in

გაერთიანებული სამზარეულო-მისაღები – 7 საინტერესო პროექტი საქართველოდან

თანამედროვე ინტერიერის დიზაინში, ხშირად ვხვდებით სამზარეულოსა და მისაღები სივრცეების გაერთიანებას, რაც საშუალებას იძლევა ინტერიერი უფრო ერთიანი, ჰარმონიული და მოცულობითი გავხადოთ. სამზარეულოსა და მისაღები ოთახების დაკავშირებით, სახლი უფრო ფუნქციური და კომფორტული ხდება, სივრცე არ იკარგება დამატებით ტიხრებზე, რაც ხელს უწყობს იმას, რომ ადგილი პრაქტიკულად გამოვიყენოთ და ბოლომდე ავითვისოთ. დღეს შემოგთავაზებთ ძალიან საინტერესო პროექტებს საქართველოდან, რომლებიც  დახვეწილი და მიმზიდველი დიზაინის მქონე სამზარეულოსა და მისაღები სივრცეების გაერთიანებას წარმოადგენს და ერთგვარი მაგალითია იმისა, თუ როგორ დააკავშიროთ ეს ორი, ფუნქციურად განსხვავებული ადგილი ისე, რომ ჰარმონიული და შეთანხმებული ინტერიერი მიიღოთ.

ბინა ნაცრისფერ-ცისფერი ელემენტებით თამარაშვილის ქუჩაზე  

ბინის მფლობელის თავდაპირველ სურვილს წარმოადგენდა სამზარეულოსა და სასადილო ზონისთვის შედარებით დიდი ნაწილის დათმობა. სწორედ ამიტომ, დიზაინ სტუდია SAMI_-ის გადაწყვეტილებით ეს ორი სივრცე გაერთიანდა და მისაღებისგან იზოლირდა ვიტრაჟით, რომლის მოხსნის შედეგად, სურვილის შემთხვევაში, მისაღები ზონისა და სამზარეულო/სასადილო სივრცის გაერთიანება მარტივადაა შესაძლებელი. სამზარეულოსა და მისაღებში განთავსებული ავეჯის ფერი მეორდება, ცისფერი იდეალურად ეხამება ინტერიერში გამოყენებულ მეორე დომინანტ ტონს, ნაცრისფერს და ერთიანი, ჰარმონიული გარემო იქმნება.

იხილეთ პროექტი დეტალურად

ლიკა ევგენიძის ცოცხალი ინტერიერი შატბერაშვილის ქუჩაზე

ლიკა ევგენიძის სახლის მეორე სართულზე გვხვდება ერთი დიდი სივრცე ღია სამზარეულოთი. დიდი სივრცე აერთიანებს მისაღებსა და სასადილოს. ინტერიერი გადაწყვეტილია მწვანე ტონალობაში და აქცენტი გაკეთებულია ხის მასალაზე, რომელიც ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას ქმნის. სამზარეულოს ავეჯის ფერი და მისაღებში განთავსებული დიდი მწვანე დივანი საოცრად ეხამება ერთმანეთს და სივრცეს მთლიანობად აქცევს. ოთახის სხვადასხვა ადგილას არსებულ მცენარეებს კი ცოცხალი, ჯანსაღი, ეგზოტიკური შტრიხები შეაქვს ინტერიერში.

იხილეთ პროექტი დეტალურად

ბინა ჭავჭავაძეზე თანამედროვე ამერიკული კლასიკის სტილში

ბინა, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს, 64 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და მასზე ინტერიერის დიზაინერმა ნანა თავდუმაძემ იმუშავა. სივრცეში სამზარეულოსა და მისაღების ზონა გაერთიანებულია და მთლიან, მოცულობით ოთახს ქმნის. განსაკუთრებული აქცენტი სამზარეულოზე კეთდება და ის დამკვეთის საყვარელ, „წყლისფერ“ ტონებშია გადაწყვეტილი, რომელიც ერწყმის მისაღებ ზონაში განთავსებულ სავარძლებზე გამოყენებულ ნაჭრის ფერსა და ხალიჩას. ხის იატაკს კი, თბილი ატმოსფერო შემოაქვს. საერთო ჯამში, ინტერიერი ერთიანი, ნათელი, მდიდრული, ელეგანტური და მყუდროა.

