in

ელექტრობის წერტილები და დაქსელვა – რა ჯდება ეს მომსახურება საქართველოში

IPS
IPS

ელექტროენერგია ის სასიცოცხლოდ აუცილებელი საშუალებაა, რომლის გარეშეც თანამედროვე ადამიანის ცხოვრება სრულიად წარმოუდგენელია. მისი დახმარებით სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებაა შესაძლებელი, რაც თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობას ბევრად უფრო მარტივს, მოსახერხებელსა და კომფორტულს ხდის.

ელექტრო გაყვანილობა უმნიშვნელოვანესი ეტაპია სახლის დაპროექტებისა და ბინის კეთილმოწყობის დროს. აუცილებელია წინასწარ შედგენილი ელექტრობის სქემის არსებობაც, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი გართულებები რემონტისა თუ ინტერიერზე მუშაობის პროცესში. როდესაც ზუსტად იცით, სად რამდენი ელექტრობის წერტილი და დენის წყარო გჭირდებათ, მოსახერხებელია სახლის დაგეგმვა, განათებისა და ავეჯის გადანაწილება, დენის წერტილების დანაკლისის არიდება და არაერთი გაუთვალისწინებელი პრობლემისგან თავის დაღწევა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ელექტრობის დაქსელვა ის მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ნებისმიერი სახლის მფლობელს აინტერესებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ახლა აშენებს ან არემონტებს ბინას. ამიტომ დღეს ამ თემის თავისებურებებსა და ხარჯებზე მოგითხრობთ, რათა ამომწურავი ინფორმაცია მიიღოთ და ფინანსური მხარეც წინასწარ გაითვალისწინოთ.

რა საფეხურებისგან შედგენა სახლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა?

კომპანიაში განმარტავენ, რომ ელექტრო გაყვანილობის დაპროექტებისას, მნიშვნელოვანია წინასწარ მოხდეს ყველა ნაბიჯის ზუსტი გათვლა და დაანგარიშება, ამიტომ გასათვალისწინებელია რამდენიმე ეტაპი:

პირველი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი მასალების შერჩევით იწყება, რა დროსაც ყურადღება უნდა მიექცეს პროდუქციის ხარისხსა და დიზაინს. პირველ ეტაპი მოიცავს სადენების გაყვანას შესაბამისი მცველებიდან, ავტომატური ამომრთველებიდან – ჩამრთველების, დენცქვიტებისა და განათებისთვის. ასევე, გამანაწილებელი კოლოფების კედელში დამონტაჟებას, რაც საჭირო სადენების გადაბმის დასაფიქსირებლადაა საჭირო. ამასთანავე, აუცილებელია თითოეულ ჩამრთველსა და დენქვიტას ნებისმიერი მოწყობილობისათვის ინსტალაციის წერტილში სამონტაჟო კოლოფი (იგივე ბუდე) დაუმზადოთ. სამუშაო პროცესის ამ ეტაპზე,  მნიშვნელოვანია წინასწარ მოხდეს იმ დანადგარებისა და მათი რაოდენობის გათვალისწინება, რომელსაც ბინაში გამოიყენებთ, რადგან რემონტის დასრულების შემდგომ სადენების კედელში გაყვანა მის დაზიანებას და კედლის ზედაპირის გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს. აქედან გამომდინარე, უმჯობესია წინასწარ განისაზღვროს სადენები – ინტერნეტის, ტელევიზიის, კონდიციონერის, გაზქურის, სარეცხი მანქანის, ჭურჭლის სარეცხი მანქანის, გათბობის ქვაბისა და ნებისმიერი სხვა დანადგარისათვის.

მეორე საფეხურზე გადასასვლელად რეკომენდებულია, ხელოსანს ყველა სადენის სიმრთელე გადაამოწმებინოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი წესრიგშია და მასალის დაზიანების შემთხვევაში წინასწარ აღმოფხვრათ და შეცვალოთ იგი.

მეორე ეტაპი მოიცავს: კარადის დამონტაჟებას ავტომატური მცველებით, დამატებითი მასალის (ფურნიტურის) და სანათების უზრუნველყოფას. ავტომატურ კარადაში აუცილებლად ყენდება ცენტრალური, ორ პოლუსიანი 50 ამპერიანი (ელექტრული დენის საზომი ერთეული) ავტომატი და ერთ პოლუსიანი 16 ამპერიანი ავტომატი ცალკეული ოთახებისთვის. დამატებითი ავტომატური ამომრთველები სხვადასხვა მოწყობილობებისთვის მათი სიმძლავრიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს. მაგალითად, გათბობის ქვაბისთვის ერთ პოლუსიანი 16 ამპერიანი ავტომატური ამომრთველია საჭირო, სარეცხი მანქანისთვის კი, ერთ პოლუსიანი 25 ამპერიანი ავტომატური ამომრთველი.

დამატებით მასალაში (ფურნიტურაში) იგულისხმება დენცქვიტებისა და ჩამრთველების დაყენება (თუ ფერად პროდუქციას ანიჭებთ უპირატესობას, სტანდარტულ თეთრ ან კრემისფერთან შედარებით, მაშინ მოდელის ფასი იზრდება და ის 40%-ით უფრო ძვირი დაგიჯდებათ). ასევე, სველ წერტილებში გასათვალისწინებელია დენცქვიტები დამიწებით, IP54 დაცვით დამონტაჟდეს, რათა სინესტისა და წყლის წვეთების მიმართ მდგრადი და უსაფრთხო იყოს.

