in

არქიტექტურა, როგორც მამოძრავებელი ძალა – ინტერვიუ ლიკა ფანჯიკიძესთან

მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტორ-დიზაინერი ლიკა ფანჯიკიძე ხელოვანთა და მხატვარ-მოქანდაკეთა ოჯახში იზრდებოდა, ბავშვობაში არასდროს უფიქრია, მისი ცხოვრება ამ სფეროსთვის დაეკავშირებინა. მისი არქიტექტურით დაინტერესება ცოტა მოგვიანებით მოხდა. პროფესიის განსაზღვრაში კი განსაკუთრებული როლი მისმა მეუღლემ, ლევან გეგეშიძემ შეასრულა. ახლა ის უზომოდ შეყვარებულია საკუთარ საქმეზე და 3 შვილის დედობასთან ერთად, არქიტექტორული დიზაინ კომპანიის Lika Panjikidze Architecture & Design-ის შემქმნელია. დღეს ლიკა Homeis.ge-ს მკითხველს საკუთარ გამოცდილებასა და ხედვებს უზიარებს.

ლიკა, როგორც ვიცით, ხელოვანთა ოჯახში იზრდებოდით, აღგვიწერეთ ეს გარემო, როგორი იყო თქვენი ბავშვობა?

დიახ… გარემო, რომელშიც მე გავიზარდე, საკმაოდ დატვირთული იყო შემოქმედებითად. მართალია, ბაბუა – ელგუჯა ნარიმანიშვილი, რომელიც სამხატვრო აკადემიის დეკორატიული გამოყენების ფაკულტეტის დეკანი და მოქანდაკე იყო, ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა, მისი ნამუშევრები, ქანდაკებები ბავშვობიდან საოცარ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე. ბიძებთან, მხატვარ-მოქანდაკეებთან, პაატა და დათო ნარიმანიშვილებთან სტუმრობის დროსაც მუდმივად შემოქმედებითი სურნელი ტრიალებდა. ხშირად ან მე მხატავდნენ ან მახატვინებდნენ, ამიტომ ფერწერა და ხელოვნება მუდმივად ძალიან ახლობელი იყო ჩემთვის.

ბიძის მიერ დახატული ლიკა ფანჯიკიძის პორტრეტი

რამ განაპირობა არქიტექტურით თქვენი დაინტერესება და როგორ შეაფასებდით თქვენს კარიერულ გზას?

მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ოჯახში გავიზარდე, არასდროს მიფიქრია პროფესიულ არჩევანზე ამ კუთხით. უფრო მამის ხაზით, ფიზიკითა და მათემატიკით ვიყავი გატაცებული, სანამ სკოლაში ხაზვის სასწავლო პროგრამა არ დაგვეწყო. ეს სფერო რომ განსაკუთრებით მიტაცებდა ვერ ვხდებოდი, მაგრამ დიდი ინტერესით ვაკეთებდი სამუშაოს და წლის ბოლო ნახაზს სხვადასხვა ჭრილში, ყოველ გაკვეთილზე, დავალების სახით, დიდი მონდომებით ვასრულებდი.

მოგვიანებით ოჯახიც შევქმენი. ჩემი მეუღლე, ლევან გეგეშიძე პროფესიით არქიტექტორია. ისე მოხდა, რომ ჩვენ ხანგრძლივი პერიოდი პოლონეთში ვცხოვრობდით, რადგან ის დისერტაციაზე მუშაობდა და შეიძლება ითქვას, საქორწინო მოგზაურობაც ამ პერიოდს დაემთხვა.

ჩემი პირველი ნაბიჯები ამ სფეროში და შემდგომში უზომო სიყვარული არქიტექტორის პროფესიისადმი სწორედ აქედან დაიწყო. როდესაც ლევანმა ჩემი ხაზვით გატაცების შესახებ გაიგო, პერსპექტივი და აქსონომეტრია ამიხსნა. ეს იყო ერთგვარი ბიძგი, რომელმაც შემდგომში ჩემი კარიერული გზა განსაზღვრა. 2001 წელს კი ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი დავამთავრე არქიტექტორის კვალიფიკაციით.

მიუხედავად იმისა, რომ 3 შვილს ვზრდიდი, არასდროს მომიდუნებია ყურადღება, გამუდმებით ვზრუნავდი პროფესიულ ზრდაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე და მაქსიმალურად ვცდილობდი არ ჩამოვრჩენილიყავი ახალ ტენდენციებს. შევისწავლე გრაფიკული პროგრამები, ვმუშაობდი სხვადასხვა არქიტექტორულ კომპანიაში განსხვავებულ ობიექტებზე. მეუღლის პროექტებშიც ჩართული ვიყავი პერიოდულად. საინტერესო და ნაყოფიერი გამოცდილებების შემდეგ, საბოლოოდ, ვიფიქრე ჩემი კერძო კომპანია Lika Panjikidze Architecture & Design დამეარსებინა. გადაწყვეტილების მიღება კი იმ თავდაჯერებულობამ და ცოდნამ მომცა, რაც ამ პერიოდის მანძილზე დავაგროვე.

