in

Color-Blocking — ინტერიერის 3 ამოცანა, რომელსაც ფერი წყვეტს

ინტერიერში ფერი ყველაფერს ცვლის. ამაში დასარწმუნებლად ოთახში მხოლოდ ერთი კედლის გადაღებვაც საკმარისია. ხოლო თუ ერთდროულად რამდენიმე გაჯერებულ ელფერს გამოიყენებთ, შეგიძლიათ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწიოთ და ინტერიერის რამდენიმე პრაქტიკული ამოცანა გადაჭრათ. დღეს მოგიყვებით, როგორ უნდა გამოიყენოთ მოდური color-block ტექნიკა თქვენი ინტერიერის სასარგებლოდ.

ოთახის გეომეტრიიდან და ზომებიდან ყურადღების გადატანა

დღეს მოდაშია ფერის ფართომასშტაბიანი გამოყენება და გაჯერებული ელფერების კონტრასტული კომბინაციები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ — color-blocking. ფართო გაგებით, ეს არის მუშაობა ფერადი „ლაქებით“, რომლებიც შეიძლება იყოს არა მხოლოდ კედლები, არამედ დივნები, სავარძლები, ხალიჩები, ფარდები და სხვა საგნები.

შეიძლება იფიქროთ, რომ თუ რამდენიმე აქტიური ელფერი ერთ ოთახში მოიყრის თავს, სივრცე ვიზუალურად დაპატარავდება. თუმცა, სინამდვილეში, პირიქით ხდება — color-blocking-ის დინამიკა ყურადღებას თავისკენ გადაიტანს, რაც ოთახის რეალურ ზომას დაგავიწყებთ.

Color-blocking ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დიზაინის საინტერესო ტექნიკაა. ის ასე მუშაობს: მრავალი ფერისა და კონტრასტის დანახვისას, ჩვენი ტვინი უამრავ შთაბეჭდილებას იღებს და ოთახის ზომები ყურადღებას აღარ იქცევს, როგორც ეს ოთხი თეთრი კედლის შემთხვევაში იქნებოდა.

ამ ტექნიკის საშუალებით ასევე შეგიძლიათ ვიზუალურად „აამაღლოთ“ და „დაადაბლოთ“ ოთახი, გამოკვეთოთ ან მოამრგვალოთ სივრცის კუთხეები.

ფუნქციური ზონის საზღვრის დადგენა

color-blocking ეფექტური ინსტრუმენტია, რომელიც გამოგადგებათ, თუ ერთი ოთახის სხვადასხვა ფუნქციურ ზონებად დაყოფა გჭირდებათ. ვიზუალური ზონირება არა მხოლოდ სანახაობრივი, არამედ ფსიქოლოგიურად კომფორტული ტექნიკაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, თქვენი აზრები და თქვენ გარშემო არსებული სივრცე მოაწესრიგოთ.

მცირე საშუალებებით მაქსიმალური ექსპრესიული ეფექტის მიღწევა

ტერმინი color-block ინტერიერში მოდის ინდუსტრიიდან გაჩნდა. რამდენიმე გაჯერებული ელფერის ერთ სამოსში „შეჯახება“ დღეს პოდიუმებზე საკმაოდ პოპულარულია.

ტერმინის გამოჩენამდეც კი უკვე არსებობდა ასეთი ფენომენი, რომელსაც ბაუჰაუსის ფუნქციონალისტები ასი წლის წინ აქტიურად იყენებდნენ. მათი ნამუშევრები, თავის მხრივ, მოდის დიზაინერების მიერ იყო შთაგონებული. იდეების ეს უწყვეტობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინტერიერი, მოდის ინდუსტრია და ხელოვნება ყოველთვის მჭიდროდ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული.

Color-blocking — ეს გაბედული ტექნიკა საშუალებას გაძლევთ რადიკალურად შეცვალოთ სივრცე, გახადოთ ის ვიზუალურად უფრო ძვირადღირებული, მიაღწიოთ გარანტირებულ “wow” ეფექტს და, ამავდროულად, ამისთვის მხოლოდ რამდენიმე ქილა საღებავია საჭირო.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

საახალწლოდ მორთული თბილისი – Homeis.ge-ს რჩეული შენობების დეკორაციები

რა უპირატესობა აქვს ახალ აშენებულ კორპუსში ცხოვრებას?