in

უილიამ მორისი — პირველი დიზაინერი ისტორიაში

უილიამ მორისმა, პროფესიონალმა ხელოვნებათმცოდნემ, ბედი მხატვრობაშიც გამოცადა, გამოიჩინა თავი, როგორც აქტიურმა საზოგადო მოღვაწემ, დაკავებული იყო თარგმნით და წიგნების გამოცემით, პოეზიით, მოგვიანებით იქცა ტოლკინის იდეოლოგიურ ინსპირაციად და ერთ-ერთ პირველ ადამიანად, ვინც ინტერიერის დიზაინის გზა გაკვალა. გასაკვირია, რომ მსოფლიომ ეს მრავალმხრივი ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, შპალერსა და ქსოვილებზე მისი ორნამენტების წყალობით დაიმახსოვრა.

შუა საუკუნეები და სოციალიზმი

უილიამ მორისი 1834 წელს ლონდონის გარეუბანში დაიბადა. მსოფლიოში პირველი დიზაინერი თვალწარმტაცი პეიზაჟებისა და ვიქტორიანული საზოგადოების გარემოცვაში გაიზარდა. როგორც მდიდარი ოჯახის შვილი, ის საქმიანობის სფეროს არჩევაში შეზღუდული არ იყო. ადრეული ასაკიდან უილიამი დაკავებული იყო მხატვრობით, სწავლობდა ბუნებას, არქიტექტურას და ინტერესდებოდა რაინდული რომანებით. ეს ყველაფერი იქცა ნიადაგად, რომელშიც მისი ორიგინალური ესთეტიკის ფესვები აღმოცენდა.

ახალგაზრდა მორისმა ჩააბარა ოქსფორდში, სადაც მან თავი შუა საუკუნეების კულტურის შესწავლას მიუძღვნა. სწავლის დასრულების შემდეგ იგი პრე-რაფაელიტი მხატვრების საზოგადოებაში მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ უილიამის ინტერესების ფარგლები ძალიან იყო განცალკევებული რეალობისგან, იგი, ყველასთვის მოულოდნელად, სოციალისტური იდეების მიმდევარი აღმოჩნდა.

უილიამ მორისი წუხდა, რომ არასწორ დროს დაიბადა. იგი ვერ გახდა შუა საუკუნეების კეთილშობილი რაინდი, თუმცა შეეძლო რაინდობისადმი ლტოლვა სხვა გზით დაეკმაყოფილებინა. მისი მისია ხელმისაწვდომი ხელოვნება გახდა.

სოციალისტურად მოაზროვნე მორისს სურდა, ხელოვნება ელიტარული არისტოკრატული საზოგადოების გალიიდან გაეთავისუფლებინა და გაეღო მისთვის ყველა ბრიტანული სახლის კარი, მიუხედავად მისი მფლობელის სოციალური მდგომარეობისა. ასე რომ, შეიძლება ითქვას, უილიამ მორისმა დიზაინი გამოიგონა.

პროფესია „დიზაინერი“

თავიდან მან გულწრფელად სცადა ბედი პრე-რაფაელიტი მხატვრის ამპლუაში. ამ სფეროში მორისი არც ისე წარმატებული აღმოჩნდა. მისი ერთადერთი ცნობილი ზეთში შესრულებული ნახატი იყო „ლამაზი იზოლდა“, რომელიც პრე-რაფაელიტური საძმოს დამაარსებელმა — დ. გ. როსეტიმ სასტიკად გააკრიტიკა.

მეუღლესთან ერთად, შუა საუკუნეების მგზნებარე თაყვანისმცემელი დასახლდა კენტის საგრაფოში, „წითელ სახლში“ — ნეო-გოთიკურ შენობაში წითელი აგურის კედლებით, რომელიც ოჯახის მეგობარმა, არქიტექტორმა ფილიპ უებმა დააპროექტა. მორისმა ინტერიერზე პირადად იზრუნა და თანამოაზრე მხატვრებს დახმარება სთხოვა. სწორედ ამის შემდეგ გახდა უილიამის ორნამენტები ცნობილი.