 

როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს არქიტექტორის პროფესია დღეს, 21-ე საუკუნეში?

არქიტექტორობა, პროფესიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და საინტერესოა. პროექტირების დროს მრავალი კუთხით გიწევს ფიქრი და აზროვნება, გარემოებების გათვალისწინება, განსხვავებული გემოვნების, წეს-ჩვეულების ადამიანებთან ურთიერთობა, სწორედ ამ ყველაფრის კომბინაციით ვიღებთ შედეგს – ბედნიერ სახეებს, მადლიერებასა და კმაყოფილებას. ესაა საბოლოო მიზანი – იმ უსაზღვრო შრომისა და ღამეების თენების უდიდესი ჯილდო, რაც მეტ სურვილსა და სტიმულს გიღვიძებს, აკეთო შენი საქმე და არ გაჩერდე.

იყო არქიტექტორი 21-ე საუკუნეში, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ მოხვდი ცათამბჯენების ეპოქაში, სადაც შეგიძლია შექმნა ჭკვიანი შენობები, რომელთა კონტროლი დისტანციურად ხდება, არ გაქვს არანაირი შეზღუდვა მასალასა და შესრულების ტექნიკაზე, რაც უამრავ შესაძლებლობას იძლევა. გამწვანება კი 21-ე საუკუნის მდიდრული არქიტექტურის ნიშაა.

რას იტყოდით ქართულ არქიტექტურაზე? როგორი სტილია ჩვენთან ყველაზე მოთხოვნადი?  

არქიტექტურა იმდენად კომპლექსური დარგია, რომ ის პირდაპირ კავშირშია ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან.

დამკვეთის ინსტიტუტის განვითარებასთან ერთად, შეიმჩნევა პროფესიონალ არქიტექტორებზე მოთხოვნის ზრდა, რაც სამომავლოდ იმედის მომცემია. განვითარების ამ ეტაპზე ძალზედ მნიშვნელოვნად მიმაჩნია არქიტექტურული კონკურსების ორგანიზების საკითხი. ჩემი აზრით, სწორედ მსგავსი პროექტები იძლევა განვითარების ყველაზე სწრაფ საშუალებას. ამ მხრივ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროფესიული საზოგადოების აქტიურობასა და ჩართულობას, რაშიც დადებითი ტენდენციები უკვე იგრძნობა.

ქართულ არქიტექტურულ სივრცესთან დაკავშირებით შემიძლია გულისტკივილით აღვნიშნო ქალაქგეგმარებითი სიმჭიდროვის პრობლემა. წლიდან წლამდე თბილისში განაშენიანება მატულობს, ასევე გაუსაძლისია სატრანსპორტო პრობლემებიც. ამ ყველაფრის სამწუხარო შედეგია ის, რომ სარეკრეაციო ზონები, მწვანე საფარი და სუფთა ჰაერი მცირდება. ეს პრობლემური და აქტუალური საკითხი ქვეყნის სივრცითი მოწყობიდან გამომდინარეობს და სამწუხაროდ, მისი მოგვარება დროის მცირე მონაკვეთში შეუძლებლად მიმაჩნია.

რაც შეეხება სტილს, გამიჭირდება რაიმე კონკრეტულის გამოყოფა. აქაც, ისევ და ისევ, პირდაპირი კავშირია არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან. სწორედ აქედან გამომდინარე, არქიტექტორი მუდმივად ცდილობს იპოვოს ოპტიმალური გამოსავალი დამკვეთის შესაძლებლობასა და შენობა-ნაგებობის ფუნქციონალურ-ესთეტიკურ გადაწყვეტას შორის.

