ჭერის ფანჯარა, იგივე მინის გადახურვა (Skylight), წარმოადგენს ჭერში ჩაშენებულ კონსტრუქციას, რომელიც მშენებლობის ეტაპზე ან მოგვიანებით მონტაჟდება, რათა შენობაში უზრუნველყოს უხვი სინათლე და ბუნებრივი შუქი. უმეტესობა მათგანი ჩვეულებრივად იხსნება, თუმც არსებობს ისეთი მოდელებიც, რომელთაც მხოლოდ დეკორატიული ფუნქცია აქვთ.
ჭერის ფანჯარა ინტერიერში სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება და თანამედროვე დიზაინში მისი გამოყენება საკმაოდ აქტუალური და ტრენდულია. მისი საშუალებით შესაძლებელია ბუნებრივი სინათლის გაზრდა, ნათელი, ჯანსაღი გარემოს შექმნა და სივრცისთვის განსაკუთრებული, ლამაზი ვიზუალის მინიჭება.
რა უპირატესობები გააჩნია ჭერის ფანჯარას?
ბუნებრივი სინათლის უზრუნველყოფა – ჭერის ფანჯარა ძალიან კარგი საშუალებაა სივრცეში განათების გასაძლიერებლად და ბუნებრივი სინათლის ჭარბი რაოდენობის უზრუნველსაყოფად. ის განსაკუთრებით აქტუალურია სკანდინავიური სტილის დიზაინში. ჭერის ფანჯრის გამოყენება განსაკუთრებით ფუნქციურია ისეთ ადგილებში, რომლებიც შედარებით ბნელია (მაგალითად, დერეფნები) ან ოთახებში, სადაც ჩვეულებრივი ფანჯრის დაყენება ვერ ხერხდება.
სივრცის მოცულობის გაზრდა – განათება დიდ როლს თამაშობს სივრცისთვის იერსახის მინიჭებაში. შესაბამისად, სწორი განათებით თქვენ შეგიძლიათ დიდი ოთახის ილუზია შექმნათ. ღია ფერის კედლებით, საგულდაგულოდ განლაგებული სარკეებითა და უხვი ბუნებრივი სინათლით, რომელსაც ჭერის ფანჯარა განაპირობებს, თქვენ შეგიძლიათ ინტერიერი წარმოაჩინოთ უფრო დიდი და მოცულობითი.
ვენტილაციის უზრუნველყოფა – ჭერის ფანჯრები წარმოქმნის დამატებითი ვენტილაციის საშუალებას, რომელიც შენობაში ჰაერის დაბინძურების დონესა და ტენიანობას საგრძნობლად ამცირებს. მითუმეტეს სახლის იმ ნაწილში, სადაც სტანდარტულ ფანჯრის განთავსება შეუძლებელია. სუფთა ჰაერის ნაკადი კი ჯანსაღ გარემოსა და კომფორტულ ატმოსფეროს ქმნის.
ენერგოეფექტურობა და მდგრადობა – ჭერის ფანჯარა და მისი ინტერიერში გამოყენება ქმნის ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღ გარემოს, რადგან მისი საშუალებით ოთახში ბევრად მეტი სინათლე შემოდის და ბუნებრივი განათება ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას უზრუნველყოფს, რაც დადებითად აისახება როგორც გარემოზე, ასევე ფინანსურ კეთილდღეობაზე და ნაკლებ დანახარჯს წარმოქმნის.
მენტალური სიჯანსაღე – სივრცის მაქსიმალურად ათვისება და დამატებითი სინათლის შექმნა ინტერიერში, დადებითად აისახება ადამიანთა მენტალურ ჯანმრთელობასა და ხასიათზე. მზის სხივები ჩვენს ორგანიზმში ენერგიის წყაროს წარმოქმნის და პოზიტიურად მოქმედებს თავის ტვინზე. კარგი განათება, სუფთა ჰაერი კი ჩვენს პროდუქტიულობას განაპირობებს და მას საგრძნობლად ზრდის.
