in

გარემოსადმი ცნობისმოყვარეობითა და ზრუნვით დაწყებული არქიტექტორის გზა – ინტერვიუ გიორგი ხმალაძესთან

გიორგი ხმალაძის ბუნებისადმი სიყვარული ბავშვობიდან იწყება. განსაკუთრებულმა დამოკიდებულებამ ფიზიკური სამყაროსადმი, გარკვეულწილად, მისი პროფესიაც განსაზღვრა. შესაძლებლობა იმისა, რომ დადებითად იმოქმედო გარემოზე, შექმნა ისეთი სივრცე, რომელიც ადამიანების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე გარკვეულ გავლენას იქონიებს – მისთვის მთავარი მამოძრავებელი მუხტია, ძალა, რომელიც უბიძგებს ახალი, თამამი და განსხვავებული პროექტების შექმნისკენ. ამბავი კი იწყება მამის სამუშაო სახელოსნოში მხატვრობითა და ნახაზებით დაინტერესებული ბავშვის ისტორიით, რომელიც სამყაროს შემეცნებისკენ ისწრაფოდა.

გაიხსენეთ მნიშვნელოვანი მოგონება, რომელიც თქვენს ბავშვობას უკავშირდება.

მამაჩემი არქიტექტორია, მთელი ბავშვობა მის სახელოსნოში მაქვს გატარებული. იმ პერიოდში ბევრი გასართობი არ იყო, ამიტომ მთელს დროს მასთან ვატარებდი, ვეხმარებოდი ყველაფერში და აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი ამ პროცესში. ბავშვობაში რუსთავში ვცხოვრობდით, ჩემს სახლთან იყო დიდი ტყე, რომელიც არეული დროის გამო, უკანონოდ იჩეხებოდა. კარგად მახსოვს, როგორ ვცდილობდი გარემოს დაცვას, არალეგალ მჭრელებს დავდევდი, შეიძლება ითქვას, მეტყევე ვიყავი. ეს მოგონება ღრმად მაქვს ჩაბეჭდილი… ბუნებისადმი ჩემი დამოკიდებულება და სიყვარულიც აქედან დაიწყო. ამ ორმა დეტალმა – მამასთან ერთად სახელოსნოში გატარებულმა დღეებმა და  საცხოვრებელ ადგილთან მდებარე ტყეზე ზრუნვამ – განსაკუთრებული გავლენა იქონია ჩემზე და ჩემი ცხოვრების ორიენტირიც განსაზღვრა.

Office GKA

Kempinski Hotel

როგორ დაახასიათებდით თქვენს  განვლილ გზას, რა იყო ის მნიშვნელოვანი დეტალი, რომელმაც შემდგომში თქვენი კარიერა განსაზღვრა?

სკოლის დამთავრების შემდეგ არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში. მუდამ მქონდა სიახლის შემეცნების, განათლების გაღრმავების სურვილი, ვგეგმავდი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებასაც. საბოლოოდ, ისე მოხდა რომ ამერიკაში, ჰარვარდის უნივერსიტეტში დავამთავრე სამაგისტრო საფეხური.

სანამ ამერიკაში წავიდოდი, უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ, საქართველოს არქიტექტორული სფერო საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იყო. იმ პერიოდში ბაზარზე არსებული კომპანიები საინტერესოდ არ მიმაჩნდა, ამიტომაც თვითდასაქმებული ვიყავი და დიზაინის მიმართულებით ვმუშაობდი. მაშინ დიზაინის სტუდია გვქონდა გაკეთებული.  პარალელურად არქიტექტორულ კონკურსებში ვიღებდი მონაწილეობას და ამით ვიკლავდი ერთგვარ ჟინს ამ სფეროსადმი. შემდეგ უკვე ამერიკაში წავედი სასწავლებლად და ყველაფერი შეიცვალა. მნიშვნელოვანი პროექტი, რომელმაც ჩემი კარიერული ზრდა გამოიწვია იყო ბათუმში, 2014 წელს, SOCAR- ის ბენზო-გასამართი სადგური და მასთან არსებული McDonald’s-ის რესტორანი. ამერიკაში ყოფნის პერიოდში, საქართველოში დაიგეგმა ქალაქის ცენტრში ბენზო-გასამართი სადგურის მშენებლობა, რომელსაც სტანდარტული სახე არ უნდა ჰქონოდა. ისე მოხდა, რომ ჩემი იდეები მოეწონათ და დაიწყო პროექტზე მუშაობა. დაპროექტების დასრულებასთან ერთად, ჰარვარდშიც დავამთავრე სწავლა და ჩამოსვლა გადავწყვიტე, რადგან ვთვლიდი, პროექტის თავდაპირველი ჩანაფიქრის განხორციელებისათვის საჭირო  იყო ჩემი მეთვალყურეობა და მშენებლობის პროცესში ჩართულობა. ადამიანთა უმეტესობა სწავლის დასრულების შემდეგ, ადგილზე რჩება და იქ ცდილობს კარიერის გაგრძელებას. მე განსხვავებული არჩევანი გავაკეთე. SOCAR-ის პროექტში დიდი ძალისხმევა და დრო ჩაიდო, შედეგად კი ნამუშევარს კარგი გამოხმაურება მოჰყვა, ჩემს მიმართაც გაჩნდა ინტერესი და მომართვიანობამაც იმატა. ალბათ ეს პროექტი იყო ერთგვარი სტარტი, საიდანაც დაიწყო ყველაფერი.

