in

მეგობრული დუეტის მიერ შექმნილი სახასიათო დიზაინი – ინტერვიუ სტუდია Due-ს დამფუძნებლებთან

ლიკა ლასარეიშვილი და ცოტნე ანდრიაძე ინტერიერის დიზაინის სფეროში საკუთარი სახელის დამკვიდრებას სტუდია Due-ს ნამუშევრებით ცდილობენ. მრავალმხრივმა გამოცდილებამ ორი ხელოვანის გზა ერთმანეთს დააკავშირა და შედეგად, არაერთი საინტერესო, საერთო პროექტი განხორციელდა. თითოეული მათგანი სახასიათო ხელწერით გამოირჩევა და ხაზს უსვამს დამკვეთისა და დიზაინერების ერთობლივ სტილსა და გემოვნებას. სხვადასხვა დეტალის ჰარმონიული ნაზავი და ზომიერების დაცვა, ყოველ ნამუშევარს პერსონალურ დიზაინად აქცევს და წარმატებულად რეალიზებულ ინტერიერს გვთავაზობს. დღეს Due-ს იდეის ავტორები განვლილი გზის, სამუშაო პროცესისა და ინტერიერის დიზაინის სფეროს სპეციფიკაზე გვესაუბრებიან, რათა საკუთარი გამოცდილება ამ პროფესიით დაინტერესებულ სხვა ადამიანებსაც გაუზიარონ.

გვიამბეთ, როგორ გარემოში იზრდებოდით და რამდენად განსაზღვრა მან თქვენი მომავალი საქმიანობა?

ლიკა ლასარეიშვილი გარემოს, სადაც ვიზრდებოდი პროფესიის არჩევაზე გავლენა არ ჰქონია. ჩემი ოჯახის არცერთ წევრს დიზაინთან პროფესიული შეხება არ აქვს. თუმცა ბებიაჩემს ძალიან უყვარდა მხატვრობა, ამიტომ ბავშვობაში ხშირად ვხატავდით ერთად, რამაც გარკვეულწილად იმოქმედა ჩემი შემოქმედებითი მხარის განვითარებასა და ხელოვნებისადმი სიყვარულზე. მახსოვს, პატარაობისას დიდი ინტერესით ვუყურებდი სხვადასხვა გადაცემებს ინტერიერის დიზაინზე და მონდომებით ვზრუნავდი, ნივთებისა და სათამაშოების გამოყენებით, ჩემი ბარბის თოჯინების ოთახების დიზაინზე. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბავშვობიდან ვქმნიდი ინტერიერის დიზაინს.

ცოტნე ანდრიაძე ჩემს შემთხვევაში ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. გავიზარდე ოჯახში, სადაც მშობლები მხატვრები/დიზაინერები არიან. შესაბამისად, ბავშვობიდანვე ისეთ გარემოში აღმოვჩნდი, რომელშიც დიდი დოზით იყო შემოქმედება. ყოველთვის თვალს ვადევნებდი, თუ როგორ ქმნიდნენ რაღაცას ჩემი ოჯახის წევრები, ეს ჩემზეც დადებითად მოქმედებდა, მეც ხატვით ვიყავი გატაცებული. ყველაზე დიდი გავლენა ჩემი უფროსი ძმის სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებამ იქონია. ხშირად მივდიოდი მასთან აკადემიაში და ეს გარემო იმდენად მიმზიდველი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ სხვა სფეროზე აღარც მიფიქრია.

როგორ განვითარდა თქვენი ინდივიდუალური კარიერული გზა, სანამ ერთობლივად დაიწყებდით მუშაობას?

