in

ალბერტო კამპო ბაესა — არქიტექტორი საინტერესო მიდგომებითა და ცხოვრების წესით

ალბერტო კამპო ბაესა ესპანელი არქიტექტორია, რომელიც 1946 წელს ვალადოლიდში დაიბადა. არქიტექტორის შვილიშვილმა და ქირურგის შვილმა ანალიზის უნარი მამისგან მიიღო, ხოლო გადაწყვეტილება, გამხდარიყო არქიტექტორი — დედისგან. ის ძალიან ადრეულ ასაკში გადავიდა საცხოვრებლად კადისში და აღმოაჩინა სინათლისა და პეიზაჟის ურთიერთკავშირი, რამაც მის გონებაზე ღრმა ზეგავლენა იქონია. ეს აღმოჩენა მომდევნო წლებში არქიტექტორის ნამუშევრებზე აისახა.

1971 წელს მან მადრიდის ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა, ხოლო დოქტორის ხარისხი 1982 წელს მოიპოვა. მოგვიანებით, 1986 წელს, ალბერტომ ამავე უნივერსიტეტში პროფესორისა და თავმჯდომარის თანამდებობები დაიკავა. ეს არქიტექტორის პროფესორული კარიერის დასაწყისი აღმოჩნდა. მომდევნო წლებში ის სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში მოღვაწეობდა, მათ შორის E.T.H.-ში ციურიხში (1989-1990 წლები), დუბლინში მდებარე The Architecture Winter School-ში (1992 წ.), Domus International Courses-ში ნეაპოლში (1993 წ.), Virginia Tech-ში ბლექსბურგში, The Royal Academy-ში კოპენჰაგენში (1996 წ.), BAUHAUS-ში ვაიმარში, კანზასის სახელმწიფო და CUA-ს უნივერსიტეტებში ვაშინგტონში. გარდა ამისა, ალბერტო 2003 და 2011 წლებში კოლუმბიის უნივერსიტეტში მკვლევრად მუშაობდა და ასევე კითხულობდა ლექციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მუზეუმი MA, გრანადა

ბაესა პოეტური არქიტექტორია და ის ამ სფეროს არა ტექნიკისა და ფუნქციონალურობის გაერთიანებად, არამედ სივრცესთან და მის გარემოცვასთან ადამიანის სულიერ ურთიერთობად აღიქვამს. მისი დიზაინის ყველა ელემენტს შორის, სინათლე უმთავრესი ინსტრუმენტია და როგორც ჩანს, ის ამით ძალიან პატარა ასაკიდან არის შთაგონებული. ალბერტოს მიაჩნია, რომ გრავიტაცია ქმნის სივრცეს, ხოლო მასში სინათლე დროს წარმოშობს. ბაესას პირად კოლექციაში უფრო მეტი პოეზიის წიგნს შეხვდებით, ვიდრე — არქიტექტურულს. იგი არქიტექტურას განიხილავს, როგორც ჩაშენებულ იდეას, ამიტომ ვხედავთ, რომ მისი შენობები ყოველთვის ეფუძნება ძალიან ინოვაციურ მიდგომებს, მაგრამ ისინი ყოველთვის ფუნქციურ საფუძველზე მუშაობს.

Gaspar House, კადისი

ალბერტოს ნამუშევრებმა მრავალი ჯილდო დაიმსახურა. არქიტექტორი ცნობილია იმით, რომ თავისი საქმიანობის მიმართ უკომპრომისოა. მისი ნაშრომები წიგნებისა და სხვადასხვა ლიტერატურის სახით მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიცა.

ალბერტო კამპო ბაესა მადრიდში ბედნიერად ცხოვრობს წიგნების უზარმაზარ კოლექციასთან ერთად, ყოველგვარი ავტომობილის, ტელევიზორის, საათის ან მობილური ტელეფონის გარეშე.

Turegano House, მადრიდი
Rufo House, ტოლედო

De Blas House, მადრიდი

რა უნდა გავითვალისწინოთ საცხოვრებელი სივრცის გეგმარებისას? – სტუდია SAMI_ის რჩევები

5 აუცილებელი ნივთი კომფორტული ცხოვრებისთვის – Homeis.ge-ს რჩეული საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთეულები