ნინო პაიჭაძე მხატვარი, ინტერიერის დიზაინერი და პერსონალური სტილისტია. მისი ცხოვრება საინტერესო და მრავალფეროვანი შემოქმედებითი პროცესით არის სავსე, რომლის საშუალებითაც საკუთარ თავს გამოხატავს. განსაკუთრებული ადგილი მის ცნობიერებაში ხატვას უჭირავს. ბავშვობიდან ხელოვნებისადმი სიყვარულმა და მისადმი სწრაფვამ განსაზღვრა შემდეგში მისი კარიერაც.
ნინო სასიცოცხლო ენერგიას სხვადასხვა საქმიდან იღებს, ეს იქნება ხატვა, წერა, ინტერიერის დიზაინი,You Tube არხი თუ ტატუების კეთება. მის მიერ შექმნილ ნამუშევრებში ორიგინალური ხედვა, ინდივიდუალიზმი და მრავალფეროვნება განსაკუთრებით იგრძნობა, ყველაფერი ეს კი გემოვნებიანად ერწყმის ერთმანეთს. დიზაინერი დღეს ჩვენს მკითხველს უზიარებს რჩევებს, თუ როგორ არის შესაძლებელი, დამოუკიდებლად, ორიგინალური და განსხვავებული ეკლექტური დიზაინის შექმნა. პროფესიონალის საინტერესო ხედვას ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:
პირველ რიგში, საჭიროა სრული თავისუფლება ნებისმიერი შეხედულებებისგან. უნდა უგულებელყოთ ყველანაირი ინფორმაცია, რომელიც გეგონათ, რომ თქვენს გემოვნებაში არსებობდა ან არ არსებობდა. ამ შემთხვევაში მთავარია ახლებურად შეხედოთ ნივთებს.
მაგალითად, ჟირაფის კოპლების პატერნი, რომელიც არასოდეს გიზიდავდათ და არ გამოიყენებდით თქვენი სამოსისა თუ სახლის გაფორმებაში. იმ შემთხვევაში თუ, ეკლექტური დიზაინის შექმნა გვსურს, აუცილებელია დავიწყოთ ექსპერიმენტით, როგორიცაა ჩვენი გემოვნებიდან სრულიად ამოვარდნილი ვიზუალი.
ეკლექტიკა ყოველთვის თამამი განცხადებაა. შესაბამისად, გემოვნებიანი ეკლექტური ინტერიერის შექმნა, რომელიც ორგანულად იქნება მასთან შერწყმული – დიზაინში ყველაზე რთული დავალებაა. ეკლექტური ინტერიერი შეგვიძლია შევადაროთ კულინარიაში ხშირად გაგონილ ფრაზას – „გემოების თამაში“, როდესაც პროფესიონალ შეფს შეუძლია, ტკბილი და ცხარე „გემოები ათამაშოს“ ერთ კერძში.
1. გამბედაობა
იყავით თამამი, თავისუფალი, არ მოგერიდოთ ექსპერიმენტების, იგიჟეთ. აირჩიეთ ისეთი პატერნი, რომელიც უცხოა და ეცადეთ ორზე მეტი არ აურიოთ ერთმანეთში. თუ გამოვიყენებთ კუს ჯავშნის პატერნს, შევეცადოთ სხვა ადგილასაც იგივე გავიმეოროთ ან ფერში ან ფორმაში. მაგალითად, ლარნაკი, რომელსაც კუ ახატია ან სულაც თეთრი კუს სკულპტურა. შესაბამისად, ისინი ერთმანეთს შეერწყმება არა მხოლოდ ფერებით, არამედ თემატურადაც.
2. დრო
ეკლექტიკას არა აქვს დრო და პერიოდი. მისი შეხამება შეიძლება სხვადასხვა პერიოდის ავეჯთან თუ დეკორთან. ეს შეგვიძლია შევადაროთ დღევანდელობას, თუ როგორ იღებს „Netflix”-ი სერიალს, რომელშიც ფერადკანიანი რაინდი სრულიად შეუსაბამო ისტორიულ პერიოდში გვხვდება. ასევე, მსგავსი პრინციპია ეკლექტურ დიზაინშიც.
3. ფერები
გადადგით კონტრასტული ნაბიჯები. მაგალითად, სრულიად შავ ოთახში მოათავსეთ ყვითელი სკამი. თუ ვაკეთებთ მდოგვისფერ ოთახს, არ არის აუცილებელი სხვა ფერებიც მონოქრომული იყოს. ამ შემთხვევაში ეძებეთ, რომელი იქნება მდოგვისფრის ყველაზე შესაფერისი, განსხვავებული ფერი. დააკვირდით ბუნებას, მის ფერებს. ინტერნეტში მოიძიეთ პეპლები, ჩიტები – მათთან ყოველთვის ლამაზი ფერთა გამის შეხამებას ვხვდებით, რომლის ეკლექტიკაში გამოყენება მშვენიერ შედეგებს იძლევა. შესაბამისად, შემოდგომაზე ხშირად ვხედავთ, როგორ უხდება ჩამჯდარ ყვითელს წითელი.
4. ფორმები
შეიძლება სახლის ძირითადი ფორმები აგებული იყოს კუბის და მართკუთხედის პრინციპებზე, მაგრამ მრგვალი ან დისკის ფორმების სანათითა და მაგიდით თქვენ ეს ნივთი შეგიძლიათ მოაქციოთ ყურადღების ცენტრში და მოახდინოთ მასზე აქცენტირება. ასევე შეგიძლიათ განსხვავებული ფორმის ერთი სკამი, განსხვავებული მასალითა და ფერით, მისაღებში განათავსოთ, როგორც მთავარი ობიექტი – ფერი+ფორმა+მასალა.
5. სტილები
ჩვენ შეგვიძლია მე-19 საუკუნის ინგლისის სტილს მოვარგოთ 21-ე საუკუნის მოდერნისტული, შუაში ჩამოკიდებული მსხლის ფორმის ბუხარი, რომელიც ამ სივრცეს სრულიად სხვანაირ ელფერს მისცემს.
6. მასალები
მაგალითად, ოთახში, სადაც ყველაფერი მინიმალისტურ, ვერცხლისფერ მეტალშია გადაწყვეტილი, დავდგათ ფუშფუშა ბუმბულებიანი სანათი ან უზარმაზარი მრგვალი შუშის აკვარიუმი, რომელშიც რამე დეკორს მოვათავსებთ.
შესაძლებელია მოცემული პუნქტების გადათამაშება და მათი დახმარებით ძალიან საინტერესო ინტერიერის დიზაინის შექმნა.