ბეკი შეას — ინტერიერის დიზაინერის და Becky Shea Design-ის დამფუძნებლის თქმით, ფერმის სახლი ცხოვრების სტილია. ის ხშირად განისაზღვრება, როგორც ელეგანტური, კომფორტული, მყუდრო და თბილი საცხოვრებელი, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული გახდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ შეგიძლიათ ის ნახვისთანავე ამოიცნოთ, დიზაინის ძირითადი ელემენტებისა და პრინციპების გაგება შეიძლება ნებისმიერ ადამიანს თავის სახლში ამ შესანიშნავი სტილის შემოტანაში დაეხმაროს.
როგორია ფერმის სახლის სტილი?
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ფორმების თვალსაზრისით, გარკვეული სხვაობები იყოს, ფერმის სახლის სტილი ზოგადად ორ განსხვავებულ დიზაინის ესთეტიკად იყოფა: ტრადიციული ფერმის სახლები და თანამედროვე ფერმის სახლები. ფერმის კლასიკური სახლი ხშირად ხასიათდება სოფლის სტილით, ვინტაჟური ავეჯით და ყველასთვის ნაცნობი ნიმუშების მქონე პლედებით ა. შ.
როგორია თანამედროვე ფერმის სტილი?
თანამედროვე ფერმის სტილს, როგორც სახელი გვკარნახობს, ესთეტიკაში უფრო თანამედროვე ელემენტები შემოაქვს. ტერმინი „თანამედროვე ფერმა“ პირველად მაშინ გაჩნდა, როდესაც ფერმის სტილმა მასებში პოპულარობა მოიპოვა. წლების განმავლობაში ეს სტილი გადაიზარდა განსხვავებულ ვარიაციებში, როგორიც არის ტრადიციული ფერმის სახლი, სანაპირო ფერმის სახლი, ფრანგული ფერმის სახლი, თანამედროვე ფერმის სახლი და ა. შ. თანამედროვე ფერმის სახლები, როგორც წესი, უფრო ადრეული ამერიკულია, რომელსაც ნაკლებად კომპლექსური მოპირკეთება და დეკორი ახასიათებს.
ფერმის სახლის სტილის ისტორია
როგორც სახელწოდება გვეუბნება, ამ სტილის სახლების ისტორია რეალური ფერმებიდან იწყება. ამ სპეციფიკური ესთეტიკის ინსპირაციად ბევრი XVI-XVII საუკუნეებში ევროპაში არსებულ ტრადიციულ ფერმის სახლებს მიიჩნევს.
საცხოვრებლების აშენებისას ხშირად გამოიყენებოდა ხელმისაწვდომი მასალები, როგორიც არის ხე და ქვა. სახლების აშენებისას ორიენტირს წარმოადგენდა როგორც კომფორტი, ასევე ფუნქციონალურობა. ხშირ შემთხვევაში, ეს ნიშნავდა, რომ სახლები არ იყო დიდი, რადგან მომხმარებლების უმეტესობა დროის უმეტეს ნაწილს გარეთ ატარებდა, თუმცა ისინი, ხანგრძლივი სამუშაო დღის შემდეგ, სტუმართმოყვარე გარემოს ქმნიდა. დღეს, როგორც ტრადიციული, ასევე თანამედროვე ფერმის სტილის სახლები ამ ორიგინალური ელემენტებიდან გამომდინარეობს.
ფერმის სახლის მახასიათებლებისა და ელემენტების განსაზღვრა
ინტერიერის დიზაინის ნებისმიერი ესთეტიკის მსგავსად, ფერმის სახლის სტილის შესაქმნელად ერთი გზა არ არსებობს. თუმცა, შეგვიძლია გამოვყოთ ელემენტების კომბინაცია, რომელსაც ამ სტილის სახლებში შეხვდებით:
- თვალსაჩინო ხის ძელები.
- ნეიტრალური ფერების პალიტრა.
- გამწვანება, როგორც აქცენტი.
- ვინტაჟური ან ანტიკური აქცენტების მქონე ნივთები.
- ხის ფიცრების საშუალებით შექმნილი გემის მსგავსი კედლები.
- დიდი, კომფორტული ავეჯი.
- ბეღლის კარები.
- აღდგენილი ხე.
- ღია თაროები.
- ხის ნამუშევრების სიჭარბე.
