in

საინტერესო ძიების პროცესის შემდეგ ნაპოვნი საყვარელი პროფესია – ანუკი მახვილაძის ამერიკული გამოცდილება

ანუკი მახვილაძე, ახალგაზრდა ინტერიერის დიზაინერია, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს და საინტერესო დიზაინ პროექტების, ახალი გამოცდილებებისა და ცოდნის დაგროვების პროცესს აქტიურად განაგრძობს. სანამ საყვარელ საქმეს იპოვიდა, რომელიც ნამდვილ ბედნიერებასა და სიამოვნებას ანიჭებს, მანამდე მრავალფეროვანი გზა განვლო, დღეს კი ჩვენს მკითხველს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. როგორ აფასებს ახალგაზრდა დიზაინერი ამ პროფესიის სპეციფიკას ამერიკასა და საქართველოში, რა ძირითადი განმასხვავებელი ტენდენციები შეინიშნება ინტერიერის დიზაინის სფეროში, როგორ მოხვდა ამერიკაში და როგორია მისი ამჟამინდელი პროფესიული ცხოვრება – ანუკი ამ ყველაფერს თავად გვიამბობს…

მოგვიყევით, როგორი იყო თქვენი ბავშვობა?

ძალიან გამიმართლა, რომ ბავშვობიდან მომეცა შესაძლებლობა, ბევრი მემოგზაურა. ყველაზე მკაფიოდ იტალიაში მოგზაურობა მახსენდება. 11 წლის ვიყავი პირველად ფლორენციაში რომ აღმოვჩნდი და მას მერე ოცნებად მექცა, ისევ დავბრუნებულიყავი ამ ადგილას, თანაც ხანგრძლივად. ტრევის შადრევანში მონეტის ჩაგდებისას სწორედ ეს სურვილი ჩავიფიქრე. არ ვიცი ამის ბრალია თუ ბედისწერის, მაგრამ 9 წლის შემდეგ ფლორენციაში აღმოვჩნდი…

გვიამბეთ სად მიიღეთ განათლება და როდის დაინტერესდით ინტერიერის დიზაინით?

სანამ საბოლოოდ გადავწყვეტდი რა პროფესიას შევარჩევდი (ისეთს, რომელიც ჩემი შესაძლებლობებისა და ინტერესების საუკეთესოდ რეალიზების შესაძლებლობას მომცემდა), ძიებაში 3 წელი „დავკარგე“. საქართველოში 1 წელი ვსწავლობდი სამხატვრო აკადემიაში, მოდის დიზაინის ფაკულტეტზე. მე-2 კურსიდან ინგლისში გავემგზავრე და მანჩესტერში ხელოვნებისა და დიზაინის საფუძვლების შესწავლა დავიწყე. მომდევნო წელს ბერლინში გადავედი საცხოვრებლად და მედია და კომუნიკაციის დიზაინზე განვაგრძე სწავლა. სწორედ ამ პერიოდში დავინტერესდი ინტერიერის დიზაინით, ამის გარკვევაში კი ის სახლი დამეხმარა, რომელშიც მეორე წელს გადავედი საცხოვრებლად. ეს იყო ჩემი ოცნების სახლი, სადაც ყველა დეტალი უნდა გამეთვალისწინებინა, შემეძინა და ერთიანობაში მომეყვანა. მინდოდა შემექმნა სივრცე, რომელშიც სიმშვიდე და დინამიკა თანაცხოვრებას შეძლებდნენ. სახლის მოწყობის პროცესში მივხვდი, რომ ეს ბევრად მაინტერესებდა, ვიდრე ის, რასაც ვსწავლობდი.

მეორე კურსი არ დამისრულებია, რადგან პორტფოლიოზე მუშაობა და იტალიაში შესაბამისი უნივერსიტეტის მოძიება დავიწყე. პორტფოლიო ნახატებითა და ჩემ მიერ მოწყობილი სახლის ფოტოებისგან შედგებოდა. სამ უნივერსიტეტში ჩავირიცხე, მათ შორის IED (Istituto Europeo di Design) Milano-შიც, სადაც მოხვედრა ბევრად რთული აღმოჩნდა, თუმცა არჩევანი ფლორენციაზე შევაჩერე და ინტერიერის დიზაინის მიმართულებით განათლების მისაღებად სამი წლის მანძილზე Florence Institute Of Design International-ში ვსწავლობდი.