ლიკა ლასარეიშვილი – სკოლის დასრულების შემდეგ, სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარე. თუმცა მალევე შევიცვალე მიმართულება და ინტერიერის დიზაინზე განვაგრძე სწავლა, რადგან საკუთარი თავი კონკრეტულად ამ სფეროში წარმომედგინა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ინტერიერის დიზაინი არ იყო ისეთი პოპულარული, როგორც დღესაა, ვხვდებოდი, რომ ეს პროფესია ბევრად ახლოს იყო ჩემთან, ვიდრე არქიტექტურა. ამგვარად, ბაკალავრიატი ინტერიერის დიზაინის განხრით დავამთავრე, შემდეგ კი მაგისტრატურის საფეხური მილანში, ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში (IED – Istituto Europeo Di Design) ამავე მიმართულებით განვაგრძე. სწორედ ამ პერიოდში ძალიან საინტერესო გამოცდილება მივიღე – შევქმენი დიზაინი ისეთი ცნობილი და წარმატებული ბრენდებისთვის, როგორიცაა “Kartell“ და ჩემი პროექტები თავად კომპანიის ხელმძღვანელობასთან წარვადგინე. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, გარკვეული პერიოდი მილანში, არქიტექტურულ კომპანიაში ვმუშაობდი. იტალიურმა გამოცდილებამ სულ სხვა კუთხით დამანახა ეს პროფესია და უდიდესი როლი ითამაშა ჩემი კარიერული გზის განვითარებაში.

ცოტნე ანდრიაძე – ლიკას მსგავსად, მეც სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, სამრეწველო დიზაინის მიმართულებით, რაც იმ პერიოდისთვის ძალიან მაინტერესებდა, რადგან ვქმნიდით ავტომობილების, ინტერიერის ნივთების, ავეჯისა და სხვადასხვა პროდუქტის დიზაინს. ამ ყოველივემ კი დიდი როლი ითამაშა კრეატიული აზროვნების, მიდგომებისა და ხედვის განვითარებაში. აკადემიაში სწავლის პარალელურად, ვმუშაობდი ავეჯის მწარმოებელ კომპანიაში ინტერიერის დიზაინერად და ძალიან დავახლოვდი ამ სპეციალობასთან. შემდეგ იყო არაერთი კომპანია თუ ინდივიდუალური პროექტი ინტერიერის დიზაინის მიმართულებით, რამაც უდიდესი პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება შემძინა.

“HIS APARTMENT”

მოგვიყევით Due-ს შექმნის შესახებ, საიდან გაჩნდა სტუდიის დაარსებისა და სახელწოდების იდეა?

ერთმანეთს ერთ-ერთ არქიტექტურულ კომპანიაში შევხვდით, სადაც ინტერიერის დიზაინერებად ვმუშაობდით. მალევე მივხვდით, რომ ჩვენი ხედვები ერთმანეთს ემთხვეოდა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, ბევრ საინტერესო პროექტს გავაკეთებდით. სწორედ ასე გაჩნდა Dueს შექმნის იდეა და 2018 წელს განხორციელდა კიდეც – ქართული სტუდია იტალიური სახელით. Due – ორს აღნიშნავს და ორი მეგობრის ერთობლივ საქმიანობაზე მიუთითებს. ამავდროულად, სახელის წარმომავლობა იტალიური გამოცდილებისა და თავად იტალიის, როგორც დიზაინის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის იდეას უკავშირდება.

ჩვენი პირველი ნაბიჯები, დიზაინ სტუდიის კონცეფციის ჩამოყალიბებით დაიწყო. შევქმენით გვერდი და ჩვენი ნამუშევრები შევკრიბეთ, რამაც ხალხის დიდი ინტერესი გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა პროექტებმა ყურადღება თავიდანვე მიიპყრო, საკმაოდ რთულია საზოგადოებაში გამორჩეული და საინტერესო დიზაინ სტუდიის სახელის დამკვიდრება. ამისთვის ძალიან ბევრს ვშრომობთ და დიდ ენერგიას ვხარჯავთ, რათა Due ასოცირდებოდეს ძალიან კრეატიულ და სანდო კომპანიასთან, რომელსაც შეუძლია პროექტები კონცეფციიდან რეალიზებამდე წარმატებით განახორციელოს.

როგორ ფიქრობთ, რა არის Due-ს განსაკუთრებულობის მთავარი ფაქტორი?

