in

ბინა ბერძნული სტილის აბაზანით საირმის გორაზე – მელი ბაღდავაძისა და ლევან ლეფსვერიძის ინტერიერი

საცხოვრებელი ბინა, რომელზეც დღეს მოგითხრობთ, საირმის გორაზე მდებარეობს და ის ახალგაზრდა წყვილს – მელი ბაღდავაძესა და ლევან ლეფსვერიძეს ეკუთვნის. სახლის საერთო ფართობი 130 კვადრატული მეტრია და მის დიზაინსა და კეთილმოწყობაზე თავად მეპატრონეებმა იზრუნეს. ლევან ლეფსვერიძე და მელი ბაღდავაძე კრეატიულ ინდუსტრიაში მოღვაწეობენ. ლევანი სარეკლამო სააგენტო “Leavingstone”-ის  დამფუძნებელია, მელი კი აღმასრულებელი პროდიუსერი.

ინტერიერის დიზაინთან პირდაპირი შეხება არასდროს ჰქონიათ, მაგრამ მათი საქმიანობის ნაწილია ვიდეო გადაღებებისას კადრის ვიზუალური აწყობა და სეტ დიზაინებზე დამდგმელ მხატვრებთან ერთად მუშაობა. თავდაპირველად წყვილმა ინტერიერის დიზაინის სფეროში გამოუცდელობის გამო, სახლის მოწყობის პროცესში დიზაინერის ჩართვა გადაწყვიტა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც საკუთარი გემოვნების მიხედვით შექმნეს სივრცე, ტექნიკური სამუშაოები კი გიორგი ფოლადაშვილს („ფოლადაშვილის რემონტი“) მიანდეს, შედეგად კი სასურველი გარემო მიიღეს, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობენ.

ერთად თანაცხოვრების 4 წლიანი გამოცდილების შემდეგ, მელიმ და ლევანმა ზუსტად იცოდნენ, თუ რა სურდათ მათ პირველ საერთო ბინაში. მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა მდებარეობა. სახლი თბილისის ცენტრში, სამუშაო ოფისთან ახლოს უნდა ყოფილიყო, რადგან ყოველდღიურად მანქანით გადაადგილდების ნაცვლად, სამსახურამდე მისვლა ფეხით ყოფილიყო შესაძლებელი.

„გვქონდა რამდენიმე აუცილებელი წინაპირობა. თუ ცხოვრების ამ ეტაპზე კორპუსში უნდა გვეცხოვრა, ეს პუნქტები მაინც უნდა შეგვესრულებინა: ბინა უნდა ყოფილიყო ახალ კორპუსში, ბოლო სართულზე, დიდი ვერანდით, მაღალი ჭერითა და ვიტრაჟით, რათა უხვად შემოსულიყო მზის სხივები. ყველა დეტალი იყო ძალიან კონკრეტული, მაგრამ ვიცოდით, ასეთი საცხოვრებლის პოვნა გაგვიჭირდებოდა. ბოლოს, როდესაც ეს ბინა ვნახეთ, მივხვდით, რომ ის „გვეძახდა“. ჩვენ ვოცნებობდით ბუდეზე, სადაც რაც არ უნდა მოხდეს, კარს გამოვიხურავთ და გარეთ დავტოვებთ ყველაფერს. აქ, წესით, ეს უნდა გამოგვსვლოდა“, – გვიამბობენ ჩვენი რესპონდენტები.

ახალმა მობინადრეებმა ბინა შავი კარკასის მდგომარეობაში შეიძინეს. სივრცე არასტანდარტული გეგმარებით ხასიათდებოდა, ამიტომ ბევრი იზოლირებული ოთახის დაპროექტება ვერ მოხერხდა. წყვილის უმთავრესი მიზანი იყო, სახლი მოერგოთ საკუთარ სურვილებზე და არა პირიქით.

ლევანსა და მელის სურდათ, საცხოვრებელს რამდენიმე ისეთი განსხვავებული შტრიხი ჰქონოდა, რომ სტუმრები მაშინვე მიმხვდარიყვნენ, თუ როგორი ადამიანები ცხოვრობენ აქ.

„გვიყვარს უსაზღვრო კომფორტი, რაც შეიძლება ცოტა “გამოლაგებული” ნივთი, კულინარია, საღამოს ფილმების ყურება, ცხელ აბაზანაში წოლა, ფონად მუდამ მუსიკა, მზე და გაშლილი სივრცეები – სახლიც ამის მიხედვით მოვაწყვეთ. ყველაფერი სპეციალურად შევუკვეთეთ და ჩვენზე მოვარგეთ. მასში ფაქტობრივად ვერაფერს ნახავთ ისეთს, რის ზომაზე და ფორმაზე სიღრმისეულად არ გვაქვს ნაფიქრი.“

მელიმ და მისმა მეუღლემ საკმაოდ ბევრი იფიქრეს გეგმარებაზე და სწორედ ამ პროცესში გაჩნდა იდეა, რომ სააბაზანო დიდ ფანჯარასთან განეთავსებინათ. როგორც წყვილი გვიამბობს, ყველაზე დიდი სირთულე ტექნიკურად სწორედ ამ ოთახის მოწყობა აღმოჩნდა. თუმცა, საბოლოოდ, შეიქმნა უმშვენიერესი სააბაზანო ბერძნულ სტილში, რომელიც სივრცეს სრულიად უნიკალურ ელფერს სძენს. თეთრი ინტერიერი, განათების სწორი გადანაწილება და მთელს კედელზე არსებული შავი ფანჯრები მას უჩვეულო, მაგრამ ამავდროულად მყუდრო და კომფორტულ ზონად წარმოაჩენს.

