in

ანარეკლების ილუზიით შექმნილი სივრცე ლისზე – ნინო მშველიძის ინტერიერი

სახლი, რომელიც ლისის ტბასთან ახლოს მდებარეობს, ნინო მშველიძის საცხოვრებელია და დიზაინერის მორიგ ნამუშევარს წარმოადგენს. სივრცის ფართობი 130 კვადრატული მეტრია, ტერასა კი 25 კვადრატულ მეტრს მოიცავს. ბინაში განთავსებულია სამი საძინებელი ოთახი, ორი სველი წერტილი, სამზარეულო, სასადილო, მისაღები სივრცე, ასევე სამრეცხაო ოთახი და დამხმარე სათავსო.

დიზაინერის მთავარ გამოწვევას ყველა ზონის სწორი ფუნქციური  გადანაწილება წარმოადგენდა. ამავდროულად მნიშვნელოვანი იყო თითოეულ ოთახს ბუნებრივი განათება ჰქონოდა, საიდანაც თბილისის შესანიშნავი ხედი გამოჩნდებოდა.

დასახული მიზნის მიღწევაში პროექტის ავტორს, პირველ რიგში, სწორი გეგმარება დაეხმარა. კონცეფციის შემუშავებისას ნინო ეცადა, სივრცე მაქსიმალურად აეთვისებინა ისე, რომ არ გადაეტვირთა ის, ამიტომ შესაძლო ადგილებში ყრუ კედლები შუშის ტიხრებით ჩაანაცვლა. შედეგად, ბინაში განთავსდა გაერთიანებული სამზარეულო, სასადილო და მისაღები ოთახი, მთელს პერიმეტრზე კი დიდი შუშის ვიტრაჟები იქნა დამონტაჟებული, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ მეტად გაზარდა შიდა ფართი და ის უფრო ნათელი და მოცულობითი წარმოაჩინა.

ინტერიერის ვიზუალურად გასაზრდელად პროექტში დიდი რაოდენობითაა გამოყენებული სარკეები, რათა ანარეკლებით თამაშს პარალელური სივრცითი ილუზია შეექმნა.

კედლები ნატურალური ცარცის (გაჯის) ფერშია შეღებილი და სადა, დახვეწილ იერსახეს აძლევს საცხოვრებელ სივრცეს. სახლი მინიმალისტური, თანამედროვე დიზაინით ხასიათდება, სადაც წამყვან ხასიათს მასალასა და სარკეებზე აქცენტირება ქმნის. მისაღებ ოთახში არსებული დიდი ზომის ნაცრისფერი დივანი იატაკისა და სამზარეულოს ავეჯის ფერთა გამას ეხმიანება. ამ სივრცეში დაგებული დიდი ღია ჩალისფერი ხალიჩა კი კედლების ფერს იდეალურად ერწყმის.

სამზარეულოში უჟანგავი ფოლადის ავეჯია გამოყენებული. საინტერესოა, რომ აღნიშნული მასალა კედელზეც გადადის და მთელს სიგრძეზე ლენტურ სარკეს ებმის, რაც ერთგვარ მთლიანობას წარმოშობს. მოცემული სარკე წინა პანორამას ირეკლავს, ამრავლებს სარკეში მოხვედრილ ყველა ნივთს და ოპტიკური ილუზიის სივრცულ სიღრმეს წარმოშობს. ყოველივე ეს კი ინტერიერის ერთიან, მთლიან სურათს განაპირობებს. აქცენტირების სახით ამ ზონაში წითელი დეტალები – SMEG-ის მაცივარი და ჩაიდანია შემოტანილი, რაც უჟანგავი ფოლადის მასალის ფონზე ძალიან ეფექტურად გამოიყურება.

ამ ილუზიაში მყოფი, მთელს კედელზე დამონტაჟებული, მოძრავი კარით ტერასაზე გავდივართ, სადაც რბილი ავეჯის ზონა გვხვდება და თბილისის ხედებით ტკბობაა შესაძლებელი. აღნიშნული ავეჯის ელემენტი შიდა სივრცეში არსებული ოთახის სავარძლის იდენტურია ვიზუალურად და აქაც ერთგვარი სარკისებური სურათი იქმნება.

ინტერიერის ხასიათს სასადილოს უჟანგავი ფოლადის დიდი მართკუთხა მაგიდაც იმეორებს, რომელიც დომინანტურ ადგილს იკავებს გაერთიანებულ სივრცეში და ორ ძირითად ზონას – სამზარეულოსა და საერთო ოთახს გამოყოფს. მის გარშემო კი მუხის ჭილოფის ყავისფერი სავარძლებია განთავსებული, რაც ინტენსიურ ვერცხლისფერს ერთგვარად აბალანსებს.

