in

სკანდინავიური სტილის ბინა ქართული შტრიხებით მცხეთის ქუჩაზე – სტუდია SAMI-ის ნამუშევარი

თბილისში, მცხეთის ქუჩაზე მდებარე ამ საცხოვრებელი სახლის პროექტი განახორციელა არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის კომპანიამ  SAMI_.

აღნიშნული ობიექტის ფართობი 130 კვადრატულ მეტრს შეადგენს, საზაფხულო ფართი კი 25 კვადრატული მეტრია.

როგორც დიზაინერები გვიამბობენ, პროექტის მიზანს წარმოადგენდა კონკრეტულ ბიუჯეტზე მორგებით, მაქსიმალურად საინტერესო ინტერიერის შექმნა, რაც ობიექტზე მუშაობის პროცესში მთავარ გამოწვევად იქცა. დამკვეთის დავალება იყო არსებული, უკვე დამონტაჟებული კედლების შენარჩუნება, ოჯახის ყველა წევრისთვის დამოუკიდებელი სივრცის შექმნა და სამზარეულოს მსუბუქად გამოყოფა.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პრაქტიკული გეგმარებითი გადაწყვეტილებით, ინტერიერში გამოყენებულ იქნა მარტივი მოსაპირკეთებელი – დეკორატიული მასალები, როგორიცაა დეკორატიული აგური და თეთრი ფერის ღებვა, რამაც შესაძლებელი გახადა სარემონტო ხარჯების შემსუბუქება.

ფერადი ავეჯითა და სხვა დეკორატიული ელემენტებით გარემო უფრო საინტერესო გახდა. ვიტრაჟის გაჩენით სამზარეულო საერთო ოთახის დანარჩენ ნაწილის გამოიყო, დამონტაჟებული კედლების შენარჩუნებით კი ყველა საჭირო სივრცე შეიქმნა. შედეგად, მოეწყო საერთო ოთახი და სამზარეულო, სამუშაო ოთახი/კაბინეტი, ორი საძინებელი ოთახი (მათ შორის, ერთი დამოუკიდებელი აბაზანითა და საგარდერობოთი, მეორე კი ბავშვებისთვის, დასასვენებელი და სამეცადინო  სივრცეების გათვალისწინებით). ყველა შესაძლო ადგილას განთავსდა დამხმარე სივრცე/საკუჭნაო.

იატაკის ძირითად მოსაპირკეთებელ მასალად გამოყენებულია ხის პარკეტი, კედლები კი ძირითადად შეღებილია თეთრად. ინტერიერში წამყვანი კონტრასტული მოსაპირკეთებელი მასალა, როგორც ძირითად სივრცეში, ისე აბაზანაში, დეკორატიული აგურია.

კედლებზე გვხვდება თეთრი კვადრატის ფორმის პრიალა ფილები, შავი ფერის შემავსებლით,  ხოლო იატაკი მოპირკეთებულია შავ-თეთრი ფილებით. განსხვავებული აქცენტები შემოაქვს „რეტრო“ ავეჯის მწვანე და მდოგვისფერ ტონალობას, ფერწერულ ნამუშევრებს, მუხის სასადილო მაგიდასა და ბუნებრივ გამწვანებას.

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სამზარეულო, რომლის კონცეფციაც არის „ნეგატივი“ (მხოლოდ შავ-თეთრი პალიტრის გამოყენება). თვალშისაცემია თეთრი ფერის გამყოფი ვიტრაჟი, რომელიც სივრცეს მეტ ჰაეროვნბას სძენს. აქ ასევე გვხვდება დეკორატიული აგურით მოპირკეთება და „რეტრო“ ავეჯი.

ინტერიერში ხასიათისა და ხალისის შესატანად, სივრცეში განთავსდა დამკვეთის პირადი კოლექცია, რომელშიც შედის გიორგი ქოჩიაშვილისა და სხვა მხატვრების ნამუშევრები.

SAMI_-ის დიზაინ გუნდის შეფასებით, აღნიშნულ პროექტში მათ წარმოაჩინეს სკანდინავიური სტილი „ქართული“ ნოტებით, რაც მიიღწევა ვიტრაჟით, ძირითადი კონტრასტული ფერებით, ხალიჩითა და დეკორატიული აგურის გამოყენებით.

დიზაინ სტუდია: არქიტექტურის და ინტერიერის დიზაინის კომპანია SAMI

პროექტის ავტორები: ნატალია მანჯგალაძე, თამარ მოსიაშვილი, ციცი მანაგაძე

ფოტოგრაფი : ოთო გორდელაძე

კრისტოფერ რენი — არქიტექტორი დარგის ფორმალური განათლების გარეშე

შეუდარებელი „ბოტანიკო“ საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