ნათელი, მოცულობითი, ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა და ვიზუალურად მიმზიდველი სივრცის შექმნასთან ერთად, ჭერის ფანჯარა ეფექტური და მდგრადია წვიმის დროს და სახლს ნალექის ჩამოსვლისგან სრულიად იცავს.
იმის გასარკვევად, თუ რა სპეციფიკა გააჩნია ჭერის ფანჯარას და რა ჯდება მისი მონტაჟი საქართველოში, ამ სფეროში მოღვაწე ერთ-ერთ კომპანიას, „როტო საქართველოს“ მივმართეთ. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ჭერის ფანჯარა მაქსიმალურად უსაფრთხოა და შენობას ნალექისგან კარგად იცავს, რადგან ზედსადები ხუფების ნოვატორული გადაწყვეტა სხვადასხვა ტიპის სახურავთან კარგი ინტეგრაციის საშუალებას იძლევა. დღეს უკვე, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური საწარმოო პროცესით დამზადებული სამფენოვანი ხის კონსტრუქცია დაცულია მზის და ჭარბი ტენიანობის მავნე ზემოქმედებისაგან, რაც მის გრძელვადიან გამოყენებას უზრუნველყოფს.
“როტო საქართველოს” წარმომადგენელი განმარტავს, რომ ჭერის ფანჯარაში გამოყენებულია მინაპაკეტის გარე მინა, რომელიც არის ნაწრთობი და ვერცხლის ოქსიდის ფენით დაფარული, რათა მანსარდა დაცული იყოს მზის ულტრაიისფერი მავნე სხივებისგან. მინებს შორის გამოყენებული ინერტული გაზი კრიპტონი კი ფანჯრის ენერგოეფექტურობას უზრუნველყოფს.
გახსოვდეთ, როდესაც ხდება ჭერის ფანჯრის მონტაჟი, გასათვალისწინებელი ფაქტორია სახურავის დახრილობა. აუცილებელია, ფანჯრის მონტაჟი განხორციელდეს მინიმუმ 15 გრადუსის მქონე დახრილ სახურავზე, გამოცდილი სპეციალისტის მიერ, რათა თავიდან აირიდოთ სხვადასხვა გართულებები.
“როტო საქართველოში“ ჭერის ფანჯრის რამდენიმე მოდელია ხელმისაწვდომი. მაგალითად, მე-4 სერიის მანსარდის ფანჯარაში, გაღების ცენტრალური ღერძია გამოყენებული, ხოლო მე-8 სერიის ფანჯარაში განთავსებულია მაქსიმალურად მაღლა აწეული ანჯამა გაწმენდის ფუნქციის დამატებით, რაც მეტ კომფორტულობას სძენს პროდუქტს.
აღნიშნული მოდელები ერთმანეთისგან მინების რაოდენობითა და გაღების თავისებურებით განსხვავდება. მე-4 სერიას აქვს ორმაგი შუშა, მე-8 სერიას კი სამმაგი. მე-8 სერიის ფანჯრის უპირატესობა ისიცაა, რომ ორგვარი გაღების პოზიციით ხასიათდება. შუაზეც იხსნება და ერთი მხარე მთლიანად მაღლა ადის, რაც უფრო კომპაქტურს ხდის პროდუქტს. მაღალი ჭერის შემთხვევაში (4 მეტრის ზევით), რეკომენდებულია ისეთი მანსარდის ფანჯრის გამოყენება, რომელსაც გააჩნია დისტანციური მართვისა და წვიმის სენსორის ფუნქცია, რაც კომფორტს, ოპტიმალურ ვენტილაციასა და ჭარბ განათებას უზრუნველყოფს. აღნიშნულ მოდელსაც სამმაგი შუშა აქვს და შედარებით ნაკლებად იღება, სპეციალური სენსორი კი, წვიმის დროს ავტომატურად კეტავს ფანჯარას, რათა წყალი სახლში არ ჩამოვიდეს.
