in

როგორ ვამუშაოთ გათბობის ქვაბი ეკონომიურად – რჩევები დარგის სპეციალისტისგან

გათბობის სისტემა ზამთარში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია. სუსხიან ამინდებში სახლში თბილად და მყუდროდ ყოფნა ნებისმიერი ადამიანის კომფორტისა და კეთილდღეობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი უპირველესი ფაქტორია, რომელიც მაღალ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ზამთრის დადგომისთანავე კომუნალური გადასახადები იზრდება და შესაბამისად, სეზონის ყველაზე მოთხოვნად კითხვას გათბობის ქვაბის ეკონომიურად მუშაობა წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ გათბობის სხვადასხვა საშუალებები არსებობს, დღევანდელ სტატიაში ჩვენ ყველაზე გავრცელებულ და აქტუალურ საკითხზე – ცენტრალური გათბობის სისტემაზე გავამახვილებთ ყურადღებას. ვეცდებით ამ თემაზე ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ და მთავარ კითხვას გავცეთ პასუხი – რამდენადაა შესაძლებელი და როგორ ხდება გათბობის ქვაბის ეკონომიურად მუშაობა ისე, რომ მაქსიმალურად შეამციროთ დანახარჯები და სახლში სითბო და კომფორტი უზრუნველყოთ.

რა უნდა გავითვალისწინოთ გამათბობელი ქვაბის ეფექტური და ეკონომიური მუშაობისთვის?

პირველ რიგში, ზედმეტი დანახარჯების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია სწორად მოხდეს ქვაბის შერჩევა. როგორი ზომისა და სიმძლავრის გათბობის ქვაბია უკეთესი კონკრეტული სივრცისთვის რამდენიმე ფაქტორით დგინდება: სახლის კვადრატულობა, ჭერის სიმაღლე, კედლების სისქე, კარ-ფანჯრების პარამეტრები, თბოიზოლაციის მაჩვენებელი, სახლის ტიპი (კერძო სახლი თუ კორპუსის ბინა). ამ ყველაფრის გათვალისწინებით ხდება თბოდანაკარგის დონის, რადიატორების საჭირო რაოდენობის გამოთვლა და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კონკრეტული ფართისთვის შესაბამისი სიმძლავრის ქვაბის შერჩევა.

ამასთანავე, ეკონომიური გამოყენებისთვის უპირატესობას ბუნებრივ აირზე მომუშავე გათბობის ქვაბს ანიჭებენ, ვიდრე ელექტრო, მყარი საწვავის ან დიზელის სისტემას, რადგან ის გაცილებით ნაკლებ დანახარჯს წარმოქმნის.

თუ სწორი სიმძლავრის, ხარისხიანი ქვაბი გაქვთ, მაშინ მნიშვნელოვანია რამდენიმე ისეთი ფაქტორის გათვალისწინება, რომელიც ქვაბის ფუნქციონირებასა და საბოლოო ჯამში, მის ეკონომიურ გამოყენებას უზრუნველყოფს:

სწორი ტემპერატურა

უმჯობესია სახლში თანაბარი ტემპერატურა შეინარჩუნოთ და ხშირად არ მოხდეს მისი ცვლილება, რადგან ამ შემთხვევაში გათბობის ქვაბი მწყობრიდან გამოდის. მაგრამ თუ სახლის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებული სითბოს დონე გსურთ, აუცილებელია რადიატორი სრულად არ გამორთოთ და ტემპერატურას დაუწიოთ. იმის გამო, რომ სახლის თითოეულ ზონას სხვადასხვა დანიშნულება აქვს, მათი ერთნაირად გათბობა შესაძლოა საჭირო არ გახდეს. მაგალითად, კარგი იქნება თუ აბაზანა და სველი წერტილები შედარებით თბილი იქნება, რადგან ჭარბი რაოდენობის წყალი უფრო სწრაფად გაშრეს და თავიდან აიცილოთ ობის წარმოქმნა. საძინებელი კი, უმჯობესია, ოდნავ გრილი იყოს – ეს ხელს უწყობს მშვიდ და ჯანსაღ ძილს. ასევე, შეიძლება გსურდეთ სამზარეულოში გათბობის ტემპერატურის შემცირება, რადგან ისეთი დანადგარები, როგორიცაა ღუმელი ან გაზქურა, გარკვეულ სითბოს წარმოქმნის. ამიტომ აუცილებელია სწორად შეარჩიოთ და დაარეგულიროთ ტემპერატურა სივრცის სხვადასხვა ნაწილში ისე, რომ ხელი არ შეუშალოთ ქვაბის ნორმალურ ფუნქციონირებას და თქვენთვის სასურველი პირობები შექმნათ სივრცეში.