A personal project in Connecticut

ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობთ და მუშაობთ, მოგვიყევით როგორ მოხვდით აშშ-ში?

ამერიკაში ცხოვრებაზე არასდროს მიოცნებია. აზია და ევროპა უფრო დიდი კულტურის მატარებლად მიმაჩნდა ყოველთვის და იქ მოგზაურობა და ცხოვრებაც ბევრად მიზიდავდა. სწავლის დასრულების შემდეგ იტალიაში მინდოდა დარჩენა, თუმცა ამ პერიოდს პანდემია დაემთხვა, ქვეყანაში მძიმე ვითარება შეიქმნა და საქართველოში მომიწია დაბრუნება. პანდემიის დროს იტალიაში დისტანციური სამსახურის პოვნა შეუძლებელი იყო, თითქმის ყველაფერი დაიკეტა. ამან განსაკუთრებით იმოქმედა ჩემზე, ძალიან განვიცადე, მაგრამ დროის დაკარგვაც არ მინდოდა, ამიტომ ერთ-ერთ არქიტექტურულ სტუდიაში დავიწყე მუშაობა. მალევე მივხვდი, რომ აქ დროს ვკარგავდი და გარემოს შეცვლა მჭირდებოდა. როდესაც ჩემს მეგობრებთან ერთად, იქ არსებულ სამუშაო პირობებს განვიხილავდი, საქართველოდან წასვლის აზრი უფრო მეტად მიმტკიცდებოდა. იმ დროს ჩემი საუკეთესო მეგობარი ამერიკაში სწავლობდა, სწორედ მან მიბიძგა აქ სამუშაოს მოძებნისკენ. რამდენიმე ვებგვერდი მირჩია, სადაც უფრო მარტივი იქნებოდა ვიზის გარეშე სამსახურის პოვნა. სამუშაოს ვეძებდი LinkedIn-ზეც, მაგრამ არავის სურდა ვიზის დასპონსორება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამერიკაში არანაირი გამოცდილება არ მქონდა. თვენახევრიანი ძიების შემდეგ, საბოლოოდ, პატარა სტუდიაში ვიპოვე ადგილი. ონლაინ გასაუბრება ოთხშაბათს მქონდა, კვირას კი უკვე ნიუ-იორკში ვიყავი. როდესაც ამერიკაში ჩამოდიხარ, იმდენად მოტივირებული ხარ, დაღლაც აღარ გახსოვს და ორშაბათიდან პირდაპირ მუშაობას შევუდექი.

როგორ დაახასიათებდით ამერიკაში ცხოვრებას და მოღვაწეობას? 

ამერიკაში ცხოვრების ტემპი არის ძალიან სწრაფი. რაც უფრო დიდ დროს ვატარებ აქ, ვხვდები, რომ სხვაგან არსად ვიცხოვრებდი. მომწონს აქაური დინამიკა, უამრავი შესაძლებლობის არსებობა. რაც მეტად კონცენტრირდები გამოცდილების დაგროვებაზე, გეგმავ შენს მომავალს, უფრო მალე და მარტივად ხდება ყველაფერი. აქ ყველა ადამიანი მოტივირებულია კარიერაზე და შემოსავლის გაზრდაზე. მართალია, მუდმივ კონკურენციაში გიწევს ცხოვრება, მაგრამ ეს დიდ სტიმულსაც გაძლევს და შესაბამისად, შენც ბევრად უფრო მეტს აღწევ. წელიწადნახევარიც არ არის, რაც აქ ვცხოვრობ და უკვე სამი სამსახური შევიცვალე, ახლახან კი ჩემი ოცნების სტუდიოს – Bryan O’sullivansh-ის ოფისში დავიწყე მუშაობა.

მუშაობის პროცესი ნიუ-იორკში ბევრად განსხვავებულია. ძალიან გამიმართლა, რომ ისეთ კომპანიებში ვმუშაობდი, სადაც მთელი დღე არ მიწევს კომპიუტერის ეკრანთან ჯდომა. ჩემი პროფესია მუდმივ ინსპირაციას, ენერგიას მოითხოვს, რაც ჩაკეტილ სივრცეში, ფაქტობრივად, მიუღწევადია. ამიტომ შთაგონების მისაღებად ხშირად დავდივარ სხვადასხვა შოურუმებსა და საინტერესო სივრცეებში. მაქვს საყვარელი და ამოჩემებული ადგილებიც. ერთ-ერთი D&D (Design Building)-ია, რომელშიც უამრავი შოურუმია თავმოყრილი. აქ შეგიძლია დაათვალიერო ბაზარზე არსებული წამყვანი ქსოვილები, მასალები, ავეჯი… ბევრად მიადვილდება სამუშაო პროცესი, როდესაც ამა თუ იმ ნიმუშს რეალურ ცხოვრებაში ვხედავ, რადგან ეკრანზე ეს ყველაფერი სხვანაირად ჩანს. ხშირად დავდივარ Hudson-სა და Connecticut-ის ანტიკვარული ავეჯის ბაზრობაზეც.

