in

ინტერიერი კლასიკური დეტალებით ლისის ტბასთან ახლოს

ჩვენი რესპონდენტი პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, თუმცა ამჟამად მისი საქმიანობა მეტწილად ქალაქგეგმარებასა და ურბანულ განვითარებას უკავშირდება. საცხოვრებელი სივრცეების ინტერიერის დიზაინი და დაგეგმვა მას ყოველთვის აინტერესებდა და ხშირად მიუღია მონაწილეობა მეგობრების სახლებისა თუ აგარაკების მოწყობაში. შესაბამისად, საკუთარ სახლზე მუშაობა მისთვის ორმაგად საინტერესო და სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა.

ბინა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 200 კვადრატულ მეტრს, ეზო კი 40 კვადრატულ მეტრს მოიცავს. ადგილის არჩევისას მნიშვნელოვან ფაქტორს ეკოლოგიურად სუფთა, დაცული და უსაფრთხო გარემო წარმოადგენდა.

„ბავშვობა ძველ თბილისში, ქალაქის ისტორიულ უბანში გავატარე. შემდეგ კი საცხოვრებლად ჭავჭავაძის გამზირზე გადავედი. ორივე ადგილი გამოირჩეოდა ქალაქისათვის დამახასიათებელი ხმაურითა და ქაოსით. შესაბამისად, როდესაც მარტო ცხოვრება გადავწყვიტე, საცხოვრებლის შერჩევისას უპირატესობა მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს მივანიჭე, რომელიც ამავდროულად, ქალაქთან ახლოს იქნებოდა. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა უსაფრთხოება და დაცული ტერიტორია“, – აღნიშნავს სახლის მეპატრონე.

სახლი ახალ მობინადრეს თეთრი კარკასის მდგომარეობაში ჩაბარდა, ამიტომ სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა და მეთვალყურეობა თავად მოუწია. თითოეულ დეტალში ბოლომდე იყო ჩართული და პროცესის მიმდინარეობას ყოველდღიურად აკვირდებოდა. როგორც თავად გვიამბობს, მიუხედავად იმისა, რომ რემონტი სტრესულ, მრავალ პრობლემასთან დაკავშირებულ პროცესად აღიქმება, მას გაუმართლა და მის შემთხვევაში სულაც არ აღმოჩნდა ასე, რადგან კარგად ორგანიზებულ პროფესიონალთა ჯგუფთან ერთად მოუწია მუშაობა, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამარტივა და სასიამოვნოც კი გახადა ეს გამოცდილება.

სახლი დუპლექსის ტიპისაა, რის გამოც საძილე სივრცე საერთო ფართისგან გამოყოფილია. პირველადი გეგმარება მეტწილად მისაღები აღმოჩნდა, ამიტომ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა, გარდა მცირე კორექტირებისა, რაც არქიტექტორთან და დიზაინერთან შეთანხმებით განხორციელდა. კერძოდ, საგარდერობო სივრცე გაიზარდა და სამზარეულოს ზონა ორფრთიანი ლამაზი ხის კარით გამოეყო მისაღებ ოთახს, რამაც შესაძლებელი გახადა სამზარეულო იზოლირებულიყო, ამავდროულად კი, ერთიანობისა და ჰარმონიულობის განცდაც არ დარღვეულიყო.

სახლის ინტერიერზე, ბინის მფლობელთან ერთად, სტუდია Objects-ის დიზაინერებმა, ქეთი ასათიანმა და ნუკა კორინთელმა იმუშავეს. მათი რჩევებითა და დახმარებით დასახული მიზნის მიღწევა მოხერხდა და პროექტმა სასურველი სახე მიიღო.

კონცეფციის შექმნისას, მეპატრონის მთავარ სურვილს წარმოადგენდა, ინტერიერში გამოყენებული ფერები არ ყოფილიყო ზედმეტად მკვეთრი და საცხოვრებელი გამოსულიყო კომფორტული, საინტერესო და მყუდრო, რომელსაც დრო ვერაფერს დააკლებდა და მოდიდან არ გადავიდოდა. შედეგად, ხის პანელებმა და იატაკის ფრანგულმა წყობამ ინტერიერს კლასიკური შტრიხები შესძინა, რომელიც ბუნებრივად შეერწყა სახლის ავეჯსა და სხვა თანამედროვე ელემენტებს.