რა აქცევს საცხოვრებელს ფერმის სტილის სახლად?
რაც შეეხება სახლის დიზაინს, არის გარკვეული არქიტექტურული დეტალები, რომლებიც ხშირად გვხვდება ფერმის სტილის სახლებში. ხშირ შემთხვევაში, სახლის ფორმა ყველაზე მნიშვნელოვანია. როდესაც საქმე მასალებს ეხება, უმჯობეისია შევარჩიოთ ორგანული ელემენტები ან უკვე მიმოქცევაში მყოფი ნივთები.
რა სძენს დეკორს ფერმის სახლის სტილს?
თუ ახალი სახლის აშენებას ან არსებულის სრულიად შეცვლას არ გეგმავთ, არსებობს გზები, რომ დეკორის საშუალებით სივრცეს ფერმის ხიბლი შესძინოთ. როგორც წესი, მხოლოდ ერთი ნივთი ან დეტალი საკმარისი არ არის. ნეიტრალური ფერის საგნის გამოყენება სულაც არ ნიშნავს ინტერიერში ფერმის სტილის შემოტანას. ასეთი ნივთი შეიძლება იმავე წარმატებით შუასაუკუნეების ან მინიმალისტურ ესთეტიკას მოერგოს.
ფერმის სახლის თანამედროვე სტილის მისაღწევად კარგი არჩევანია ნეიტრალური ფერის შერწყმა შედარებით მარტივ ნივთებთან, რომლებიც სოფლის შეგრძნებას აღძრავს. მაგალითად, თანამედროვე ფერმის სახლის მისაღებ ოთახში შეიძლება მოათავსოთ დიდი, კომფორტული, თეთრი დივანი და ბუნებრივი ხისგან დამზადებული მარტივი ყავის მაგიდა. მეტი ეფექტისთვის შეგიძლიათ ჭერის გასაფორმებლად ხის ძელები გამოიყენოთ. ტრადიციული ფერმა ასევე შეიძლება შეიცავდეს მსგავს ნივთებს, მაგრამ ხშირად ნიმუშების, ფერისა და ვინტაჟური ნივთების უფრო თავისუფალი გამოყენებით.
როგორ მივაღწიოთ ფერმის სახლის სტილს?
მათთვის, ვინც საკუთარ სახლში ფერმის სტილის ინტეგრირებით არის დაინტერესებული, უამრავი საშუალება არსებობს. House of Jade-ის ინტერიერის დიზაინერი — კირსტენ კრასონი ამბობს, რომ დასაწყებად კარგი ნაბიჯი თქვენი ადგილმდებარეობის გათვალისწინებაა. მისი თქმით, თუ მთაში ხართ ინტერიერში ხისა და ქვის ელემენტები უნდა შემოიტანოთ, ხოლო ზღვის სანაპიროს შემთხვევაში, სახლში ლურჯი და მწვანე ფერების გამოყენება შესანიშნავი არჩევანია.
რამდენად კვლავ აქტუალურია ფერმის სახლის სტილი?
დღესდღეობით, ფერმის სახლის სტილი კვლავ დიდი პოპულარობით სარგებლობს; 2022 წელს ეს, ფაქტობრივად, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სტილი იყო. „თუ სახლში ფერმის სახლის კლასიკურ ელემენტები შემოგაქვთ, არ მოგიწევთ იმაზე შფოთვა, რომ ის რამდენიმე წელიწადში აქტუალობას დაკარგავს“ — ამბობს კირსტენი. „კლასიკური ელემენტები არის ის, რაც ნებისმიერ სახლს დროის გამოცდის ჩაბარებაში ეხმარება“.
ბეკი შეა კი ამბობს: „ცხოვრება იმდენად ქაოტური გახდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რომ, ვფიქრობ, ხალხი ეძებს რაღაც უფრო მარტივს, უფრო პრაქტიკულს და ფუნქციონალურს, და ეს ნამდვილად ის ესთეტიკაა, რომელიც, ჩემი აზრით, ამ მიზანს ემსახურება.” ვერავინ შეძლებს მომავლის პროგნოზირებას, მაგრამ ამ შინაგანი მოთხოვნილებების მალე მოდიდან გადასვლა ნაკლებად სავარაუდოა — მაშინაც კი, თუ ეს მოხდება, მთავარია ის, თუ რა გსიამოვნებთ თქვენ.