ინტერიერის დიზაინის სფეროს სპეციფიკა საქართველოსა და ამერიკაში, რა ძირითადი განსხვავებები არსებობს ამ მხრივ?

ინტერიერის დიზაინის მუშაობის სპეციფიკა საქართველოსა და ამერიკაში საგრძნობლად განსხვავდება. პირველ რიგში, ამერიკაში თავად ინტერიერის დიზაინერის მნიშვნელობა განსხვავებულად ესმით, საქართველოში კი არქიტექტორული დიზაინერი და ინტერიერის დიზაინერი ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ამავდროულად, ჩვენს ქვეყანაში არ ხდება ამ სფეროში შემავალი სამუშაოების დანაწილება და ყველაფრის ცოდნასა და გაკეთებას გთხოვენ, ასევე ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც სამუშაო საათების მიღმა და ოფიციალური დასვენების დღეებშიც მიწევდა მუშაობა. ამერიკაში კი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვას დიდ ყურადღებას აქცევენ. აქ არავინ მოგთხოვს სამუშაო საათების შემდეგ ოფისში დარჩენას. მუდმივად ცდილობენ შენი მოტივაციის შენარჩუნებას, რაც ჩვენს სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია, ალბათ ერთ-ერთი უმთავრესიც კი. მეგობრულ გარემოს, ადამიანურ დამოკიდებულებებს, თანაგრძნობასა და მხარდაჭერას აქ მუდმივად ვგრძნობ და ვხედავ.

რა გხიბლავთ თქვენს პროფესიაში ყველაზე მეტად?

ამ სფეროში ყველაზე მეტად ძიების პროცესი მიყვარს. როგორც უკვე აღვნიშნე, ხშირად დავდივარ სხვადასხვა ქალაქებში, სადაც უნიკალურ ნიმუშებსა და ობიექტებს ვაკვირდები. მაგალითად, ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც ვიმუშავე იმით გამოირჩეოდა, რომ თითქმის ყველა ნიმუში, ეს იქნებოდა ავეჯი თუ სანათი, ვინტაჟური იყო. მართალია, ბევრად მეტი დრო მიაქვს ძიების პროცესს, მაგრამ საბოლოო ჯამში, პროექტი ბევრად უფრო განსაკუთრებული გამოდის. ალბათ ჩემი ნამუშევრების მთავარი მიზანიც ის არის, რომ თითოეული მათგანის დიზაინი იყოს უნიკალური და არცერთი პროექტი არ ჰგავდეს ერთმანეთს.

გვიამბეთ თქვენს ნამუშევრებსა და მომავლის გეგმებზე…

საინტერესო პროექტი განვახორციელე German Town-ში. ეს იყო სახლის რედიზაინი. ამ დროს ჩემს პირველ სამსახურში ვმუშაობდი (FIG NYC), რომელიც მოიცავდა ძალიან პატარა სტუდიას და 3 კაციან გუნდს. გვქონდა 6 მიმდინარე პროექტი, რაზეც სამივე ერთად ვმუშაობდით. უდიდესი გამოცდილება მივიღე ნინასთან (სტუდიის მფლობელი და მთავარი დიზაინერი) თანამშრომლობით, რადგან იმდენად პატარა გუნდი ვიყავით, პროექტის ყველა ნაწილში ვიღებდი მონაწილეობას.