სწორი ვენტილაცია

ვენტილაცია და სუფთა ჰაერის შემოდინება მნიშვნელოვანია ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოსათვის, მაგრამ ზამთარში ფანჯრების ხანგრძლივად გაღება და დიდი რაოდენობით ცივი ნაკადის შემოშვება სივრცეში, სითბოს გადინებას ახდენს და ამ შემთხვევაში გამათბობელ ქვაბს მეტი ენერგიის მოხმარება უწევს, რადგან ცივი ნაკადის დროს შიდა ტემპერატურა იკლებს და სასურველი სითბოს მისაღწევად გამათბობელი სისტემა იძულებულია მეტი სამუშაო შეასრულოს. ამიტომ, უმჯობესია, ზამთრის პერიოდში ჰაერის ვენტილაციის დრო და ფანჯრების გაღების ხანგრძლივობა 4-დან 6 წუთს მოიცავდეს, რადგან არ მოხდეს სითბოს სრულად გადინება და შესაბამისად, ნაკლები ენერგია მოიხმაროს ქვაბმაც.

რადიატორების სისუფთავე

იმისათვის, რომ  რადიატორების ეფექტურობა მაქსიმალურად შეინარჩუნოთ და თავიდან აიცილოთ ზედმეტი გართულებები, რაც რა თქმა უნდა, ზედმეტ დანახარჯს გამოიწვევს, აუცილებელია მუდმივად გაწმინდოთ ისინი და მათ სისუფთავეზე იზრუნოთ. ხშირად ადამიანები აქცენტს აკეთებენ ავეჯისა და აქსესუარების სისუფთავეზე, რადიატორები კი ყურადღების მიღმა რჩება, რაც არასწორია. რეგულარულად ნესტიანი ნაჭრით ან სპეციალური ჯაგრისით გაწმენდა უზრუნველყოფს მათ ხარისხიან მუშაობას და სუფთა, ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას. ამავდროულად, რეკომენდებულია გარკვეული პერიოდის შემდეგ, გამათბობელი სისტემის შემოწმება სპეციალისტის მიერ, რადგან არ წარმოიქმნას ტექნიკური პრობლემა და მისი უსაფრთხოება და მდგრადობა შენარჩუნდეს.

როგორ ვამუშაოთ გათბობის ქვაბი ეკონომიურად?

გამათბობელი ქვაბის ეკონომიურად მუშაობის შესახებ არაერთი მითია გავრცელებული, სწორედ ამიტომ, ინფორმაციის გადასამოწმებლად და იმის დასადგენად, თუ როგორ ხდება გამათბობელი სისტემის დანახარჯის შემცირება, დარგის სპეციალისტს მივმართეთ და კომპანია “საგას” წარმომადგენელს გავესაუბრეთ. როგორც ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს,  გათბობის ქვაბის ეკონომიურად მოხმარების ყველაზე ეფექტური გზა ოთახის თერმოსტატის დაყენებაა, რომელიც 15-20%-ით  ამცირებს ხარჯს. თერმოსტატი არის მოწყობილობა, რომელიც აკონტროლებს სისტემაში შესული ჰაერისა და წყლის ტემპერატურას. როდესაც თერმოსტატში მითითებული ტემპერატურის მნიშვნელობა მიიღწევა, ის თიშავს გამათბობელს და განახლება ტემპერატურის შემცირების შემდეგ ხდება. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ არსებობს სხვადასხვა სახის თერმოსტატები: მექანიკური, სენსორული, ინტერნეტით მართული და ა.შ. ყველა ქვაბს ერთნაირი თერმოსტატი არ შეესაბამება, ამიტომ უმჯობესია, კონკრეტული დანადგარისთვის ინდივიდუალურად მოხდეს შერჩევა .