სანათების არჩევისას კი გასათვალისწინებელია განათების ტიპი და ფერი. მაგალითად, თბილი ნათება -3500 კელვინით მიიღება; 4000-4500 კელვინით ნეიტრალური ნათება, ხოლო +6000 კელვინი ცივ ნათებას გვაძლევს. თუ დასვენების, განტვირთვის, დამამშვიდებელი ეფექტის მომგვრელი გარემოს შექმნა გსურთ, უმჯობესია თბილი განათება გამოიყენოთ. კონცენტრირებული სივრცის შესაქმნელად კი ცივი.

ამ ეტაპზე გასათვალისწინებელია ინსტალაციის ხარჯები, რომელიც სახლების შემთხვევაში, წერტილებით ანგარიშდება და საშუალოდ 25 ლარს შეადგენს, რაშიც ავტომატური ამომრთველების დაყენება და კარადის აწყობაც შედის. თუ კედლები უკვე გალესილია და შემდეგ ხდება ხელოსნის ჩარევა, მაშინ საშუალო ფასი 30 ლარის ფარგლებში მერყეობს.

რა ხარჯები უნდა გაითვალისწინოთ ელექტრობის გაყვანილობის პროცესში?

ელექტრობის გაყვანილობის ფასი დამოკიდებულია ელექტრობის წერტილებზე, რომელსაც მოწყობილობების რაოდენობა და განათების გეგმარება განაპირობებს. შესაბამისად, საბოლოო ღირებულების დასადგენად, აქაც ყველაფრის წინასწარ განსაზღვრაა საჭირო. ამ მხრივ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ჩვენ ელექტრო პროდუქციის მაღაზია „ლამპარის“ წარმომადგენლებს მივმართეთ და დავადგინეთ, თუ რა ჯდება საშუალოდ საქართველოში ელექტრობის მონტაჟი.

პირველი საფეხურისათვის განკუთვნილი პროდუქციის ფასი ასე გამოიყურება:

ელექტრო სადენების ღირებულება – 3X2.5მმ-ის (განივკვეთის ფართობის) მქონე სადენი – 1 მეტრის ღირებულება საშუალოდ 3-4 ლარს შეადგენს; 2X2.5მმ – 1 მეტრის ღირებულება საშუალოდ 2 ლარია; 2X1,5მმ – 1 მეტრის ფასი საშუალოდ 1,35-2 ლარს შეადგენს;

გამანაწილებელი კოლოფი – ერთეულის ღირებულება საშუალოდ 1,20 ლარი;

სამონტაჟო კოლოფი (ბუდე) – ერთეულის ღირებულება 0,45 თეთრი;

საიზოლაციო ლენტი – ერთეულის ღირებულება 2 ლარი;

სადენის სამაგრები (სკოპები) – ერთეულის ღირებულება 5 ლარი;

მეორე საფეხურისთვის განკუთვნილი პროდუქციის ფასები:

ავტომატური ამომრთველები – ორ პოლუსიანი 50 ამპერიანი ერთეულის ფასი – 43 ლარი; ერთ პოლუსიანი 25 ამპერიანი ერთეულის ფასი 10 ლარი; ერთ პოლუსიანი 16 ამპერიანი ერთეულის ფასი 9,7 ლარი;

12 ავტომატიანი კარადა და მისთვის საჭირო აქსესუარები – საშუალო ფასი 45 ლარი;

დამხმარე მასალა (ფურნიტურა) –  ერთკლავიშიანი ჩამრთველი, ერთეულის ფასი 7 ლარი; ორკლავიშიანი ჩამრთველი, ერთეულის ფასი 10 ლარი; დენცქვიტები, ერთეულის ფასი საშუალოდ 12-18 ლარი;

სპეციალური ჩარჩოები – ერთეულის ფასი საშუალოდ 2-6 ლარი;

ინსტალაცია – ელექტრო წერტილების მიხედვით იანგარიშება და საშუალოდ, ერთი წერტილის მონტაჟი 25 ლარი ჯდება; ამას ემატება სანათების ღირებულებაც, რომელიც პროდუქტის დიზაინსა და ხარისხზეა დამოკიდებული.

რომ შევაჯამოთ, სახლის ელექტრო წერტილების გაყვანა და დაქსელვა რამდენიმე ეტაპისაგან შედგება, თუმცა სანამ სარემონტო სამუშაოებს დაიწყებთ, უმჯობესია, წინასწარ გქონდეთ შემუშავებული ელექტრობის გეგმა, რათა ზუსტად იცოდეთ, სად რამდენი წერტილი გჭირდებათ. იმის გათვალისწინებით, რომ წერტილების რაოდენობის მიხედვით იანგარიშება მონტაჟის ღირებულება და ინსტალაციისთვის აუცილებელი ყველა საჭირო მასალა, მომსახურების საბოლოო საფასური სწორედ ამ მაჩვენებლებზეა დამოკიდებული.

5 მოსაპირკეთებელი მასალა, რომელიც მუდამ მოდაშია

პატარა შვედური ბინა “Mid-century”-ს სტილში