თუმცა, მანამდეც არსებობდა პატარ-პატარა წარმატებული პროექტები. მაგალითად, 2010 წელს საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის კონკურსში გაიმარჯვა ჩვენმა პროექტმა და საქართველო ჩვენი პავილიონით წარსდგა შანხაის ექსპოში.

რა არის თქვენთვის ყველაზე მთავარი მუშაობის პროცესში?

მე და ჩემს გუნდს გვესმის, რომ წარმატებულად განხორციელებული პროექტი ნიშნავს კლიენტის ინტერესების დაკმაყოფილებას. მაგრამ, ამავდროულად, მნიშვნელოვანია ჩვენი პროფესიული ინტერესებიც. ამიტომ მთელი ძალისხმევა სჭირდება ისეთი შუალედის პოვნას, სადაც დამკვეთისა და ჩვენი პროფესიული მიზნები გათვალისწინებული იქნება. ამასთანავე, ჩვენთვის პრიორიტეტულია გარემოს დაცვა, მაქსიმალურად თავის არიდება მისი შეცვლისა და ზიანის მიყენებისგან. ადამიანი ებრძვის ბუნებას, ჩვენ კი ბალანსის დაცვას ვცდილობთ. ამიტომ წარმატებული პროექტის განხორციელებისას სამივე მხარე  – კერძო, საჯარო და პირადი ინტერესები დაკმაყოფილებული უნდა იყოს.

თითოეულ ნამუშევარს ვუდგებით, ისე როგორც პირველს. მნიშვნელოვანია, მას ეტყობოდეს ინდივიდუალური ხედვა, პატარა სიახლის მარცვალი ჩაიდოს მასში და გახდეს სხვებისგან განსხვავებული. ერთგვარი გამოწვევაა სიახლის ძიება და შემოტანა შეზღუდული ბიუჯეტის ფარგლებში, რაც ხშირია ჩვენს პრაქტიკაში.

Alliance Highline

რას იტყოდით ქართულ არქიტექტურულ სივრცეზე?

ჩვენთან ეს სფერო მრავალფეროვნებით ხასიათდება. ძალიან დიდია დიაპაზონი ცუდიდან კარგამდე. არსებობენ ძალიან კარგი არქიტექტორული კომპანიები, ჯგუფები, ინდივიდები, რომლებიც კარგ, საინტერესო საქმეს აკეთებენ. მაგრამ არის მეორე უკიდურესობაც, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს იმ გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ. იმდენად ცუდ მდგომარეობაშია ეს პროფესია დღეს, რომ ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება საკუთარ თავს არქიტექტორი უწოდოს, რაღაც ნახაზი შეიტანოს შესათანხმებლად და არანაირი დაბრკოლება არ შეექმნება. კანონმდებლობაც ამის საშუალებას იძლევა. უცხოეთში სხვაგვარადაა – თუ იმ ქვეყანაში რეგისტრირებული არ ხარ როგორც არქიტექტორი, არ შეგიძლია ამ სფეროში მუშაობა, ასეთი საქმიანობა უკანონოდ ითვლება და დასჯადია. თუმცა, შეგიძლია იმუშაო, როგორც არქიტექტორულმა დიზაინერმა. შედეგად,  ადეკვატურია ფიზიკური გარემოც და ეს სფეროც მოწესრიგებულია. ჩვენთან კი ყველაფერი მოშლილია, მეტიც, არ ყოფილა არასდროს ეს წესრიგი. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი წინ გვაქვს, ასაშენებელია მთელი საკანონმდებლო ბაზა და განათლების სისტემა. მთავარია, ორიენტირი გვქონდეს აღებული და მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ.

Lisi Office Building
Hotel Atrium

საქართველოში რომელ არქიტექტურულ ნიმუშებს გამოარჩევდით?

