თქვენი საყვარელი ინტერიერიც კი შეიძლება დროთა განმავლობაში მოგბეზრდეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რემონტი უნდა დაგეგმოთ. მოძველებული ინტერიერის განახლებაში დეკორატიული ინოვაციები დაგეხმარებათ.
ახალი პერსონაჟები
შეცვალეთ ობიექტი, რომელიც ოთახში დიდ ვიზუალურ სივრცეს იკავებს. თუ დრო და ენთუზიაზმი საშუალებას მოგცემთ, ხელახლა შეღებეთ კედლები. სულაც არ არის აუცილებელი ყველა მათგანის განახლება — მხოლოდ ერთი აქცენტის კედელიც საკმარისია. ასევე შეგიძლიათ შეარჩიოთ ლამაზი შირმები, რომლებსაც შეუძლია, ოთახის იერსახე სრულიად შეცვალოს.
თუ არ გსურთ კედლების შეღებვა ან ახალი შპალერით გაფორმება, ფოკუსირდით ტექსტილზე. ახალი პერსონაჟების როლს მოერგება ფარდები, თეთრეული, ხალიჩა.
ასევე კარგი არჩევანია ავეჯის ძველი გადასაკრავის გამოცვლა. შეგიძლიათ ექსპერიმენტები არა მხოლოდ ფერების, არამედ მასალების კუთხითაც ჩაატაროთ. თუ ავანტიურისთვის მზად ხართ, შეეცადეთ შექმნათ სტილისტური კონტრასტები — კლასიკური ფორმის რბილი ავეჯისთვის თანამედროვე გადასაკრავი შეარჩიეთ. მთავარი წესია, რომ ახალი ობიექტის ელფერი არსებულებთან კონფლიქტს არ უნდა ქმნიდეს.
მოულოდნელი დეტალები
თუ მასშტაბურ ობიექტებთან მუშაობა გაშინებთ, უფრო პატარებზე ორიენტირდით. მაგალითად, შეცვალეთ ერთი სკამი სასადილო ოთახში. ჩაანაცვლეთ საწოლის ერთ-ერთი ტუმბო ვინტაჟური ჩემოდნების “მაგიდით” ან ანტიკვარული ზარდახშით.
ავეჯის კომპოზიციის განსხვავებული კომპონენტებისგან შექმნა თანამედროვე ტენდენციაა, რომლის წყალობითაც ინტერიერი უფრო „ემოციური“ და ინდივიდუალური ხდება.
მათთვის, ვინც ასეთი ცვლილებებისთვისაც არ არის მზად, უფრო დელიკატური გამოსავალიც არსებობს — ავეჯის სახელურების შეცვლა. ექსპრესიულ მოდელებს შეუძლია ავეჯი მთლიანად გარდაქმნას.
შეგიძლიათ ავეჯს ახალი სიცოცხლე საღებავების დახმარებითაც შესძინოთ. თუ ყველაფრის შეღებვა არ გსურთ, შეგიძლიათ მხოლოდ სადგამები განაახლოთ. იმისათვის, რომ ამ მარტივმა მანიპულაციამ სიახლის ეფექტი შექმნას, კონტრასტული მდიდარი ელფერი შეარჩიეთ.
დეკორის გადახედვა
საჩუქრები, სუვენირები, ბავშვთა ხელნაკეთობები, საოჯახო ფოტოები — ასეთი ნივთების კოლექციები ზოგჯერ იმდენად იზრდება, რომ ისინი ერთმანეთთან ჰარმონიზაციას წყვეტს, ვიზუალურად აბინძურებს სივრცეს და უწესრიგობის განცდას იწვევს. ასეთ შემთხვევაში დროა, გარკვეულ ცვლილებებს მიმართოთ.
მაშინაც კი, თუ კონკრეტული ნივთი თქვენში ძვირფას მოგონებებს აღძრავს, აუცილებელი არ არის, რომ ის ყველასთვის თვალსაჩინო ადგილს იკავებდეს. ამიტომ, გადაახარისხეთ ნივთები და მათი გარკვეული ნაწილი შეინახეთ.
რაც შეეხება კედლის დეკორაციას, ხშირად არაფრის მოშორება არ არის საჭირო. პირიქით, მის გასაფორმებლად ნახატები, ფოტოები, სარკეები, თეფშები, მაკრამეები და სხვა დეკორაციული ნივთები გამოიყენოთ.
განათება
სანათებზე დაკვირვებით ყველაზე ადვილია იმის დადგენა, თუ რომელ წელს შეიქმნა სახლის ინტერიერი (იმ შემთხვევაში, თუ არჩევანი ტრენდული მოდელების სასარგებლოდ გაკეთდა).
დიდი შანსია, რომ მოდური სანათები ხუთ წელიწადში გადავიდეს მოდიდან, მაგრამ ისინი დაგეხმარებათ, ინტერიერს აქტუალობა მყისიერად შესძინოთ.