in

ფერების თამაშითა და ინდივიდუალური ხასიათით შექმნილი ნამუშევრები – ელენე სხვიტარიძის თავგადასავლებით აღსავსე პროფესიული გზა

ბავშვობაში დაწყებულმა ხელსაქმემ, საკუთარი ოთახის ხშირმა ტრანსფორმაციამ და ხელოვნებისადმი სიყვარულმა, რომელმაც ინტერიერის დიზაინის სამყაროში გადაინაცვლა, ელენე სხვიტარიძეს შესაძლებლობა მისცა, ახლა სხვათა ისტორიები გარდაქმნას, გააცოცხლოს, ადამიანებისთვის განწყობა და შექმნას ხასიათი. ოჯახიდან დაწყებული შემოქმედებისა და მაგიური სამყაროსადმი ინტერესმა, შემდგომში უკვე ინტერიერის დიზაინერის ცხოვრება და კარიერა განსაზღვრა. ელენე გვიამბობს, რომ ყველაფერი ბავშვობიდან დაიწყო…

გვიამბეთ, იმ გარემოზე, რომელშიც გაიზარდეთ

ოჯახში ყველა ხელოვნების სფეროში ტრიალებდა და ალბათ ამიტომ, არც მიფიქრია არასდროს, სხვა გზას გავყოლოდი.

იმის მიუხედავად, რომ 90-იან წლებში გავიზარდე, საინტერესო აქტივობებით ვიყავი დატვირთული. ვადნობდი ვინილის ფირფიტებს „კერასინკაზე“ და ნიღბებს ვაკეთებდი, ეზოში კალას ვაგროვებდით და იქიდანაც სხვადასხვა ფორმები გამოგვყავდა. მიყვარდა მთელი სახლის ათვისება და გარდაქმნა თოჯინის საცხოვრებელ სახლებად, რაც ცოტა მოგვიანებით ჩემივე ოთახის ყოველთვიური სახეცვლილებით გაგრძელდა და ბოლოს უფრო ფართო მასშტაბური სახე მიიღო – დღეს სხვისი ობიექტების გარდაქმნით ვარ დაკავებული.

როგორ დაიწყო თქვენი კარიერული გზა, რა გადაწყვეტილებებმა განაპირობა, თქვენი ამჟამინდელი მოცემულობა?

სკოლის დასრულების შემდეგ, თავდაპირველად, თბილისის ა. ქუთათელაძის სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე. მალევე, ერთი სემესტრის დასრულების შემდეგ, იტალიაში, ქალაქ ფლორენციაში გადავედი და ერთ-ერთ აკადემიაში (FDA – Florence Design Academy) დავიწყე სწავლა, ამას მოჰყვა სხვა ადგილობრივ აკადემიაში გადასვლა (LABA – Libera academia di belle arti), სადაც ერთადერთი უცხოელი სტუდენტი ვიყავი და საკმაოდ საინტერესო გამოცდილება მივიღე.

ჯერ კიდევ იტალიაში ყოფნისას, ჩემმა ლექტორმა თავის არქიტექტორულ სტუდიაში სტაჟირება შემომთავაზა, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. თუმცა, არ ვფიქრობდი საზღვარგარეთ დარჩენაზე და სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში დავბრუნდი.

პირველი ნაბიჯები მეგობართან ერთად გადავდგი, რომელიც ჩემზე გამოცდილი იყო. ერთად შევეჭიდეთ რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტს, მათ შორის პიონერთა სასახლეში შვედების მიერ ორგანიზებულ რეაბილიტაციას. რაღაც ეტაპზე მივხვდი, კარგი იქნებოდა უკეთ გავცნობოდი ადგილობრივ სამუშაო მიდგომებს, გამეგო, თუ რა ხდებოდა საქართველოში ამ კუთხით, ამიტომ ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანიის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გავაგზავნე რეზიუმე.

მწვანე სკოლა

აქედან დაიწყო ჩემი, როგორც დაქირავებული თანამშრომლის გამოცდილება. გამიმართლა და მომიწია ისეთ პროექტებზე მუშაობა, როგორებიცაა ჰილტონის სასტუმრო და სხვადასხვა ბიზნეს ცენტრები. შემდეგ იყო კიდევ ერთი სამსახურის ცვლილება, მეტი პასუხისმგებლობა და კიდევ უფრო საინტერესო გამოწვევები.

საბოლოო ჯამში, დაახლოებით 6 წლიანი სამუშაო გამოცდილების შემდეგ, გადავდგი ნაბიჯი, დამოუკიდებლად გამეგრძელებინა გზა. შედეგად, ამ ეტაპზე ჩემი ოფისი EleniaS-Interior Design Studio მაქვს, ძალიან საინტერესო პროექტებითა და სასიამოვნო სამუშაო გუნდით. ასევე, სტუდენტებისთვის ლექციებს ვკითხულობ.

თქვენი აზრით, რა არის დღეს მთავარი გამოწვევა ქართულ არქიტექტორულ-დიზაინ სივრცეში და განვითარების რა ეტაპზეა ის?