რა ჯდება ამ ტიპის ფანჯარა?
კომპანიაში მანსარდის ფანჯრების სტანდარტული ზომები გვხვდება, რომლებიც გერმანიაში მზადდება და დასამონტაჟებლად გამზადებული, შეფუთული სახით შემოდის ქართულ ბაზარზე. „როტო საქართველო“ მომხმარებელს ხელოსნის უზრუნველყოფასაც სთავაზობს, რომელიც თქვენს მაგივრად იზრუნებს მოცემული მოდელის მონტაჟზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოცემულ მოდელებს აქვთ ჟალუზებიც, თუმცა ბადის არჩევის შემთხვევაში, ის მხოლოდ მე-8 სერიის ფანჯარაზე თავსდება. ROTO-ს ფირმის პროდუქციის ფასები კი ასე გამოიყურება:
მე-4 სერიის ფანჯარა:
საშუალო ფასი 920 ლარიდან 1290 ლარამდე მერყეობს, რაც დამოკიდებულია ზომაზე, მაგალითად, 540/980 სმ-იანი მანსარდის ფანჯარა 940 ლარი ჯდება. 740/1400 სმ-იანი კი 1170 ლარი.
პულტით მართვადი:
ფანჯრის საშუალო ფასია 2960 – 3050 ლარი. მაგალითად 740/1180 სმ – 2960 ლარი დაგიჯდება, 940/1180 სმ კი 3000 ლარი.
მე-8 სერიის ფანჯარა:
ფანჯრის საშუალო ღირებულება 2050 – 2220 ლარამდე მერყეობს. 740/1180 სმ – 2050 ლარი ჯდება, 940/1400 სმ კი 2220 ლარი.
როგორც ხედავთ, პროდუქტის ფასს განაპირობებს სერია, თუ რომელი მოდელის ფანჯარა გსურთ: მე-4 სერიის, მე-8 სერიის ან პულტით მართვადი. ასევე, ღირებულებას განსაზღვრავს მისი ზომაც, რაც უფრო დიდია მოცულობა, მით მაღალია ფასი.
რაც შეეხება მონტაჟს, ფასები დამოკიდებულია კონსტრუქციის ტიპზე. თუ სახლს უკვე გადახურულია, მაშინ ჭერის ფანჯრის მონტაჟის ღირებულება იზრდება, რადგან საჭირო ხდება სახურავის ამოჭრა და ფანჯრის ჩასმა, რაც სირთულეებთან არის დაკავშირებული. მე-4, მე-8 სერიის და პულტით მართვადი ერთი მანსარდის ფანჯრის დაყენება სახურავის გარეშე 200 ლარი ჯდება, ხოლო თუ კონსტრუქციას უკვე გადახურულია, მაშინ მისი ფასი იზრდება და ერთ ფანჯარაზე, სამუშაოს სირთულის მიხედვით, 350 ლარიდან 500 ლარამდე მერყეობს.
რომ შევაჯამოთ, ჭერის ფანჯრის გამოყენებას არაერთი უპირატესობა აქვს: ის უზრუნველყოფს ბუნებრივი განათების სიჭარბეს, რომლის საშუალებითაც მიმზიდველი, მოცულობითი ვიზუალი იქმნება და ეკო მეგობრულ, ჯანსაღ გარემოს. ამასთანავე, პოზიტიურად აისახება მაცხოვრებელთა მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, რადგან სივრცეში დიდი რაოდენობით შემოდის სინათლე და სუფთა ჰაერი. ფასის განსაზღვრა კი, თქვენთვის სასურველი მოდელისა და ზომის მიხედვით ხორციელდება, რომელსაც მონტაჟის ღირებულებაც ემატება და ის ნაგებობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.