NS STUDIO არქიტექტურისა და დიზაინის სტუდიაა, რომელიც 2013 წელს ნინი ჭანტურიამ და ლუკა ჩაგანავამ დააარსეს. მათი მიზანია არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში ხარისხიანი, საინტერესო და განსხვავებული ნამუშევრების შექმნა. როგორც თავად აღნიშნავენ, მათთვის მნიშვნელოვანია აღნიშნულ სფეროში საკუთარი ხასიათის შექმნა, თითოეული ნამუშევრით სწორი კონტექსტის, შინაარსის, აუცილებელი ფუნქციონალურობისა და ინდივიდუალიზმის გამოხატვა. სტუდია დაკომპლექტებულია ყველა მომიჯნავე სპეციალობის მქონე პროფესიონალი კადრით, რომელთა ჩართულობითაც ქმნიან არქიტექტურულ და დიზაინის პროექტებს, მათი აზრით, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა სასურველი ჩანაფიქრის ფურცლიდან რეალობამდე განხორციელებისთვის.
მოგვიყევით როგორ მოხვდით არქიტექტურის სფეროში?
ნინი: ბავშვობიდან მიტაცებდა ხელოვნება. შესაბამისად, პატარა ასაკიდან დავდიოდი სხვადასხვა სახელოვნებო წრეებზე,ხატვაზე, ხაზვაზე, რამაც გარკვეულწილად განაპირობა შემდგომში არქიტექტურისა და დიზაინისადმი ინტერესიც.
ლუკა: ჩემ შემთხვევაში არქიტექტურის სიყვარული არ იყოს ოჯახიდან და გარემოცვიდან განპირობებული. უბრალოდ პატარა ასაკიდან გატაცებული ვიყავი მარტივი ფორმების თამაშით, ფიგურების და სხვადასხვა ტიპის მცირე მოცულობების შექმნით, რაც ნელ ნელა გადაიზარდა აღნიშნული პროფესიისადმი ღრმა ინტერესში.
როგორ დაახასიათებდით თქვენს დიზაინის პრინციპებსა და სტილს?
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა მასშტაბისა და ფუნქციის მქონე არქიტექტურულ და ინტერიერის პროექტებზე, ვფიქრობ, ყველა ჩვენს პროექტს აერთიანებს ერთი სტილისტიკა, რაც გამოხატულია ფორმების, მოცულობების სიმარტივეში, აქცენტირებული ფერებისა და ბუნებრივი, გარემოსთან მისადაგებული მასალების გამოყენებაში.
ვინერია
სახლი ართანაში
როგორ იწყებთ მუშაობას კონცეფციაზე?
ახალი პროექტის დაწყებისას, თავდაპირველად შევისწავლით გარემოს , ვისმენთ დამკვეთის სურვილებს, ვაყალიბებთ მოცემულობას და ვიწყებთ ჯერ ცალ-ცალკე ფიქრს კონცეფციაზე, მასალებსა და ყველა სხვა დეტალზე. შემდეგ, საერთო განვიხილვის ეტაპზე, უმეტესწილად ჩვენი აზრები ემთხვევა და ხშირად თავიდანვე იდენტური მიმართულება, ფორმა, განაწილება, მასალა შეგვირჩევია კონკრეტული პროექტისთვის. ვფიქრობ, ამ წლების განმავლობაში ვისწავლეთ ერთად მუშაობა, ჩამოვიყალიბეთ არქიტექტურული გემოვნებაც, ამა თუ იმ საკითხისადმი სწორი მიდგომა და გაანალიზების უნარი. მიუხედავად ყველაფერისა, ყველა პროექტზე მაინც ვკამათობთ, რაც ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, აუცილებელი პროცესია დადებითი შედეგის მისაღებად.
რას გვეტყვით თქვენს სტუდიაზე და მუშაობის ყოველდღიურ პროცესზე?
ნინი: ჩვენი სტუდია უკვე 7 წელია აქტიურად მუშაობს არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში. ვფიქრობთ საკმაოდ სწრაფი ტემპით გავიზარდეთ და დღეს უკვე 20 კაციანი გუნდით ვაგრძელებთ სხვადასხვა ტიპის საინტერესო პროექტებზე მუშაობას. ყველა სამუშაო დღე საკმაოდ დატვირთული და დროში გაწერილია. თითოეულ თანამშრომელს ამა თუ იმ პროექტზე საკუთარი სამუშაო გეგმა აქვს, რომელსაც უშუალოდ პროექტის ხელმძღვანელთან ერთად მიჰყვება. აღნიშნული გეგმის მიხედვით ხდება სამუშაო დროის სწორად განაწილება და პროექტის ვადების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება. თუმცა, ამ ერთი შეხევდით დატვირთული პროცესის განუყოფელი ნაწილია პროექტის კრეატიული მხარე, რაშიც მეტნაკლებად ყველა ერთვება, გამოხატავს საკუთარ აზრს და ერთიანი ძალებით ვქმნით თითოეულ პროექტს.