ყურადღებას იქცევს იატაკის საფარიც. მასზე ახლო წყობით დიდი ბეტონის იმიტაციის კერამო-გრანიტის ფილებია დალაგებული, რაც საერთო ჯამში, ინდუსტრიული ბეტონის ერთიან სურათს ქმნის.

„ამ ფორმით, თითქოს, სრულყოფილებაში მოვიყვანე ეს სამი ზონა და გავაერთიანე ისინი. შედეგად მივიღე ცივი, „კოსმოსური ფუტურისტული ხომალდი“ და ამ ყველაფრის დათბობას, პირველ რიგში, განათებით შევეცადე“,- აღნიშნავს ნინო.

ინტერიერში გამოყენებულია HAY-ის თბილი ნათება, დიდი ზომის მრგვალი, მთვარისებრი, იაპონური სტილის ბრინჯის ქაღალდის სანათი, რომელიც ჭერიდან ჩამოდის და ფერს უცვლის ბეტონისა და უჟანგავი ფოლადის სიცივეს. აქვე გვხვდება FLOS-ს იატაკის თბილი ნათება, რომლის საშუალებითაც ნაცრისფერი უფრო თბილი გრადაციისკენ იცვლება.

კედლების ფერი საძინებელშიც გრძელდება და განსხვავებული, თბილი ტონებით უფრო მყუდრო გარემოს ქმნის. ოთახის ფართობის მაქსიმალურად ასათვისებლად და მის რაციონალურად გამოყენების მიზნით, საძინებელში შუშის კუბი მოთავსდა, რომელიც სააბაზანო ზონას წარმოადგენს. ყრუ კედლებზე არსებულმა სარკეებისა და შუშის სინთეზმა გააორმაგა სივრცის აღქმის ეფექტი.

არსებული მინის სველი წერტილი უჩვეულო ხიბლს სძენს ინტერიერს და მას უცხო, ინდივიდუალურ გარეგნობას ანიჭებს. სააბაზანო სივრცეში დომინანტური თეთრი ტონი ერთგვარ მსუბუქ კონტრასტს ქმნის საძინებლის დანარჩენ ნაწილთან. ერთ-ერთი სარკიანი კედლის უკან დამალული და იზოლირებული სველი წერტილია განთავსებული, რომელიც პრაქტიკულ დანიშნულებასთან ერთად, იერსახის გამდიდრებას და გალამაზებას ემსახურება.

საძინებლის იატაკის მასალად გამოყენებულია ნაცრისფერი რბილი ხალიჩა, რომელიც კაკლის ფერის მასიურ ლოგინთან სინთეზით, სიმყუდროვისა და სიმშვიდის განცდას ბადებს.

მეორე სააბაზანო ოთახიც ორ ნაწილად – საშხაპე და ჰიგიენურ ზონებად იყოფა. ამ შემთხვევაში კედლებზე ნაცრისფერი ფილებია გამოყენებული, მაგრამ დომინანტური თეთრი ფერი აქაც მეორდება.

საერთო ჯამში, ინტერიერი საკმაოდ საინტერესო, მიმზიდველ და ორიგინალურ სურათს ქმნის, სადაც დიზაინის მთავარ მიმართულებას ანარეკლებით თამაში და სივრცითი ილუზიის შექმნა წარმოადგენს. ბინა არ არის გადატვირთული სხვადასხვა აქსესუარებითა თუ დეტალებით. სივრცის ხასიათის წარმოსაჩენად აქცენტი მასალასა და ავეჯზეა გაკეთებული. შედეგად, სახლში ყველა დეტალი გემოვნებიანად ერწყმის ერთმანეთს და ისინი საკმაოდ კომფორტულ, ინდივიდუალურ და მაცხოვრებელთა საჭიროებებზე მორგებულ სივრცეს ქმნიან.

“ჩემი მიზანი იყო, მქონოდა სწორად დაგეგმარებული და ოპტიმალურად გამოყენებული სივრცე, რომელიც მაქსიმალურად კომფორტული იქნებოდა. თითქოს არაპრაქტიკული მასალებით, ფუნქციურად სწორი და მოსახერხებელი გარემო უნდა მიმეღო, ისე რომ არ დამეკარგა სილამაზე და განსხვავებულობა. ვფიქრობ, დასახულ მიზანს მივაღწიე,” – ნინო მშველიძე

პროექტის ავტორი: ნინო მშველიძე

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

გლენ მერკატი — არქიტექტორი ავსტრალიური სულით

როგორ მუშაობს მზის პანელები და რა ჯდება მათი მონტაჟი საქართველოში?