ბინის ინტერიერი სადა, დახვეწილი და მინიმალისტური სტილით გამოირჩევა, რომელშიც კლასიკური ელემენტები სჭარბობს. ამ ყოველივეს კი კედლების თეთრ ფერში გადაწყვეტა, აქცენტირებული შავი ტონის გამოყენება (ავეჯზე, კარ-ფანჯარასა თუ რადიატორებზე) და ხის ფაქტურა განაპირობებს. ღია ფერის ხის იატაკი და ავეჯი თბილ და მყუდრო ატმოსფეროს ქმნის და შედარებით ცივ შავ-თეთრ იერს აბალანსებს. ინტერიერის სისადავე და ზომიერება მის ერთიანობას უზრუნველყოფს და სივრცეს ელეგანტურ და მომხიბვლელ სახეს სძენს.

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო სამზარეულოსაც, სადაც მაცხოვრებლები დღის დიდ ნაწილს ატარებენ. მათი სურვილის მიხედვით, ეს ზონა შავ ფერში გადაწყდა, რადგან მისი არ გამოყენების შემთხვევაში, ის მაქსიმალურად დაფარული ყოფილიყო. წარმოქმნილმა კონტრასტმა კი ინტერიერი გაამრავალფეროვნა და მასში კლასიკური ელემენტები შეიტანა.

იმის გამო, რომ ახალგაზრდა წყვილს საინტერესო ადამიანების ხშირი მოპატიჟება უყვარს, საჭირო გახდა დიდი მაგიდის განთავსება, რომელიც განსაკუთრებულ, ცენტრალურ ადგილს იკავებს სახლში და ქალაქის საოცარ ხედებს გადაჰყურებს. ხის მაგიდა საინტერესო დიზაინითაც გამოირჩევა და ერთგვარ ზონირებას ქმნის სამზარეულო და მისაღებ სივრცეებს შორის. აქვეა განთავსებული დიდი ფუმფულა ტახტიც, რომელსაც კინოსეანსების კომფორტულად საყურებლად ღრმა და მოსახერხებელი დასაჯდომი აქვს.

თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით, საცხოვრებელი არ საჭიროებდა დიდი ზომის საძინებელს, თუმცა აუცილებელი მოთხოვნა იყო “უზარმაზარი და საოცრად კომფორტული” ლოგინის განთავსება. თეთრ ოთახში, სადაც ხის ავეჯი დომინანტურ როლს თამაშობს, ხაკისფერი საწოლის არსებობა სივრცეს უფრო აფერადებს და მეტ ხალისი შემოაქვს. ასევე პოზიტიურ განწყობას ქმნის კედლის პოსტერები და ფერადი სანათები.

სულ ცოტა ხნის წინ მელის და ლევანს პირველი შვილი შეეძინათ. როგორც ყველა მშობლისთვის, ჩვენი რესპონდენტებისთვისაც უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა ზღაპრული გარემოს შექმნა მათი პატარასთვის პირველივე დღეებიდან. საბავშვო სივრცეში ერთდროულად მშვიდი და ამავდროულად მხიარული ფერთა გამა გვხვდება. ხის მასალა ამ ზონაში დომინანტ როლს ასრულებს, რაც იდეალური გადაწყვეტილებაა როგორც ეკოლოგიურობის მხრივ, ასევე ინტერიერის დასაბალანსებლად და მასში სითბოს შემოსატანად.

მობინადრეებისთვის მნიშვნელოვანი იყო სივრცეში საკმარისი რაოდენობის სათავსოს არსებობაც, რათა ყველა ნივთს თავისი შესანახი ადგილი ჰქონოდა და ზედმეტად არ გადატვირთულიყო ბინა. როგორც თავად გვიამბობენ, სახლში არ აქვთ არცერთი ძველი ნივთი, გარდა ტანსაცმლისა და წიგნებისა. ჯერ-ჯერობით წყვილი სამი თვეა, რაც ამ ბინაში ცხოვრობს, ამიტომ ინტერიერი დამუშავების პროცესშია და ჯერჯერობით საბოლოო სახე არ მიუღია. მიუხედავად ამისა, მელი და ლევანი თვლიან, რომ სახლი საკმაოდ კომფორტული და მყუდრო თავშესაფარია მათთვის. ეს არის ნათელი, სადა და გემოვნებიანი ინტერიერი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს თავს სასიამოვნოდ და კომფორტულად აგრძნობინებს.

ეს ბინა იდეალური “ბუდე” გამოდგა. ბევრი ვისწავლეთ და ბევრ რამეს მივხვდით, თუმცა არ ვფიქრობთ, რომ ეს ის სახლია, სადაც მთელი ცხოვრება ვიცხოვრებთ. ამიტომ სულ განვიხილავთ, რას გავაკეთებთ მომავალ საცხოვრებელ სივრცეში სხვანაირად და როგორ მოვიწყობთ უკეთეს კომფორტს,” – მელი და ლევანი

სარემონტო სამუშაოები: ფოლადაშვილის რემონტი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

Akete Card – საქართველოში პირველი პლასტიკური ფასდაკლების ბარათი გამოჩნდა

10 ადგილი თბილისში, სადაც საშხაპეს ინდივიდუალური შეკვეთით დაგიმზადებენ