უშუალოდ თქვენს ნამუშევრებზე რას გვეტყვით, როგორ დაახასიათებდით მათ? გვიამბეთ სამომავლო გეგმებზეც…

იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ნამუშევარი, დაწყების დღიდან დასრულებამდე, თავის წილ გამოცდილებას მიტოვებს, ჩემთვის ყოველი მათგანი ძვირფასია და გამორჩევა მიჭირს ხოლმე. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი თითოეული ნამუშევარი წინასგან განსხვავებული და ახალი ელემენტებით დატვირთული იყოს. შესაბამისად, ჩემი პროექტები ერთმანეთისგან განსხვავდება. მუშაობისას მთავარი მიმართულება მას შემდეგ იკვეთება, როდესაც მდებარეობას, გარემოს, ფუნქციას შევისწავლი და გავეცნობი მოთხოვნებს. არ არსებობს ერთი და იგივე კუთხე, რომელიც განმეორებადია, ამიტომ  თითოეულ მათგანს სხვადასხვა მიდგომა სჭირდება. აქედან გამომდინარე, ჩემი ნამუშევრების ხელწერად ინდივიდუალიზმი შემიძლია მივიჩნიო.

რაც შეეხება გეგმებს, ამ ეტაპზე ინტერიერის დიზაინზე ვმუშაობ. ჩემი დიდი სურვილია, შევქმნა სამუშაო ჯგუფი დამწყები არქიტექტორებით და გავუზიარო მათ საკუთარი გამოცდილება, ასევე მათ ხედვებსაც გავეცნო, საუკეთესო თანამშრომლობის შედეგად კი იმედია, არაერთ მნიშვნელოვან სივრცეს შევქმნით.

 

ვინ მიგაჩნიათ თქვენს მთავარ შემფასებლად?

ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის უკუკავშირი, თუმცა მთავარი შემფასებელი ჩემი ოჯახის წევრები არიან. საბედნიეროდ, მაქვს იმის ფუფუნება, რომ აზრი სამი თაობის არქიტექტორებისგან მოვისმინო: დედამთილი, ვენერა ქაშაკაშვილი, როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლი; ჩემი მეუღლე, როგორც თანამედროვე არქიტექტორი და შვილი – თეო გეგეშიძე, რომელიც მომავალ თაობას განეკუთვნება და ამჯერად არქიტექტურის ფაკულტეტის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტია. სწორედ ამ ადამიანების აზრია ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

რომელია თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო და მიმზიდველი არქიტექტორული პროექტები?

არქიტექტურული ღირსშესანიშნავი  ძეგლები მსოფლიოში მრავლადაა, თუმცა რამდენიმე მათგანს გამოვარჩევდი: პარიზში მდებარე ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ეროვნული ცენტრი, რომელიც რენცო პიანოსა და რიჩარდ როჯერსის დიზაინითაა შესრულებული, რაც ახალი და საკმაოდ გაბედული სიტყვა იყო XX საუკუნის ისტორიაში. გაშიშვლებული შენობა, გამოტანილი კომუნიკაციები – თანამედროვე არქიტექტურაში, სასარგებლო სივრცის მაქსიმალურად გამოყენების იდეალური მაგალითია.

ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ეროვნული ცენტრი

ასევე, უნდა აღვნიშნო XXI საუკუნეში  ნეო-ფუტურისტული არქიტექტურის და დიზაინის ერთ-ერთი აღმზევებელის, ზაჰა ჰადიდის შემოქმედება, რომელიც სრულიად განსხვავებული და წარმოუდგენლად არაამქვეყნიურია.

ჰეიდარ ალიევის ცენტრი ბაქოში
სასტუმრო “ოპუსი”, დუბაი
საფეხბურთო მოედანი, კატარი

რას ეტყოდით არქიტექტურით დაინტერესებულ მომავალ თაობას?

მიხარია, როდესაც ვიგებ, რომ ახალგაზრდა არქიტექტურითა და ინტერიერის დიზაინით არის დაინტერესებული. მინდა ასეთ ადამიანებს წარმატება ვუსურვო და ვუთხრა, რომ ეს არის საქმე, რომელიც უზარმაზარ შრომას, პასუხისმგებლობას და ძალისხმევას საჭიროებს. თუმცა ეს ის პროფესიაა, რომელშიც დაღლას ვერ გრძნობთ, სადაც დრო ისე გარბის, შეიძლება ვერც კი გაიაზრო, როგორ დაგათენდა… ამ ყველაფრის მთავარი მამოძრავებელი მუხტი კი ისაა, რომ საბოლოოდ, უზარმაზარ დადებით ენერგიასა და სიამოვნებას იღებ, როდესაც გაწეული შრომის ნაყოფს ხედავ. ამ ყოველივეს კი იმხელა ძალა აქვს, რომ მის გარეშე წარმოუდგენელი ხდება ყოფა.

საახალწლო ფასდაკლება „იდააფ არქიტექტორებისგან“- 10 გამორჩეული დიზაინ ობიექტი სააქციო ფასად

ქართველი სტუდენტების პროექტი “Intersection for Interaction” TerraViva-ს საერთაშორისო კონკურსის საუკეთესო შვიდეულში მოხვდა