“საგას” წარმომადგენელი გათბობის სისტემასთან დაკავშირებულ მითებზეც გვესაუბრება და განმართავს, რომ ტემპერატურის ხშირად მომატება ან დაკლება ქვაბის ხარჯვის შემცირებას არ იწვევს. ამით მას ხელს ვუშლით ნორმალურად იმუშაოს და რაც ყველაზე მთავარია, ტემპერატურის ხშირ ცვლილებას, დროთა განმავლობაში, მწყობრიდან გამოჰყავს გარკვეული დეტალები.

არსებობს ასევე კიდევ ერთი მითი, რომელიც რადიატორების გათიშვას უკავშირდება – ღამე გამორთვა და დილით ისევ ჩართვა, რაც თითქოს ქვაბის ეკონომიურად მუშაობაში გვეხმარება. სინამდვილეში კი ქვაბი ჩართვის დროს ორმაგ ენერგიას ხარჯავს სისტემის გასათბობად და ხშირად განმეორების  შემთხვევაში, შესაძლოა დაზიანდეს კიდეც. შესაბამისად, სისტემა მუდმივად უნდა იყოს ჩართული. როგორც “საგაში” განმარტავენ, იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა კონკრეტულ ოთახში სასურველზე მაღალი იქნება, შესაძლებელია რადიატორის თერმოსტატის გამოყენება, რომელიც ტემპერატურის სამართავად ძალიან ეფექტურია. სწორედ რადიატორის თერმოსტატი ე.წ “თერმო ვენტილი” (სითხის ან გაზის მოძრაობის სარეგულაციო სარქველი), კიდევ ერთი საშუალებაა  გამათბობელი სისტემის ფინანსური დანახარჯის შესამცირებლად.

ამას გარდა, ერთ-ერთი ხერხი ქვაბის ეკონომიურად მუშაობისთვის გამათბობელი სისტემის გაყვანილობის ტიპის გათვალისწინებაა. ამ მხრივ არსებობს წრიული და კოლექტორული სისტემები. ეს უკანასკნელი შეფუთულია მეტალოპლასტმასის მილებით და ითვალისწინებს თითოეული რადიატორის პირდაპირ კავშირს მთავარ წყალმომარაგებასთან. ცალკეული კავშირები აადვილებს ტექნიკური სამუშაოების შესრულებას ნებისმიერ დაკავშირებულ მოწყობილობაზე. წრიული სისტემისგან განსხვავებით, კოლექტორულის შემთხვევაში, ქვაბს ნაკლები დატვირთვა აქვს, რადგან წყალი წრეს არ არტყამს და ისე მიეწოდება სისტემას, შედეგად კი, უფრო ეკონომიურად ხდება ქვაბის მუშაობა.

რომ შევაჯამოთ, იმისათვის, რომ ზამთრის ცივ დღეებში გათბობის ქვაბი შედარებით ეკონომიურად ვამუშაოთ, აუცილებელია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება:

  • ხშირად არ შეცვალოთ ტემპერატურა, რადგან ამით ქვაბის ნორმალურ ფუნქციონირებას უშლით ხელს და მწყობრიდან გამოგყავთ მისი სისტემა;
  • არასწორია რადიატორის ხშირი გათიშვა ხარჯების შესამცირებლად, რადგან ამ დროს პირიქით ხდება – ქვაბი ორმაგ ენერგიას მოიხმარს სისტემის გასათბობად.
  • იმ შემთხვევაში, თუ სახლის რომელიმე ზონაში არ გსურთ მაღალი ტემპერატურა, მაშინ უმჯობესია, დაუწიოთ და სრულად არ გამორთოთ რადიატორი;
  • ქვაბის ეკონომიურად მუშაობის ყველაზე ეფექტური გზა თერმოსტატისა და სარეგულაციო სარქველის გამოყენებაა, რომლებიც ტემპერატურის სამართავად კარგი საშუალებაა;
  • უმჯობესია დააყენოთ კოლექტორული გაყვანილობა წრიულის ნაცვლად, რათა ნაკლები დატვირთვა ჰქონდეს ქვაბს და მაქსიმალურად მოახდინოთ კომუნალური ხარჯების შემცირება.

დეკორატიული რადიატორის უპირატესობები – 2023 წლის მთავარი ტრენდები

ჰოლივუდის უძრავი ქონების ინვესტორისა და მოდელის ფრანგული სტილის სახლი