ინტერიერის დიზაინის კომპანია SAMI_-ის კიდევ ერთი დასრულებული პროექტი, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, „ორიონის“ საცხოვრებელ კომპლექსში მდებარეობს. აღნიშნული ობიექტის საცხოვრებელი ფართობი 105 კვადრატული მეტრია, საზაფხულო ფართი კი 13 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
როგორც პროექტის ავტორები გვიამბობენ, დამკვეთს სურდა მინიმალისტური და მაქსიმალურად თეთრი ინტერიერი. გეგმარებითი თვალსაზრისით კი დიზაინერებს უნდა გაეთვალისწინებინათ დამოუკიდებელი სამზარეულო, საერთო ოთახი, სასადილო სივრცე, ორი საძინებელი (მშობლებისა და ბავშვებისთვის), ორი დამოუკიდებელი აბაზანა და სამრეცხაო.
კონცეფციაზე მუშაობისას მთავარ სირთულეს წარმოადგენდა საერთო ოთახი, რომელიც არასტანდარტული „L“ ფორმისაა. შესაბამისად, პროექტის ავტორებისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა სასურველი კომპონენტების სწორი გადანაწილება, როგორებიცაა: ტელევიზორის კუთხე, სასადილო მაგიდა, ტახტი, წიგნების თარო, ჭურჭლის სათავსო და ა.შ.
ასევე, გეგმარებაზე მუშაობისას გამოწვევას წარმოადგენდა ბეტონის დიაფრაგმა და საკმაოდ დიდი ზომის საკომუნიკაციო შახტა, რომელიც ბინის ცენტრალურ ნაწილს იკავებს. თუმცა, დაბრკოლების მიუხედავად, პროექტის ავტორებმა მოახერხეს მისი გადალახვა და კომპაქტურად განალაგეს სასურველი სივრცეები ამ ორი დეტალის გარშემო. შედეგად, საცხოვრებელ სივრცეში განთავსდა საერთო ოთახი სასადილო ზონით, დამოუკიდებელი, მცირე ზომის პრაქტიკული სამზარეულო, ორი საძინებელი. მშობლებისთვის განკუთვნილ ოთახს არ აქვს ინდივიდუალური საგარდერობო, თუმცა ერთ-ერთი კედლის მთელ სიგრძეზე დამონტაჟდა საკმაოდ ტევადი, უხილავი კარადა. სივრცეში ასევე დაპროექტდა ორი სველი წერტილი. ერთ მათგანში, დამკვეთის სურვილისამებრ, მოხდა საშხაპის დამონტაჟება, მეორეში კი აბაზანისა და საკუჭნაო/სამრეცხაოს მოწყობა.
როგორც დიზაინერები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, ძირითად კონცეფციასა და მიმართულებას წარმოადგენდა მინიმალიზმი და მოდერნი თეთრი ფერის სიჭარბითა და თანამედროვე ფორმის ავეჯით. ხოლო კონტრასტისა და სითბოს შემოსატანად ხის აქცენტები იქნა გამოყენებული.
იატაკის ძირითადი მოსაპირკეთებელი მასალა ხის პარკეტია, კედლები კი თეთრადაა შეღებილი. ინტერიერში გვხვდება ე.წ. “უჩინარი“ კარები. კონტრასტის შესაქმნელად, თაროებისთვის გამოყენებულია დაშპონილი „მდფ“-ის მასალა, ხის შპონით.
ხოლო რაც შეეხება აბაზანას, აქ თეთრი და შავი მარმარილოსა და ბეტონის ფაქტურის ფილების კომბინაციაა წარმოდგენილი.
ინტერიერი, პირველ რიგში, გამოირჩევა „სითეთრით“, რომელსაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს „უჩინარი“ კარების გამოყენება. ასევე, საერთო ოთახში არსებული წიგნების თარო და დეკორატიული გამყოფი, რომელიც წამყვანი ელემენტი და კონტრასტია მთლიან სივრცეში. დეკორატიული ელემენტები კი (ნახატები, გამწვანება), რომლებიც თავად დამკვეთმა შემატა ინტერიერს, კიდევ უფრო ავსებს საერთო დიზაინს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ინტერიერში გამოყენებული თითოეული კომპონენტი შესრულების მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
საბოლოოდ, დამკვეთის სურვილის გათვალისწინებით შეიქმნა ისეთი სივრცე, რომელიც არის ცოტა მკაცრი, გეომეტრიული, მოდერნისა და მინიმალიზმის ნაზავით შთაგონებული ინტერიერი.
დიზაინ სტუდია: არქიტექტურის და ინტერიერის დიზაინის კომპანია SAMI
პროექტის ავტორები: ნატალია მანჯგალაძე, თამარ მოსიაშვილი, ციცი მანაგაძე
ფოტოგრაფი : ოთო გორდელაძე