დღევანდელ სტატიაში თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კონცეპტუალური მაღაზიის – Concept Star-ის შესახებ გიამბობთ. ობიექტის კომერციული ფართობი 315 კვადრატულ მეტრს შეადგენს და მის დიზაინზე Spott Studio-ს თანადამფუძნებლებმა, ელენე ძაძუამ და გვანცა ახალბედაშვილმა იმუშავეს.
როგორც პროექტის ავტორები გვიამბობენ, დამკვეთის სურვილს წარმოადგენდა მინიმალისტური სივრცის შექმნა, რათა მაქსიმალურად კარგად წარმოჩენილიყო პროდუქცია.
მოცემული საპროექტო დავალების შესასრულებლად გვანცამ და ელენემ შეიმუშავეს კონცეფცია, რომლის თანახმად, სივრცე გამოიყურება ისე, როგორც „შიშველი სხეული.” პროექტში გამოყენებულია ისეთი მასალები, რომლებიც ბუნებრივ ზედაპირთან ასოცირდება: ქვა, მარმარილო, ბეტონი, სარკე. კედლებს მიენიჭათ დაუმუშავებელი ზედაპირის ვიზუალი. საერთო სივრცეში არსებული კოლონები კი გეომეტრიულ მოდელებად გარდაიქმნა და ისინი სპეციალური ტექნოლოგიით დამუშავდა.
პერიმეტრზე განთავსებული კედლები ორ სეგმენტად არის დაყოფილი, მათი ერთმანეთთან დაკავშირება კი განათების მეშვეობით ხდება, რაც სივრცეს განსაკუთრებულ იერს სძენს.
ინტერიერში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს კედელი დრაპირების იმიტაციით, რომლის შესრულებაც, პროექტის ავტორების თქმით, საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესი აღმოჩნდა. ამას გარდა, საინტერესო დეტალია კედლიდან ჭერზე გადასვლა, რომელიც სტანდარტული 90 გრადუსიანი კუთხის ნაცვლად, “მრგვლად”, რბილი კუთხით გადადის.
ობიექტი მოიცავს ორ ერთმანეთთან დაკავშირებულ მთავარ სივრცეს, გასახდელ ოთახებსა და ე.წ. უკანა ოფისს. მაღაზიის სივრცე ისეა დაგეგმარებული, რომ მარტივად მოხდეს პროდუქციისთვის განკუთვნილი მოდულების გადაადგილება ან საჭიროების შემთხვევაში, დამატება.
უკანა სივრცეში განთავსებული ცისფერი დივანი წარმოჩენილია დომინანტ ელემენტად, რომელიც მონოტონურ ინტერიერში საინტერესო კონტრასტს ქმნის.
დიზაინერების თქმით, აღნიშნულ ობიექტზე მუშაობის მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც საერთაშორისო ბრენდების მოთხოვნილ სტანდარტებს შეესაბამებოდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, პროექტი საკმაოდ წარმატებით განხორციელდა და შეიქმნა მინიმალისტური და დახვეწილი, ინტერიერი, სადაც მთავარი აქცენტი პროდუქციაზე კეთდება. ბუნებრივი მასალების გამოყენება სივრცეს ავთენტურ, სადა და მიმზიდველ იერსახეს ანიჭებს, სწორი განათება კი ერთიანობისა და ჰარმონიულობის შეგრძნებას ბადებს.
დიზაინ სტუდია: ინტერიერის დიზაინის სტუდია Spott Studio
პროექტის ავტორები: ელენე ძაძუა და გვანცა ახალბედაშვილი
ფოტოგრაფი : ოთო გორდელაძე