in

Guns N’ Roses-ის ყოფილი დრამერის, მეთ სორუმის შესანიშნავი სახლი პალმ სპრინგსში

Banner M2
Banner M2

დიდი ხანია ჩაიარა იმ როკ ვარსკვლავურმა ღამის წვეულებებმა, რომლებსაც Guns N’ Roses-ის დრამერი — მეთ სორუმი 2022 წლის მემუარებში, სახელწოდებით — Double Talkin’ Jive აღწერს. პანდემიის დროს, გრემის მფლობელმა დრამერმა და მისმა მეუღლემ — ეის ჰარპერმა (საკუთარი სახელობის ბრენდის მოდის დიზაინერი, Duran Duran-ის, ბრიტნი სპირსის და ლენი კრავიცის ყოფილი პროფესიონალი მოცეკვავე) დატოვეს ლოს-ანჯელესი, რათა პალმ სპრინგსში თავიანთი ოჯახისთვის სახლი აეშენებინათ. „მას ყოველთვის ჩვენს ბედნიერ ადგილს ვეძახდით“, ამბობს ჰარპერი ლოკაციის შესახებ. „იცოდით, რომ პალმ სპრინგსი თავდაპირველად გამოიგონეს ვარსკვლავებისთვის, რომლებიც აქ ჰოლივუდიდან დასასვენებლად, ჩოგბურთის და გოლფის სათამაშოდ ჩამოვიდოდნენ?“ აღნიშნავს მეთი. „ჩვენც სწორედ ამას ვაკეთებთ“.

სორუმი და ჰარპერი 2013 წელს Colony Palms Hotel-ში, პალმ სპრინგსში დაქორწინდნენ, რაც მოულოდნელი იყო. ჰარპერი მანამდე არასოდეს ყოფილა იმ დაწესებულებაში, რომელიც Guns N’ Roses-ის ვარსკვლავმა სიმღერების დაწერის მიზნით დაწყებული მოგზაურობის დროს აღმოაჩინა.

ერთხელ, Colony Palms-ში ველოსიპედების დაქირავებისას, ისინი წააწყდნენ Vistas Las Palmas-ს, შუასაუკუნეების თანამედროვე არქიტექტურის ანკლავს, რომელიც თანამედროვე დიზაინის ტენდენციებისგან ხელუხლებელი იყო. „ჩვენ აღმოვჩნდით ამ უბანში, რომელიც თითქოს გაბრუნებთ 60-იან წლებში, როდესაც ყველაფერი უბრალოდ მშვენიერი იყო“, — ამბობს ჰარპერი. 2 წლის წინ წყვილმა 1961 წელს არქიტექტორ ჩარლზ დუ ბოისის მიერ (მან Vistas Las Palmas-ის უბანში თითქმის 330 სახლი დააპროექტა) აშენებული სახლი იპოვა და დახმარებისთვის დიზაინერ რაიან საგიანს მოუხმო. დაახლოებით ერთი წლის რემონტის, მათ შორის პანდემიის შეფერხებებისა და ექვსთვიანი გამწვანების შემდეგ სახლმა დასრულებული სახე მიიღო 2021 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, ზუსტად იმ დროს, როდესაც წყვილს პატარა ქალიშვილთან — ლუ ელინგტონ სორუმთან ერთად პირველი შობა უნდა აღენიშნა. მეთმა და ეისმა სახლს La Maison de Lou სწორედ შვილის პატივსაცემად უწოდეს.

წყვილს სურდა, რომ ეს სახლი ვინტაჟური სილამაზისადმი მათი ერთგულების გამოვლინება ყოფილიყო. „ეისი და მეთი ეკლექტიკოსები არიან“, — ამბობს საგიანი. დიზაინერმა ლოს-ანჯელესში მდებარე მათ 1920-იანი წლების ესპანური სტილის სახლზეც იმუშავა, რომელიც გასულ წელს გაიყიდა. საგიანი აღნიშნავს, რომ ლოს-ანჯელესის სახლი გლამურული იყო და როკ ვარსკვლავის ცხოვრებას შეეფერებოდა, ხოლო ეს საცხოვრებელი თითქოს რაღაც ახლის დასაწყისია: „მიწიერმა, ორგანულმა ელემენტებმა, მათ სახლს სირბილე შემატა“ — ამბობს დიზაინერი.

ქალაქში მდებარე სახლების ინტერიერის დიზაინში გავრცელებული გადაწყვეტების ასარიდებლად, წყვილმა ყურადღება გაამახვილა უფრო დახვეწილ მახასიათებლებზე, როგორიცაა, მაგალითად, ორიგინალური Wausau ფილა, რომელსაც სახლის თითოეულ ოთახში შეხვდებით. ეს დეტალი სივრცეს ვიზუალურად აფართოებს და ასევე ზაფხულის სიცხეში მას სიგრილეს უნარჩუნებს.

„როგორც მუსიკოსს, ლოს-ანჯელესის დატოვება გამიჭირდა“, ამბობს მეთი. „საცხოვრებლის შეცვლა მაშინებდა… მაგრამ ჩვენ პალმ სპრინგსის მუდმივი მაცხოვრებლები გავხდით და ეს შესანიშნავია.”

ახალი წელი შენი ხელით – DIY დეკორაციების შექმნის ვიდეო ინსტრუქციები დომინოსგან

იატაკი ჭრიალებს — ვინ არის დამნაშავე და როგორ მოვიქცეთ?