რესტორანი ადრე
რას ფიქრობთ თბილისის არსებულ ბაზარსა და მუშახელზე სამშენებლო/სარემონტო დარგში?
ვფიქრობთ, ბოლო რამდენიმე წელია, უფრო დაფასდა არქიტექტორისა და დიზაინერის პროფესია, მათი როლი როგორც ქალაქის, ასევე პირადი სივრცეების სწორ მოწყობასა და განვითარებაში. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო ამ კუთხით, როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე ჩვენი – არქიტექტორების მხრიდან. ჩვენი მოვალეობაა ყველა ასპექტის გათვალისწინებით სრულყოფილი პროექტების შექმნა, ნახაზების მაქსიმალური დეტალიზაციით. ამგვარი მიდგომით ვფიქრობთ ამაღლდება ზოგადად, როგორც არქიტექტურული, ასევე ინტერიერის დიზაინის პროექტების პროფესიონალურად დამუშავების ცოდნა და კულტურა, რაც თავისთავად შემდგომ უნდა აისახოს სამშენებლო და სარემონტო მუშახელის განვითარებაზე და შესრულებული სამუშაოების სიზუსტესა და ხარისხზე.
როგორ დაახასიათებდით თბილისის თანამედროვე ინტერიერების ტენდენციებს?
თბილისში დღეს ინტერიერის მიმართულებით დიდი მრავალფეროვნებაა იმ კუთხით, რომ არ არის რაიმე კონკრეტული სტილი, რომელიც მასიურად გამოიყენება საცხოვრებელ თუ საზოგადოებრივ სივრცეებში. ადამიანები ცდილობენ თავიანთი კომფორტის შექმნას ისეთი დეტალების გამოყენებით, რომლებიც ახლოსაა მათ შინაგან სამყაროსთან და დადებითად მოქმედებს თითოეული მათგანის ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაზე. ამიტომ ჩვენთვისაც უფრო საინტერესოა ერთმანეთისგან განსხვავებული სტილის პროექტებზე მუშაობა, რაც კიდევ უფრო მეტი დაფიქრების, გააზრების და განვითარების საშუალებას იძლევა სამუშაო პროცესში.
მზიურის საფეხმავლო და ველო ხიდი
რა არის პროექტი, რომელზეც დიდი სიამოვნებით იმუშავებდით?
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პორტფოლიოში ისეთი პროექტებია, როგორიცა: საფეხმავლო ხიდი, სტადიონები, მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებები, საკონცერდო თარბაზი, თეატრი, სხვადსხვა ტიპის საოფისე თუ ბიზნეს ცენტრები, სასტუმროები და სხვა. ვფიქრობ განსხვავებული შინაარსის, კონცეფციისა და ლოკაციის მქონე პროექტზე საინტერესო იქნება მუშაობა, სადაც შესაძლებლობა მოგვეცემა ჩვენი იდეები და მიდგომები სწორი კონტექსტით, ახლებური ხედვითა და ტექნიკური სრულყოფილებით წარმოვაჩინოთ.
რა რჩევას მისცემდით ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთი სივრცის მოწყობას?
ნინი : მნიშვნელოვანია სივრცის მოწყობამდე გააზრებული გვქონდეს რა გვსიამოვნებს, რა განწყობის შექმნა გვინდა და ისტორიის გადმოცემა გვსურს კონკრეტული სივრცით. ამ კითხვებზე პასუხები გარკვეულწილად იძლევა სამუშაოების სწორი მიმართულებით დაგეგმვის საშუალებას. მნიშვენლოვანია გათვალისწინებული და გააზრებული იყოს სივრცის ტექნიკურად და ფუნქციურად სწორად დაგეგმარება, სწორი კავშირების შექმნა, რაზეც აგებული იქნება შემდგომ ინტერიერის ყველა ელემენტი.
ცხინვალის თეატრი
კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი
იუსტიციის სახლი ქ. ხონში
ფოტოების ავტორი: Nick Paniashvili
დიზაინერების ფოტოს ავტორი: დავით ჭალიძე
3D ვიზუალიზაციის ავტორი: Paralel