FIG NYC’s project in German Town

ნახაზებსა და 3D დიზაინს მე ვაკეთებდი, მქონდა ურთიერთობა კონსტრუქტორებთან და კლიენტებთან. German Town-ის სახლის პროექტი იყო სრულიად განსხვავებული ყველაფრისგან, რაზეც აქამდე მიმუშავია. ყველაზე მეტად ის მხიბლავდა, რომ კლიენტებიც უზომოდ იყვნენ ჩართულნი დიზაინის პროცესში. თითქმის ყოველ კვირა ვხვდებოდით, სახლში მიგვქონდა უამრავი ნიმუში და ადგილზე ვიღებდით გადაწყვეტილებას დამკვეთებთან ერთად. ფოტოსესიამდე რამდენიმე დღით ადრე მივხვდით, რომ კედლები ლურჯის მაგივრად, მწვანე გვინდოდა ყოფილიყო და თავად შევღებეთ მთელი ოთახი. ჩემთვის ეს პროექტი ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, არაერთი გამორჩეული დეტალით, მათ შორის Hudson-ის ვინტაჟურ მაღაზიებში გატარებული დროით, სადაც ავეჯისა და აქსესუარების უმეტესი ნაწილი შევიძინეთ.

ბოლო ნახევარი წელი Kinlin Rutherfurd Architects-ის ფირმაში ვმუშაობდი. ამ დროის განმავლობაში გავაკეთე  სახლის დიზაინი Upper East Side-ზე და პარალელურად  2 საცხოვრებელი კომპლექსის განახლებაზე ვიმუშავე. მივხვდი, რომ არქიტექტურულზე მეტად, დიზაინ სტუდია მხიბლავდა. ბევრი შემოთავაზების შემდეგ, არჩევანი ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს ადგილზე შევაჩერე. ცოტა ხანია, რაც Bryan O’Sullivan-ის სტუდიაში გადმოვედი, აქ რამდენიმე პროექტზე ვმუშაობთ, რომლებიც ნიუ-იორკში, ჰავაისა და მაიამიშია წარმოდგენილი. ჩემი საბოლოო მიზანია საკუთარი დიზაინ სტუდიის შექმნა. უკვე მყავდა სამსახურის მიღმაც ორი დამკვეთი. იმისათვის, რომ ნიუ-იორკში დავფუძნდე როგორც დამოუკიდებელი დიზაინერი, უამრავი კონტაქტია საჭირო, ამიტომ ამ ეტაპზე ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავიცნო და გამოცდილება დავაგროვო. ძალიან მინდა მომავალში უფრო მეტ კომერციულ პროექტებზე ვიმუშაო.

რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებიც ამ პროფესიის შესწავლით არიან დაინტერესებულნი?

ახალგაზრდებს, ვინც დაინტერესებულია ამ პროფესიით ვურჩევდი, რომ მოიპოვონ დაფინანსება და ყველანაირად შეეცადონ განათლება საზღვარგარეთ მიიღონ. ეს მათ შემდგომში უცხოეთში სამუშაოს პოვნას გაუადვილებს. მგონია, რომ საქართველოში ამ პროფესიით მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებ წარმატების მიღწევას, თუ საკუთარი სტუდია და დიდი სანაცნობო წრე გყავს, რაც გამოუცდელი ადამიანისთვის შეუძლებელია. ვფიქრობ, თუ ეს პროფესია გიყვარს, ყველა სირთულის გადალახვაც ღირს. მე ინტერიერის დიზაინი იმიტომ ავირჩიე, რომ დიდ სიამოვნებას ვიღებ ამ საქმით, მიხარია სამსახურში წასვლა და ბედნიერი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ. წარმატებულად დასრულებული პროექტი და ბედნიერი დამკვეთი მოტივაციას მაძლევს, რომ კიდევ უფრო საინტერესო შედეგს მივაღწიო შემდეგ პროექტში. ზოგადად, ყველა პროფესიის არჩევისას, მგონია, რომ ბევრი ადამიანის მიზანია მატერიალური კეთილდღეობა, თუმცა როდესაც ამ მიზანს აღწევენ, მაინც არ არიან საკუთარი შედეგებითა და მიღწევებით კმაყოფილი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქმე გაბედნიერებდეს. აგრეთვე, ახალგაზრდებს ვურჩევდი, გაითვალისწინონ მხოლოდ იმ ადამიანთა რჩევები, რომლებიც ცხოვრებაში იმ ეტაპზე არიან, სადაც მათ სურთ, რომ იყვნენ მომავალში.

FIG NYC’s project in German Town

მისაღები ოთახი სკანდინავიურ სტილში — იდეები შთაგონებისთვის

როგორ განვაახლოთ მოძველებული ინტერიერი რემონტის გარეშე