დღევანდელი საქართველოს ბანკის შენობა, ბევრი მიმართულებით მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი ნამუშევარია. მომწონს საჯარო დანიშნულების, დახვეწილი და გემოვნებიანი ძველი შენობები, რომლებიც, სამწუხაროდ, ცუდ მდგომარეობაშია. სამწუხარო რეალობაა ისიც, რომ ჩვენ არ ვუვლით და ვერ ვუფრთხილდებით მათ.

რა არის თქვენთვის შთამაგონებელი ამ პროფესიაში და როგორია თქვენი დამოკიდებულება შექმნილი ნამუშევრების მიმართ?

მე შეყვარებული ვარ ამ პროფესიაზე.  ის ფაქტი, რომ შენ შეგიძლია ფიზიკური გარემოს ცვლილება უკეთესობისკენ, რომელიც შემდეგი თაობებისთვის მაფორმირებელ გარემოდ იქცევა, (რადგან ჩვენი გარემო გვაყალიბებს ჩვენ), ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მოტივაციის მომცემია. როდესაც ვხედავ წარმატებით დასრულებულ პროექტს, კმაყოფილების განცდა მეუფლება. ეს გრძნობა მაძლევს ძალას, გადავლახო ყველა არსებული სირთულე, ემოციური თუ ფიზიკური დაბრკოლება და ბოლომდე გავიარო ეს გზა.

ყველა პროექტთან ემოციური კავშირი მაქვს, დიდი იქნება ეს თუ პატარა. განსაკუთრებით გამორჩეული ალბათ ის პროექტებია ხოლმე,  რომლებიც ახალი დასრულებული გვაქვს. მასზე ვართ ორიენტირებულები, მაგალითად მახსენდება მეამას პროექტი, რომლის დამთავრების შემდეგაც აღფრთოვანებულები ვიყავით, ამჟამად მიმდინარე პროექტებზე ვართ ორიენტირებულები.

Zugdidi Hotel

გვიამბეთ რით ხართ დაკავებული ამ ეტაპზე და გაქვთ თუ არა საოცნებო პროექტი, რომლის განხორციელებაც გსურთ?

სხვადასხვა ტიპის მასშტაბების პროექტებზე ვმუშაობთ. კერძო სახლებიდან დაწყებული, მრავალფუნქციური შენობებით დამთავრებული. მაგალითად, ქედაში ვაპროექტებთ კომპლექსს, რომელიც მოიცავს ღვინის მეურნეობას, სასტუმროსა და დასასვენებელ კომპლექსს. ადგილია განსაკუთრებით საინტერესო და ლამაზი, ნახევარ კუნძულივით არის, გარშემო მდინარე უვლის. გარემოა ისეთი არაორდინალური, ვცდილობთ მინიმალური ზეგავლენა მოვახდინოთ და წინ წამოვწიოთ, ხაზი გავუსვათ მის უპირატესობებს. დაახლოებით მსგავსი პროექტი გვაქვს დაწყებული სომხეთში, რომელიც მოიცავს ღვინის მეურნეობასა და დასასვენებელ სივრცეს.

ჩემთვის საინტერესო იქნებოდა რაიმე საზოგადოებრივ პროექტში მონაწილეობა, როგორიც არის თეატრი ან გალერეა. სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან იშვიათია ასეთი ტიპის პროექტები, ძირითადად არსებულის რეაბილიტაცია ხდება ხოლმე. ძალიან სამწუხარო რეალობაა ასეთი ფუნქციის მქონდე ახალი შენობების სიმცირე.

რას ეტყოდით დამწყებ არქიტექტორებს?

როდესაც მე ვიწყებდი, ინფორმაციული ვაკუუმი იყო, დღეს მდგომარეობა შეცვლილია, რაც ცოდნის გაღრმავების უდიდეს შესაძლებლობას იძლევა. მე ცნობისმოყვარეობა და ახლისადმი ინტერესი მამოძრავებდა წინ. ჩემს შემოსავალსაც ახალი ინფორმაციის მიღებას ვახმარდი.  ადგილზე ვეცნობოდი საინტერესო შენობებს, ვსწავლობდი, ვიძიებდი ლიტერატურას. დამწყებ არქიტექტორებს ვეტყოდი, რომ ცნობისმოყვარეობა და შრომისმოყვარეობა არის ის, რაც ზრდასა და განვითარებას უწყობს ხელს.

Lisi Restaurant

Gergeti Residence

Beach Bar

Zarzales — დასასვენებელი სახლი მექსიკის ბუნებაში

რა უნდა გავითვალისწინოთ მაგიდის სანათის შეძენამდე – 3 მთავარი კრიტერიუმი