მთავარი მიგნება, რაც განსაკუთრებული ნამუშევრების შექმნაში გვეხმარება, სხვადასხვა ფერის, მასალის, ფორმისა თუ განათების საინტერესო სინთეზია, ისე, რომ თითოეული ელემენტის ბალანსი შევინარჩუნოთ.

ვფიქრობთ, ჩვენი ნამუშევრები ჩვენს ხელწერაზე თავად საუბრობენ. ბევრი ადამიანისგან გვსმენია, რომ ნახვისთანავე ცნობენ Dueს პროექტებს, რაც უდიდესი სტიმულის მომცემია. სწორედ ესაა ის პატარა დეტალი, რომლისთვისაც საკმაოდ ბევრს ვშრომობთ. 

საიდან იღებთ შთაგონებას და რა არის ის მთავარი დეტალი, რაც თქვენს პროფესიაში ყველაზე მეტად გხიბლავთ?

გვჯერა, რომ ყველა ინდივიდი უნიკალური საჭიროებებითა და გემოვნებით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, ჩვენი შემოქმედებითი იდეები თითოეული დამკვეთის ინდივიდუალიზმს პასუხობს. ყველაზე მეტად ახალი იდეების აღმოჩენის პროცესი გვხიბლავს. შთაგონებას დეტალებიდან ვიღებთ. ხშირად, სწორედ ეს მცირე დეტალები განსაზღვრავს მთელი სივრცის ტონალობასა და ესთეტიკას. სახლი მისი მფლობელის ცხოვრების სტილისა და გემოვნების გამოხატულებაა, ინტერიერის დიზაინს კი აქვს ძალა, თითოეული ადამიანის ყოველდღიურობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. სწორედ ესაა მთავარი ხიბლი, რის გამოც ეს სფერო ასე გვიტაცებს.

“WALLABY TIKI COCKTAIL BAR”

რომელ ნამუშევრებს გამოარჩევდით თქვენი შემოქმედებიდან? გვიამბეთ მიმდინარე პროექტებზეც… 

ყველა პროექტი გვიყვარს, თუმცა განსაკუთრებით ორ მათგანს – “Frosted” და “Navy Blue”-ს გამოვყოფდით. მნიშვნელოვანია, რომ დამკვეთი ბოლომდე ენდობოდეს დიზაინერს, დიზაინერი კი მის სურვილებს ითვალისწინებდეს. სწორედ ეს მიდგომა განაპირობებს ჯანსაღ ურთიერთობას და პროექტის იდეალურად შესრულებას. ამ ორი ობიექტის შემთხვევაში სწორედ ასე მოხდა – დამკვეთები სრულად მოგვენდნენ და ჩვენც მაქსიმალურად ვეცადეთ, მათი სურვილები, ხასიათი და ცხოვრების სტილი ინტერიერში გამოგვეხატა. ვფიქრობთ, ეს წარმატებით შევძელით და ორივე მხარე კმაყოფილია შედეგით.

“FROSTED”

ჩვენი აზრით, “Frosted“, მინიმალიზმისა და სიმყუდროვის კარგი მაგალითია. ინტერიერში ერთმანეთისგან რამდენიმე ტონით განსხვავებული ფერები, სივრცეს მონოქრომულ იერსახეს სძენს, რასაც განსაკუთრებული სიმშვიდის შეგრძნება შემოაქვს. სიცივის ასარიდებლად, ბინაში ხის სადა ფაქტურაც საინტერესოდ შემოვიტანეთ და მას უფრო თბილი და მყუდრო განწყობა მიენიჭა.

რაც შეეხება “Navy Blue“-ს, ის ზემოთ ნახსენები ნამუშევრისგან რადიკალურად განსხვავდება. დიზაინის კონცეფცია თანამედროვე და ტრადიციული ელემენტების ჰარმონიული სინთეზის შედეგად ავაგეთ. მასში თავმოყრილია ჩვენთვის საყვარელი და გამორჩეული ისეთი ბრენდები, როგორებიცაა – Gubi, Minotti, B&B italia, 101 Copenhagen, Moooi, Cattelan Italia, Gessi, Wall & Deco, Flos, Ex.t და ა.შ.

