქმედებას რაც შეეხება, თამამად ვიყენებ ფერებს, არ ვერიდები ექსპერიმენტებს. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ სიმეტრიას. ასევე, სივრცეების გახსნას, განათების დამატებითი წყაროების შემოყვანას. ვცდილობ უფრო გავშალო და ნათელი გავხადო მოცემული სივრცე. შესაბამისად, კონცეფციის შექმნას დაგეგმარებიდან და განათებიდან ვიწყებ. აუცილებელია ობიექტი ვნახო, კონკრეტული ადგილის ემოცია, ენერგია შევიგრძნო, შემდეგ კი თავისით მოდის იდეები. ტრენდებს არ მივყვები. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ თანამედროვე ტენდენციებს, მაგრამ სულ ვცდილობ, ნამუშევარი იყოს ფუნქციური, კომფორტული, დროს უძლებდეს და ხარისხიანი მასალისგან შეიქმნას.

თქვენს რომელ ნამუშევრებს გამოარჩევდით?

გამორჩევა მიჭირს, მაგრამ ალბათ იმ პროექტებს გამოვყოფდი, რომლებიც უფრო მოცულობითი იყო. ბიუჯეტიც და სივრცეც „ფრთების გაშლის“ საშუალებას მაძლევდა. ასეთებია: ვილა წყნეთში, ვილა კაკლებში, გამოვარჩევდი ჩემს სახლსაც, რომელშიც ვცხოვრობ.

ვილა წყნეთში; ფოტოგრაფი – ლუიზა ჩალათაშვილი; 2018წ.

ვილა კაკლებში; ინტერიერის რენდერები – ლაშა სინაძე; 2022

ბინა ვერაზე, ნინო ნოზაძის სახლი; ფოტოგრაფი – ლუიზა ჩალათაშვილი; 2022წ.

ასევე, ბოლოს დავასრულე სასტუმრო “ბაზარის” პროექტზე მუშაობა, კოლაბორაცია – ეკა ჩიჩუასთან. ეს ნამუშევარი ჩემთვის გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. რეგულაციებიდან გამომდინარე, არაერთ შეზღუდვას წავაწყდი მუშაობის პროცესში და სივრცეც არ გვაძლევდა ბევრი იდეის განხორციელების საშუალებას, მაგრამ საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა.

სასტუმრო “ბაზარი”; ფოტოგრაფი – ლუიზა ჩალათაშვილი; 2020

ახლა რა პროექტებზე მუშაობთ?

ამჟამად, საცხოვრებელი სახლების დიზაინ პროექტებით ვარ დაკავებული, როგორც თბილისში, ისე ქალაქგარეთ. ოცნებად მაქვს, ზღვისპირა სასტუმრო გავაკეთო და მიმდინარე პროექტი – სახლი კაპროვანში, შეიძლება ითქვას, ამ მიზნის წინა საფეხურია.

როგორია ქართველ დამკვეთებთან ურთიერთობა? რამდენად შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება ინტერიერის დიზაინის მომსახურებაზე?

მე გამიმართლა და ქართველ დამკვეთებთან ყოველთვის კარგი გამოცდილება მაქვს. საზოგადოებაში ცნობიერება გაზრდილია და მომხმარებელს  უკვე აქვს ინფორმაცია, თუ რა რესურსი გააჩნია თითოეულ მათგანს, როგორი სტილი თუ ხელწერა აქვს კონკრეტულ დიზაინერს და შესაბამისად, ჩამოყალიბებული და მომზადებული მოდის ჩემთანაც. რა თქმა უნდა, სიურპრიზებიც ხდება, მაგრამ საერთო ფონი და ინტერესი ამ სფეროს მიმართ გამოსწორებული და გაზრდილია, რაც ძალიან მახარებს. ჩემთვის დამკვეთთან ურთიერთობა და ახალი სივრცის შექმნის პროცესი, რომელშიც ერთდროულად  მისი და ჩემი ინტერესები, გემოვნება, სურვილები უნდა იყოს გათვალისწინებული, ერთგვარი გამოწვევაა, ფსიქოლოგიური თამაშივითაა.

“შენი შტრიხები შეგაქვს სხვის ცხოვრებაში. შესაძლოა, ცხოვრების სტილიც შეუცვალო, დადებითი ზემოქმედება მოახდინო და განწყობა შეუქმნა, ეს კი  ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა”.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენს პროფესიაში? 

გულწრფელობა. გულწრფელად უნდა მოეკიდო ნებისმიერ პროექტს, არ უნდა გქონდეს ის განცდა, რომ რადგან დამკვეთია, ყველაფერს გაუკეთებ. ცხადია, ვითვალისწინებ მის გემოვნებას, მაგრამ ყოველთვის ჩემი ხედვიდან გამოვდივარ – მე რა მომწონს, როგორ ვუყურებ, რას შევცვლიდი, როგორ მოვიქცეოდი პრობლემურ სიტუაციაში. ვიზუალურს არ უნდა შეეწიროს კომფორტი. ზომიერების დაჭერა აუცილებელია. შედეგად, დამკვეთიც კმაყოფილი გამოდის და ეს ძალიან დიდ ძალას მაძლევს. ისევე როგორც ყველაფერში, ორიგინალობა და ინდივიდუალიზმი ჩვენს სფეროში მნიშვნელოვანია.

ბინა შიო მღვიმელის ქუჩაზე; ფოტოგრაფი: ანა ციციშვილი; 2019

თეკუნა გაჩეჩილაძის სახლი; ფოტოგრაფი – ლუიზა ჩალათაშვილი; 2022წ.

პენტჰაუზი ჭავჭავაძის გამზირზე; ფოტოგრაფი – Alexander Kochashvili; 2014წ.

კონტეინერისგან შექმნლი ხის კოტეჯი ავლაბარში – კატია აბსანძის პროექტი

Di Lazzaro – ბრენდი, რომლის ავეჯიც თქვენს ინტერიერს ახალ სიცოცხლეს შესძენს