მთავარი გამოწვევა ალბათ მასალების სიმცირეა, რაც ხშირ შემთხვევაში, იდეების რეალიზებაში გიშლის ხელს. თუმცა, პოზიტიურად ვარ განწყობილი და იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში, ეს პრობლემაც მოგვარდება. რაც შეეხება განვითარების ეტაპს, ბევრი საინტერესო არქიტექტურული და დიზაინ სტუდია ფუნქციონირებს, რაც კარგია ზოგადი ფონისთვის და ამ პროფესიის მნიშვნელობის უკეთ წარმოსაჩენად. ძალიან მიხარია, როცა ვხედავ ქართველი არქიტექტორისა თუ დიზაინერის წარმატებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთაც. ასეა თუ ისე, ჩვენ ყველა ერთად ვიზიარებთ კოლექტიურ პასუხისმგებლობას ამ დარგის განვითარებაზე. თუმცა, სამწუხაროდ, მხოლოდ პროგრამის მცოდნე ახალგაზრდებიც მომრავლდნენ, რომლებიც გამოცდილების გარეშე, დამოუკიდებლად ცდილობენ გზის გაკვლევას და საკმაოდ აზიანებენ პროფესიონალის სახელსა თუ მნიშვნელობას.

Coffee Lab

რას გვეტყვით ქართველ დამკვეთთან ურთიერთობის სპეციფიკაზე?

საბედნიეროდ, უმეტესობა უკვე ნდობით აღჭურვილი მოდის დიზაინერთან, ეს ნდობა კი საბოლოო შედეგსაც განაპირობებს. პროექტირებისას ძალიან მნიშვნელოვანია განწყობა, რასაც დამკვეთის და დიზაინერის ურთიერთობა ქმნის. უნდობლობის შემთხვევაში, დიზაინერიც და დამკვეთიც წვალობს, ერთ წრეზე ტრიალებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ ის კონკრეტული პიროვნება, ვისი ნააზრევიც თანხვედრაში იქნება თქვენ ინტერესებთან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პანდემიის პერიოდში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მოთხოვნა ინტერიერის დიზაინზე გაორმაგდა ან შეიძლება ითქვას, გასამმაგდა კიდეც.

საცხობი ბახტრიონის ქუჩაზე

საიდან იღებთ ინსპირაციას და რაში მდგომარეობს თქვენი ნამუშევრების მთავარი სათქმელი?

შთაგონება ყოველ პროექტზე ინდივიდუალურად ჩნდება. ზოგ შემთხვევაში თვითონ ობიექტის ფორმას მოაქვს იდეა ან შეიძლება მისი დასახელება გახდეს ამოსავალი წერტილი კონცეფციის შესაქმნელად. ჩემი ნამუშევრების ერთ-ერთი მთავარი დეტალი ფერების გამოყენებაა და კომპოზიციის ჩემებური განაწილება.

ნამუშევრის შექმნისას მთავარი სწორედ ის კონცეფცია და იდეაა, რაც სარჩულად უნდა დაედოს მომავალ პროექტს. ვეთანხმები იტალიურ მიდგომებს და ჩემთვის ნებისმიერი პროექტი იწყება ისტორიის მოკვლევით ან ისტორიის შექმნით. ამ ეტაპზე იკვეთება დიზაინერის სათქმელი მომავალი მომხმარებლისთვის.

ყველა პროექტს საკუთარი ხასიათი აქვს და თუ ეს არ ჩანს, მხოლოდ ავეჯის განაწილებით სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაც ხომ ზუსტად ეს არის – სწორი ხასიათისა და განწყობის შექმნა მომხმარებლისთვის. თითოეულ პროექტს ინდივიდუალური ისტორია და სათქმელი აქვს. მთავარი მიზანი ის არის, რომ ყოველ მომდევნო ნამუშევარს ინდივიდუალიზმი არ დავუკარგოთ და მაქსიმალურად ვეცადოთ, ყველა მათგანი თანაბრად საინტერესო გამოვიდეს, რაც ხშირ შემთხვევაში, დამკვეთზეც არის დამოკიდებული.

ამჟამად რა პროექტებით ხართ დაკავებული?

ამ ეტაპზე ვმუშაობთ რამდენიმე სასტუმროზე. აქედან ერთ-ერთი საერთაშორისო ბრენდის ქვეშ იხსნება. ასევე საქართველოს მასშტაბით გვაქვს კერძო დაკვეთები და 2 პროექტი გერმანიასა და პორტუგალიაში (პორტუგალიაში რიგით მეორე პროექტს ვასრულებთ). ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ამ მიმართულებით განვითარება. კარგია სამშობლოში მუშაობა, თუმცა ევროპულ ბაზარზე სხვა გამოწვევებია, რაც ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი და მისაღებია.

და ბოლოს, რას ეტყოდით თქვენი პროფესიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს?

ახალგაზრდებს ყოველთვის ვურჩევ ზედაპირულად არ შეხედონ ამ პროფესიას და ბოლომდე ჩაეძიონ ყველა დეტალს, რადგან ფასადური ესთეტიკის უკან, დიდი ტექნიკური გამოწვევები დგას. შესაბამისი ცოდნის გარეშე წარმოუდგენელია სასურველი შედეგის მიღება. ეს პროფესია ძალიან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, თუმცა იმდენად საინტერესო თავგადასავალს გპირდებათ, ვფიქრობ, ნამდვილად ღირს ამ „მსხვერპლზე“ წასვლა…

ელენე სხვიტარიძის მიერ რეალიზებული პროექტი ბათუმში. ფოტოები: ოთო გორდელაძე

სამუშაო სივრცე საძინებელში — რამდენიმე შთამაგონებელი იდეა

არქიტექტურულ კომპანია „სტუდია 9“-ს თამთა ხაჟომია უხელმძღვანელებს