იხილეთ პროექტი დეტალურად

სადა ბინა ორიგინალური აქცენტებით ფალიაშვილის ქუჩაზე

მოცემული ბინა არქიტექტორ-დიზაინერ ნინო მშველიძეს ეკუთვნის, რომლის დიზაინზე მან თავად იმუშავა. ბინა ორ ნაწილად იყოფა – საძილე და საერთო ზონები, რომელიც თავის მხრივ სამი ნაწილისგან შედგება: სამზარეულო, სასადილო და მისაღები. ეს ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ არანაირი მოძრავი ან სტატიკური ტიხარი არ გვხვდება. სამზარეულო სივრცე გამოყოფილია სამუშაო კუნძულის მაგიდით, რომელზეც მოთავსებულია ქურა და ჭერზე დამონტაჟებული გამწოვი. სასადილო ზონაში შავი ფერის მასიური მუხის მაგიდა დგას და სწორედ ამ დეტალით ხდება ვიზუალურად ზონის გამოყოფა. მისაღებში თეთრი ტილოს ტახტია განთავსებული, რომელიც სამზარეულოს ავეჯისა და სასადილოში არსებული სკამების ფერს იმეორებს და ჰარმონიულ შეხამებას იძლევა.

იხილეთ პროექტი დეტალურად

ტრიპლექსი ჭერის ჰამაკით რიგის ქუჩაზე

საინტერესოდ მოწყობილი ბინა, სტუდია Function-ის ნამუშევარია და ის ორ ნაწილადაა დაყოფილი: საცხოვრებელ და სტუმრების მისაღებ ზონად. სასტუმრო ოთახი შენობის გუმბათშია განთავსებული და ის სამ დონედ იყოფა: მისაღებისა და სამზარეულოს გაერთიანებული სივრცე, სამუშაო ადგილი და კინოჩვენების მოსაწყობი ზონა. პროექტის ავტორებს სურდათ ფართის სრულად ათვისება და საცხოვრებლად კომფორტული გარემოს შექმნა, სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი დეტალი, რომლის საშუალებითაც ამის მიღწევა მოხერხდა, სამზარეულოსა და მისაღები ზონის გაერთიანებაა. ინტერიერში გამოყენებული ბეტონის იატაკი, ხის ტექსტურაზე აქცენტი, გამწვანება, სამზარეულოსა და მისაღებში არსებულ ავეჯის მოცისფრო-მომწვანო ფერები –  მთლიან, შეხამებულ ინტერიერს ქმნის, რომელშიც მიუხედავად სივრცეების გაერთიანებისა, მკაცრად განსაზღვრული ფუნქციური ზონები გვხვდება და იდეალურად ერგება ოჯახის წევრების საჭიროებებს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

ეკლექტური ბინა კრწანისში

ეს არის სტუდიოს ტიპის ბინა, რომელშიც გაერთიანებულია სამზარეულო, სასადილო და მისაღები ზონები. ინტერიერში საოცრად თბილი და მყუდრო გარემო იქმნება, რაც ხის მასალის გამოყენებით მიიღწევა. იატაკისა და სამზარეულოს ხის ტექსტურა კარგად ეხამება მისაღებში განთავსებულ შავი ფერის სავარძლებს, რომლებიც ერთგვარ ზონირებას ახდენს საერთო სივრცისგან და განტვირთვისა და დასვენების ადგილს ქმნის. კედლები სადა და თეთრ ტონშია გადაწყვეტილი, ამიტომ მაქსიმალური აქცენტი ავეჯსა და მასალაზეა გაკეთებული. საბოლოოდ, ბალანსი მყარდება და ჰარმონიული ინტერიერი იქმნება.

იხილეთ პროექტი დეტალურად

ბრუტალისტური ინტერიერი დახვეწილი აქცენტებით კრწანისში

ორგანული დიზაინითა და გემოვნებიანი შტრიხებით გაფორმებული ინტერიერი, ბრუტალისტურ სტილშია გადაწყვეტილი, რაც გამორიცხავს დეკორატიული ელემენტების გამოყენებას და მთავარ აქცენტს გამოყენებულ მასალებზე აკეთებს. სწორედ ამიტომ, ბინაში უხვად გვხვდება ისეთი ბუნებრივი ელემენტები, როგორებიცაა – ბეტონი, ხე, ქვა, მეტალი და მინა. ეს ყველაფერი კი აღნიშნული სტილისათვის დამახასიათებელი სიმკაცრითა და ელეგანტური სისადავითაა გადმოცემული. ბინას გააჩნია ე.წ. ღია გეგმარება, რაც იმას ნიშნავს, რომ სამზარეულოს, მისაღებსა და სამუშაო ზონებს შორის არ გვხვდება ტიხრები, თუმცა აღნიშნული სივრცეები იმდენად გონივრულად არის ერთმანეთისგან გამოყოფილი ვიზუალურად, რომ არანაირი დისკომფორტი არ იქმნება და პირიქით, ფუნქციური, პრაქტიკული, ჰარმონიული და დახვეწილი ინტერიერი მიიღება.

იხილეთ პროექტი დეტალურად

Little Peek – დასასვენებელი სახლი მეინის კუნძულ ვინალჰავენზე

არქიტექტურა როგორც მუდმივი ფიქრისა და ძიების გზა – ინტერვიუ ვლადიმერ აბრამიშვილთან