წარმატებებით შთაგონებულმა და რაინდობის დიდებული დღეებისადმი სიყვარულით გაერთიანებულმა მორისმა და მისმა მეგობრებმა გახსნეს საკუთარი ტექსტილის, შპალერის, ავეჯის, კერამიკისა და ვიტრაჟების კომპანია, რომლის სრული სახელწოდებაა Morris, Marshall, Faulkner & Co. ამ მეგობრული საწარმოს მთავარი მახასიათებელი პროდუქციის ხელით წარმოება იყო.

ვიქტორიანულ ინგლისს მაშინვე არ შეჰყვარებია Morris & co-ს ნაწარმი, მაგრამ თანდათან ეს ჰობი ბიზნესად იქცა. არისტოკრატულმა საზოგადოებამ უილიამი ავეჯის შერჩევაში, კედლების გაფორმებაში და ბუხრის მოპირკეთებაში დახმარების მიზნით მიიწვია. ამრიგად, მორისი გახდა არა მხოლოდ ორნამენტების, არამედ ინტერიერის დიზაინერიც.

უილიამმა საკუთარ თავთან მიმართებაში პირველად გამოიყენა სიტყვა „დიზაინერი“, რომელიც მან სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში გაწევრიანებისთვის კითხვარის შევსებისას გრაფაში — „სამუშაო“ მიუთითა.

ხელნაკეთობა ქარხნული წარმოების წინააღმდეგ

მორისს უყვარდა ლამაზი ნივთები და სძულდა თანამედროვე ცივილიზაცია, უპირველეს ყოვლისა, ინდუსტრიული რევოლუციის გამო, რომელსაც მან „სიმახინჯე“ უწოდა.

წარსულის ხელოსნობის ტრადიციების აღორძინების მცდელობისას, უილიამი უაზრო კოპირებით არ ყოფილა დაკავებული. ამასთან, გარდა შუასაუკუნეებისა, მისთვის შთაგონების კიდევ ერთი ამოუწურავი წყარო ბუნება იყო. მოგვიანებით მორისის ესთეტიკა არტ ნუვოში გადაიზარდა.

უილიამის დიზაინს ფილოსოფიური საფუძველი გაჯერებული იყო ხელოვნების ისტორიკოსის — ჯონ რასკინის იდეებით, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ობიექტური სამყარო არის მოწმობა საზოგადოების მორალური მდგომარეობის შესახებ.

მორისმა და მისმა თანამოაზრეებმა გადაწყვიტეს, რომ ესთეტიკა ადამიანის, როგორც პიროვნების გაუმჯობესებას შეუწყობდა ხელს. უილიამის ხედვაში ესთეტიკური გარემო უნდა შედგებოდეს ექსკლუზიურად ხელნაკეთი ნივთებისგან, რომლებიც ქარხნის უსულო შტამპიან პროდუქტებს არ ჰგავს.

სწორედ აქ მდგომარეობდა პრობლემა, რის გამოც მორისის სოციალისტური ოცნებებს ახდენა არ ეწერა. მანქანურ წარმოებაზე უარის თქმის გამო, ხელოვნება, რომელიც მას სურდა, ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო, ძალიან ძვირი სიამოვნება აღმოჩნდა.

Morris & co-ს თითოეული ნივთი საჭიროებდა ინდივიდუალურ პროექტს, მაღალი ხარისხის ბუნებრივ მასალებს და ხელით შრომას. შედეგად, პროდუქციის ფასები ზედმეტად მაღალი გახდა. ერთადერთი გამონაკლისი იყო შედარებით იაფფასიანი „სასექსური“ სკამები და ისინი, Morris & co-ს ნაწარმის უმეტესობისგან განსხვავებით, დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

ოფიციალური ბრენდი “The Morris & Co” დღემდე არსებობს, რომელიც თანამედროვე წარმოების ტექნოლოგიებს აღარ უგულებელყოფს. მიუხედავად იმისა, რომ ეს „ქარხნული“ მიდგომა მორისის დიზაინისადმი ხედვას ეწინააღმდეგებოდა, საბოლოოდ, სწორედ ამან გახადა პირველი დიზაინერის ხელოვნება ხელმისაწვდომი. უილიამ მორისის ორნამენტები კვლავ ცნობადი და აქტუალურია.

მინიატურული, მაგრამ მყუდრო – იდეები პატარა სამზარეულოს მოსაწყობად #Homeisინსპირაცია

შინაგანი განწყობით შთაგონებული ინტერიერის დიზაინი – ინტერვიუ ნინო არზიანთან