in

ალიზის აგური ‘ია’ – “იდააფ არქიტექტორების” მიერ შექმნილი ახალი სამშენებლო მასალა

აგური „ია”, “იდააფ არქიტექტორების” სახელოსნოს მიერ ახალი სამშენებლო მასალის შექმნის პირველი მცდელობაა, რომელზეც მუშაობა 2018 წლიდან მიმდინარეობს. მისი ორი მოდულარული ფორმა ადვილად თავსდება ერთმანეთში, არ საჭიროებს სამაგრებს ან შემავსებელს და მარტივად აშენების საშუალებას იძლევა.  “ია” აგურის კედელში ადვილია ღიობებისა და კუთხეების მოწყობა, ხოლო გარე პერიმეტრს მარტივად ებმება ინტერიერის ტიხრები.

“იდააფ არქიტექტორების” საავტორო ფორმისგან შექმნილი აგური „ია“ დამზადებულია მიწის, წყლის, ქვიშისა და ხორბლის თივის ერთმანეთში არევით. მისი ფერები ბუნებრივია და საქართველოს რეგიონებიდან მოპოვებული სხვადასხვა ფერის მიწებითაა მიღებული. ეს სამშენებლო მასალა მთლიანად არატოქსიკურია და თავისი თვისებებით სჯობნის ინდუსტრიულად გამომწვარ აგურსა და ბეტონის სამშენებლო ბლოკებს. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა, მდგრადი სამშენებლო მასალა, რომელიც  გამოირჩევა იაფი წარმოებით, კარგი ხმა და თბოიზოლაციითა და მაღალი ხანძარ მედეგობით.

ფერადი მიწები საქართველოდან

აგური „ია“ შეიქმნა თანამედროვე არქიტექტურასა და მშენებლობაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ. ის ერთგვარი მანიფესტია იმ სამშენებლო მასალების მიმართ, რომელთა არაეკოლოგიური წარმოების გამოც მსოფლიო გლობალური დათბობისა და ამით გამოწვეული კატასტროფების წინაშე დადგა,” – აცხადებენ “იდააფ არქიტექტორების” სტუდიაში

აღსანიშნავია, რომ სამშენებლო აგური “ია” დამზადდა ვორქშოფის – „ალიზი – კვლევა, ახალი დიზაინი და თანამედროვე მშენებლობაში გამოყენების პერსპექტივები“ – ფარგლებში, რომელიც 2022 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში “იდააფ არქიტექტორების” ორგანიზებით ჩატარდა და მოიცვა კვლევითი და პრაქტიკული სამუშაოები. ვორქშოფის მიზანი იყო, გამოეკვლია ტრადიციული ალიზის დამზადების მეთოდები საქართველოსა და მსოფლიოდან, შეექმნა მისი განახლებული დიზაინი და ეპოვა თანამედროვე მშენებლობასა და დეკორატიულ დიზაინში გაგრძელების ხაზი. ვორქშოფის შედეგების მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ ალიზის აგური არის  უპირობო ალტერნატივა და შეუძლია კონკურენცია გაუწიოს იმ თანამედროვე ინდუსტრიულ სამშენებლო მასალებს, რომლებიც დღეს ყველაზე აქტიურად გამოიყენება მშენებლობებში.

ვორქშოფის განმავლობაში ასევე დამუშავდა  ალიზის დეკორატიული ფილა – “ია”. სამშენებლო აგურისგან განსხვავებით, კედლის ფილა “ია” დამზადებულია მიწის, წყლის, ქვიშისა და ქაღალდის სველი, დარბილებული მასის ერთმანეთში არევით, რამაც ზედაპირების ტექსტურის ერთგვაროვნება განსაზღვრა. მისი ფერებიც ბუნებრივია და საქართველოს რეგიონებიდან მოპოვებული სხვადასხვა ფერის მიწებით მიიღება.

ფერადი მიწები საქართველოდან

”ია” კედლის ფილას სჭირდება ბადე არმირება, რათა გამძლეობა შეინარჩუნოს ინსტალაციისა და ტრანსპორტირების დროს. ფილა დამუშავებულია მაღალი ხარისხის დამცავი ლაქით, რაც მის წყალთან მედეგობას უზრუნველყოფს. ის გამიზნულია სხვადასხვა ტიპის ინტერიერებისთვის, როგორც დეკორატიული, ისე ფუნქციური გამოყენებისთვის.

კედლის აწყობის სქემა

აგური “ია”-სგან შექმნილი პავილიონის მცირე მოდელი “იდააფ არქიტექტორებმა”  წარმოადგინა გამოფენაზე: “ალიზი-მანიფესტი თანამედროვე მშენებლობას”.

ამჟამად აგური “ია” დამუშავების ახალ ეტაპზეა, რაც მის სრულყოფილ კვლევას, სამშენებლოდ გამოყენების წესებისა და პირობების დადგენას და ზოგად დირექტივებს მოიცავს.

უნდა ითქვას ისიც, რომ “იდააფ არქიტექტორებმა”  ასევე შექმნა ალიზის ავეჯიც.

მცირე მაგიდები ალიზი/3 და ალიზი/4 “იდააფ არქიტექტორების” საავტორო აგურის ფორმისგან შეიქმნა. ფუძეში კაკლის ხისგან დამზადებულ აგურს იმავე ფორმის ორი/სამი ცალი ალიზი ეყრდნობა. აგურების შეფერილობა ბუნებრივია, ხოლო გამოყენებული მიწები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაა მოპოვებული.

მაგიდა ლაზური-ს იდეა ლაზური სახლების დიზაინს ეფუძნება. ალიზის ღრუიან ფილებში მოთავსებულია მოჭიქული თიხის კვადრატული ფორმები, რაც ლაზური სახლის არქიტექტურულ ტიპოლოგიას იმეორებს. ალიზის ფილებისთვის მიწები  მოპოვებულია ჟინვალისა და გარიყულას ტერიტორიებზე და ისინი საკუთარი ბუნებრივი ფერითაა წარმოდგენილი.

მაგიდა “ლაზური”

ძველი ხის კაბინის ახალი სიცოცხლე მიტოვებულ სოფელში – Veris Design Studio-ს ნამუშევარი

როგორ გავაფორმოთ მაგიდა სადღესასწაულოდ – Homeis.ge-ს 4 იდეა შოპინგ სქემით