“NAVY BLUE”

პროექტი “Frosted”-ის რეალიზებაში სრულიად ჩვენი გუნდი იყო ჩართული, შესაბამისად, პროცესი მთლიანად ჩვენ მიერ იმართებოდა, რაც დამკვეთისთვის დამატებითი კომფორტი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ “Navy Blue”-ს შემთხვევაში Due-ს სარემონტო გუნდი არ მონაწილეობდა, აღნიშნული პროექტიც იგივე წარმატებით შესრულდა და მისი რეალიზება 100%-ით ვიზუალის შესაბამისად მოხერხდა.

ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ კერძო სახლებისა და ბინების ინტერიერზე და თითქმის ყველა მათგანი საავტორო ზედამხედველობით ხორციელდება. სამომავლოდ გვსურს გუნდის კიდევ უფრო გაზრდა, რადგან ამის გარეშე განვითარება წარმოუდგენელია. ასევე ვმუშაობთ უცხოეთში რამდენიმე საინტერესო პროექტზე და ამ მიმართულებითაც გვინდა მეტად განვავითაროთ ჩვენი სტუდიის საქმიანობა.

როგორი ტენდენცია შეინიშნება ინტერიერის დიზაინის სფეროში დღეს ჩვენს ქვეყანაში?

ინტერიერის დიზაინი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია გახდა, რაც გარკვეულწილად, სამშენებლო სფეროს განვითარებამაც გამოიწვია. დღესდღეობით დიზაინერული მომსახურების საჭიროება პროცენტულად გაიზარდა. უდიდესი კომფორტია, როდესაც რემონტის დაწყებამდე ყველაფერი წინასწარ გაქვს გათვლილი და მის მიმდინარეობას დიზაინერი ხელმძღვანელობს. ძალიან მოსახერხებელია ობიექტის დასრულებამდე იმის ცოდნა, თუ როგორი იქნება შენი საცხოვრებელი თუ კომერციული ფართი. ეს საშუალებას გაძლევს, სწორად აითვისო სივრცეები, გათვალო ბიუჯეტი, არ დაკარგო დრო მასალების შერჩევასა და ხელოსნებთან კომუნიკაციაზე… ამ ყველაფერზე დიზაინ სტუდია ზრუნავს. შედეგად კი დამკვეთი მინიმალური ძალისხმევით იღებს სასურველ შედეგს.

ბაზარზე მოთხოვნის გაზრდამ ბევრი ახალი კომპანიის ჩამოყალიბება განაპირობა. შესაბამისად, დღეს არაერთი საინტერესო, მრავალმხრივი პროექტი იქმნება ქართველი დიზაინერების მიერ, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ძალიან გვახარებს ეს ფაქტი, რომ ასეთი ჩქარი ტემპით ვითარდება ეს სფერო, კონკურენცია იზრდება, ჩნდება მეტი დაინტერესება და ინტერიერის დიზაინის მიმართულებაც იხვეწება. თუმცა, ამ ყველაფერს უარყოფითი მხარეც აქვს. სამწუხაროდ, ბევრს არასწორი წარმოდგენა ექმნება ჩვენს პროფესიაზე, ვინაიდან ზოგიერთი “დიზაინერი” მიიჩნევს, რომ მხოლოდ სარენდერო პროგრამის შესწავლით შეძლებენ პროფესიონალად ქცევას. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამთ, რომ ლამაზი რენდერების მიღმა, ძალიან ბევრი ტექნიკური დეტალის ცოდნაა საჭირო, რათა ყველაფერი სწორად გავთვალოთ, ჩვენი იდეები რეალობად ვაქციოთ და თავდაპირველი ჩანაფიქრი წარმატებით განვახორციელოთ.

“NAVY BLUE”

Due-ს პროექტების სანახავად გადადით ბმულზე

სახლი, რომელიც ბუნებასთან სიახლოვეს გაგრძნობინებთ – Trika Arquitetura-ს პროექტი

როგორ დავიზღვიოთ თავი ცუდი ხმის იზოლაციის მქონე ბინის შეძენისგან?