სახლი რძისფერ ტონებშია გადაწყვეტილი, რაც მის სიმყუდროვეს უზრუნველყოფს. განათების სწორ გადანაწილებასთან ერთად კი გარემო ბევრად უფრო ნათელი და პოზიტიური წარმოჩნდა. განსაკუთრებულ დეტალს მისაღებ სივრცეში განთავსებული მუქი ლურჯი დივანი წარმოადგენს, რომელსაც გარკვეული კონტრასტი შემოაქვს და ბინას აცოცხლებს. ამავე ნაწილში არსებული ბუხარი თბილ და ელეგანტურ განწყობას ქმნის. თეთრი, დახვეწილი კიბე კი ინტერიერს კლასიკურ იერს სძენს.

მდიდრული შტრიხები შეაქვს სასადილო სივრცესაც, რომელშიც ოქროსფერი, შავი, კრემისფერი აქცენტები ერთმანეთს იდეალურად ეხამება. უნდა აღინიშნოს მცენარეები, რომლებიც ბინაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. მწვანე ფერები სიხალისესა და სიჯანსაღეს სძენს გარემოს, ამავდროულად სახლს აფერადებს და მას უფრო მრავალფეროვან ვიზუალურ მხარეს ანიჭებს.

სამზარეულო ბინის ზოგად ხასიათს იმეორებს და დახვეწილი, სადა, ნეიტრალური ინტერიერით ხასიათდება და სიმშვიდის შეგრძნებას ბადებს ნებისმიერ მნახველში.

საძინებელი ზონები მყუდრო დ ნათელი შტრიხებით გამოირჩევა. მთავარ საძინებელში  განსაკუთრებულ ყურადღებას ორიგინალური სანათი და სარკე წარმოადგენს, რომელთა დიზაინი ერთმანეთს ჰარმონიულად ესადაგება. ინტერიერი არ არის გადატვირთული სხვადასხვა აქსესუარებითა თუ დიზაინ ობიექტებით, ამიტომ მაქსიმალურად შენარჩუნებულია ზომიერება და კლასიკური სახე. მსგავსი სისადავე გვხვდება შედარებით მომცრო ზომის საძინებელში, სადაც მინიმალისტური სტილი დაცულია და მიუხედავად ფართის სიმცირისა, ჰაეროვნება იგრძნობა.

 

„სახლში თითოეულ ნივთს თავისი ისტორია აქვს, მათი შერჩევის პროცესიდან გამომდინარე, რომელშიც უშუალოდ ვმონაწილეობდი  და რის გამოც განსაკუთრებული ემოციები მაკავშირებს, ისინი მნიშვნელოვანია ჩემთვის. გამოვარჩევდი დედის ნაჩუქარ ნახატებს, რომელიც განსაკუთრებით ძვირფასია და ვფიქრობ, ინტერიერსაც მოუხდა,“ – გვიამბობს ჩვენი რესპონდენტი

ასევე, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, სივრცეში გამორჩეულ ადგილს ნაძვის ხეც იკავებს, რომელსაც ოჯახის ტრადიციისამებრ, ყოველწლიურად 22 ნოემბერს აწყობენ.

სახლში, განსაკუთრებული დატვირთვა ეზოს ენიჭება. სახლის მეპატრონის თქმით, ეს ადგილი სეზონის მიუხედავად, სივრცის განუყოფელი ადგილია და მას როგორც გართობისთვის, ასევე განტვირთვისა და დასვენებისთვის იყენებენ.

ამ ეტაპზე აღნიშნული სახლი იყიდება ან ქირავდება. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია უძრავი ქონების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე.

დიზაინ სტუდია: Objects

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

კარი როგორც ინტერიერის მთავარი აქცენტი — რამდენიმე შთამაგონებელი მაგალითი

მაქსთერმის შოურუმში იტალიური ბრენდების Scarabeo Ceramiche-სა და Remer Rubinetterie-ს ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა