ფერნანდო რომერო — არქიტექტორი, ურბანული დიზაინერი, პედაგოგი, მწერალი და ქველმოქმედი 1971 წლის 11 ოქტომბერს მეხიკოში, მექსიკაში, დაიბადა. მექსიკელი კონსტრუქტორის, ალეხანდრო რომერო ლესბროსის შვილთაშვილმა არქიტექტურის ხარისხი Universidad Iberoamericana-ში 1991-1995 წლებში მიიღო და იქ კურსდამთავრებულთა საზოგადოების პრეზიდენტადაც მსახურობდა.
სკოლის დამთავრებისთანავე რომერო შეუერთდა რემ კულჰასის მეტროპოლიტენის არქიტექტურის ოფისს (OMA) როტერდამში (ნიდერლანდები) და პორტოში, პორტუგალიაში და სულ რაღაც 26 წლის ასაკში $100 მილიონის ღირებულების Casa da Música-ს პროექტის ლიდერის მოვალეობა შეასრულა.
2000 წელს ფერნანდო დაბრუნდა მექსიკაში და დააარსა საკუთარი ფირმა სახელწოდებით — Fernando Romero Enterprise (FR-EE). საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მისი ფირმა ემსახურებოდა მდიდარ მექსიკელ კლიენტებს და აწარმოებდა უამრავ საშინაო პროექტს. დროთა განმავლობაში ფირმამ სიმწიფეს მიაღწია და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მრავალფეროვანი პროექტები განახორციელა.
ფერნანდო ყოველთვის საკმაოდ მგრძნობიარე იყო ადგილმდებარეობისა და კონტექსტის მიმართ. მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა საკუთარი ხელწერის გადახვევა იმ მიზნით, რომ მოცემული კონტექსტისთვის შესაფერისი პროექტი შეექმნა. მისი ნამუშევრები ითვალისწინებს მდგრადი განვითარების მიზნებს და არასოდეს არღვევს გარემოს მთლიანობას. შენობებთან ერთად რომერო მნიშვნელოვან მოღვაწეობას ეწევა ურბანული დონის პროექტების განხორციელებითა და გენერალური გეგმების შედგენით. მისთვის იდეალური ქალაქის ცნება ნიშნავს ავტომობილებისგან თავისუფალ სივრცეს მდგრადი დიზაინის მიდგომით, სადაც მაცხოვრებლები ტკბებიან ყველანაირი კომფორტით უსაფრთხოების, ჯანდაცვისა და განათლების დამატებითი საშუალებების გათვალისწინებით.
ფერნანდო ასევე ჩართულია საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობების ფართო სპექტრში, რომელიც მოიცავს მექსიკის კულტურული ხელოვნებისა და არქიტექტურის რესტავრაციას, შენარჩუნებასა და მექსიკის რეგიონში ამ სფეროების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ის ხშირად მართავს გამოფენებს მნიშვნელოვანი პროექტების წარმოსაჩენად, ახალგაზრდებს არქიტექტურის დარგის გამოკვლევაში და ექსპერიმენტირებაში ხელს უწყობს.
ფერნანდო რომერო აქტიურად აგრძელებს თავის კარიერას და მას დიდი წვლილი შეაქვს არქიტექტურაში საკუთარი ფირმის მეშვეობით, რომელიც მეხიკოსა და ნიუ-იორკში მდებარე ოფისებს აერთიანებს.